Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამაზ ნადარეიშვილის სახელისუფლებო ბლოკში გაერთიანებას აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრების უკმაყოფილება მოჰყვა


თამაზ ნადარეიშვილის და მისი პარტიის - "აფხაზეთის გათავისუფლების პარტიის" სახელისუფლებო ბლოკში შესვლამ უკმაყოფილო არამარტო აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრები,

"აფხაზეთის გათავისუფლების პარტიის" ზოგიერთი წარმომადგენელიც დატოვა. არგუმენტები, რომლებიც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანების ასახსნელად მოჰყავს, აფხაზეთიდან დევნილებს არ აკმაყოფილებთ. დევნილები უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევანს სახელისუფლებო ბლოკის სასარგებლოდ არ გააკეთებენ.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებისკენ იხრება, აფხაზეთში გაეროს წესდების მეშვიდე თავის ამოქმედებას ითხოვს, მანამდე კი - რუსეთის კონფლიქტის მონაწილე მხარედ აღიარებას და აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში მისი საშუამავლო ფუნქციის შეზღუდვას. ხელისუფლება კი აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მომხრეა. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე დიდი ხანია აკრიტიკებს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნას, ხელისუფლება კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიურ სამშვიდობო ძალებად მონათლული რუსეთის სამშვიდობო ძალის ალტერნატივას ვერ ხედავს.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი აპროტესტებდა აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს იურისდიციის აღდგენამდე დევნილთა დაბრუნების დაწყებას, ხელისუფლებას კი ამ პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. აფხაზეთის უზენაესი საბჭო მუდმივად ითხოვდა აფხაზეთის საკითხებზე მოლაპარაკებებში აქტიურ ჩართვას და ამ მოთხოვნაზე ხელისუფლებმა მაინცდამაინც არ რეაგირებდა. ერთის სიტყვით, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მეთაურისა და ცენტრალური ხელისუფლების ხელმძღვანელების ხედვები სერიოზოულად განსხვავდებოდა და განსხვავდება, მაგარამ ამას ხელისუფლებისთვის ბრძოლაში მათი გაერთიანებისთვის ხელი არ შეუშლია.
ნადარეიშვილი მაინც იქ მივიდა, სადაც ბევრს თუ არა, იმას მაინც შეპირდნენ, რომ ხელისუფლება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებზე რეაგირებისთვის მიმართვს. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მეთარის და მისი პარტიის სახელისუფლებო ბლოკში გაერთიანებამ დევნილები, მათ შორის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატები უკმაყოფილოები დატოვა.

[ეთერ ასტემიროვას ხმა] "ბატონი თამაზი იმდენად მყარად ლაპარაკობდა, რომ არ გაერთიანდებოდა სახელისუფლებო ბლოკში, ვფიქრობ, მას სერიოზული შანტაჟი მოუწყევს. დევნილები არიან აღშფოთებულები, მე ვიცი მათი პოზიცია, მათთან ერთად ვცხოვრობ. ისინი ამბობენ, რომ სახელისუფლებო ბლოკი ვერ მიიღებს დევნილების ხმებს. "

ეს შეხედულება ჩვენთან საუბრისას აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ეთერ ასტემიროვამ გამოხატა. მის გარდა ნადარეიშვილის ნაბიჯი უზენაესი საბჭოს სხვა წევრებმაც - თემურ ლორთქიფანიძემ, რაისა ქარაიამ, თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბერიამ გააპროტესტეს. უკმაყოფილება თავად სახელისუფლებო ბლოკის ახალი სუბიექტის "აფხაზეთის გათავისუფლების პარტიის" რამდენიმე წევრმაც გამოხატა, იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის მეთაურს გადაწყვეტილება მათთან არ შეუთანხმებია. დევნილებს შორის ფიქრობენ, რომ ნადარეიშვილის სახელისუფლებო ბლოკში გადანაცვლება დევნილთა მთელი ხმების ამ ბლოკისკენ წარმართვას არ მოასწავებს, უზენესი საბჭოს ხელმძღვანელბი კი მაინც ირწმუნებიან, რომ 2 ნოემბრის არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკი დევნილთა იმავე რაოდენობის ხმებს მიიღებს, რაც 1999 წელს მოქალაქეთა კავშირმა მიიღო, - 100000-ზე მეტ ხმას.
XS
SM
MD
LG