Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კონკრეტული შედეგები მოჰყვება უფლებადამცავ ორგანიზაციათა საქმიანობას?


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "უხილავი ფარდის" წინა გამოშვებაში ვისაუბრეთ

ადამიანის უფლებათა დამცველი ორი ყველაზე ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის - "ამნესტი ინტერნეშნლისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" საქმიანობაზე; კერძოდ იმაზე, როგორ მოიპოვებენ ისინი ინფორმაციას, რა პრინციპებითა და მეთოდებით ხელმძღვანელობენ ფაქტების გადამოწმებისას, რა სირთულეებს აწყდებიან იმ ქვეყანაში საქმიანობისას, რომლის ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ. დღეს კი, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ჯერემი ბრანსტენის მიერ მოპოვებული მასალის გამოყენებით, გიამბობთ იმაზე, თუ რა კონკრეტული შედეგები მოაქვს უფლებამცავი ორგანიზაციების მოღვაწეობას, ეხმარება თუ არა მათი საქმიანობა იმ ადამიანებს, რომელთა უფლებები ილახება.

"ამნესტი ინტერნეშნლისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" დიდ ავტორიტეტზე დღეს აღარავინ დავობს. საკმარისია გავიხსენოთ, რომ 1977 წელს "ამნესტის" ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა, ხოლო როგორც ერთი, ისე მეორე ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშებს, მასალების მომზადებისას, ხშირად ვიმოწმებთ ჩვენ - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები. ეს ფაქტია. მაგრამ კითხვა, რომელსაც დღეს გვინდა ვუპასუხოთ, ასე ჟღერს: რამდენად ეფექტიანია უფლებადამცავთა საქმიანობა საიმისოდ, რათა ავტორიტარულ რეჟიმებზე დადებითი ზემოქმედება მოახდინოს? მოჰყვება თუ არა რაიმე შედეგი "ამნესტისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" გამოსარჩლებას უფლებაშელახული პირისა თუ პირთა ჯგუფისთვის?

მატილდა ბოგნერი, "ჰიუმან რაიტს უოჩის" ტაშკენტის ბიუროს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ საკუთარი მოღვაწეობის შედეგის შეფასება იოლი არ არის.

[მატილდა ბოგნერის ხმა] "ძალიან ძნელია იმის თქმა, რა შედეგები მოჰყვება ჩვენს საქმიანობას. სამწუხაროდ, მთლიანობაში, ვერ ვიტყვი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უზბეკეთში მდგომარეობა უმჯობესდებოდეს. მაგრამ ჩვენ რომ აქ არ ვიყოთ, ვითარება, შესაძლოა, კიდევ უარესი ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, უდავოა, რომ გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ. თუმცა, ეს შედეგები განსხვავებული ხასიათის არის. ზოგჯერ ხალხს, უბრალოდ, უხარია, რომ ჩვენთან მოსვლა და გულის გადაშლა შეუძლია, თანაც იცის, რომ ჩვენ მათი ბედი გვაღელვებს და მათი საქმით დაკავებული ვართ. ხოლო ზოგჯერ ვახერხებთ, კონკრეტულ საქმეში სრულიად კონკრეტული წარმატება მოვიპოვოთ."

ამის მაგალითად მატილდა ბოგნერს ერგაშ ბობოჯანოვის საქმე მოჰყავს - უზბეკეთის ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფის წევრისა, რომელიც მთავრობის მისამართით ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. მიმდინარე წლის თებერვალში, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე, ბობოჯანოვი ციხიდან გაათავისუფლეს, რაშიც, მატილდა ბოგნერის ღრმა რწმენით, "ჰიუმან რაიტს უოჩსაც" მიუძღვის წვლილი.

უზბეკეთიდან დასავლეთით, რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებულ ბელორუსიაში, ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის პირობებში უხდებათ მოღვაწეობა. უცხოეთის უფლებადამცავი ორგანიზაციები ლუკაშენკომ ჯაშუშობასა და ბელორუსიის მიმართ მტრულ პროპაგანდაში დაადანაშაულა. მაგრამ როგორც ბელორუსიის "ჰელსინკის კომიტეტის" თანამშრომელი ალეს ჰულაკი ამბობს, "ამნესტი ინტერნეშნლისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" საქმიანობა მისთვის და მისი კოლეგებისთვის უზარმაზარი სტიმულია.

[ალეს ჰულაკის ხმა] "ჩვენთვის, ქვეყნის შიგნით მომუშავე უფლებადამცავი ჯგუფებისთვის, ამ ორგანიზაციების არსებობა საჭიროა, რადგან ჩვენი საქმიანობის გარედან მხარდაჭერას გამოხატავს. ეს ჩვენი უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიასაც ქმნის და იმის გარანტიაც არის, რომ საქმიანობის გაგრძელებას შევძლებთ. ეს არის კოლექტიური თავდაცვის სისტემა, რომელიც გარკვეული ხარისხით ეფექტიანია."

ისევე, როგორც უზბეკეთში, ბელორუსიაშიც ძნელია, ზუსტად გაზომო უფლებადამცავთა მოღვაწეობის სარგებლობის ხარისხი, მაგრამ ერთ რამეში ალეს ჰულაკს ეჭვი არ ეპარება:

[ალეს ჰულაკის ხმა] "შეიძლება ითქვას, რომ მათს გარეშე ვითარება გაცილებით უარესი იქნებოდა. ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტიანია მათი საქმიანობა, რამდენად უშუალოა ამ ორგანიზაციების მოღვაწეობას გავლენა, მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ: მათი მუშაობა რომ არა, საქმე გაცილებით უარესად გვექნებოდა."

რადიო "თავისუფლება" ესაუბრა "ამნესტი ინტერნეშნლის" ცენტრალური ევროპის განყოფილების თანამშრომელს ივან ფიშერსაც, რომლის თქმით, წარმატების მისაღწევად ხშირად საჭიროა დიდი ენერგიისა და დროის დახარჯვა და არცთუ იშვიათად ეს წარმატება რამდენიმე უფლებადამცავი ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ფიშერი ამბობს, რომ მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა დასახული ამოცანის ამოხსნისას, როგორც წესი, ნაყოფს გამოიღებს. ნათქვამის საილუსტრაციოდ ფიშერი იხსენებს რუმინეთში გაჩაღებულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა, ბოლო მოეღო ამ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებისთვის.

[ივან ფიშერის ხმა] "რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი დანაშაულად აცხადებდა ერთი სქესის პირთა თანაცხოვრებას. ამას მოჰყვა არაერთი ისეთი პირის დაპატიმრება, რომლებსაც "ამნესტი ინტერნეშნლი" სინდისის პატიმრებად მიიჩნევდა. კოდექსიდან ამ მუხლის ამოღებისკენ მიმართული კამპანიის წარმატებით დასაგვირგვინებლად "ამნესტის" რვა წელიწადზე მეტი დასჭირდა."

2001 წელს რუმინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, ხსენებული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოეღოთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ადამიანის უფლებათა დამცველი ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც ამ ცვლილებისთვის იბრძოდა და, ამასთანავე, ცვლილებამ რუმინეთის კანონმდებლობა საერთოევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა.

თუმცა, ცხადია, რომ უსამართლობის მსოფლიო ზღვაში ეს მხოლოდ წვეთია. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები სიზიფეს ლოდს მიაგორებენ. მაგრამ როგორც თავად უფლებადამცავები ამტკიცებენ, ცალკეული, თუნდაც უმნიშვნელო წარმატებები, მათ ლოდის სათრევად ძალას ჰმატებს. და ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ლოდი მთის მწვერვალზე გაჩერდეს და ძირს აღარ ჩამოგორდეს...
XS
SM
MD
LG