Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტთა ძიების საქმეში ელ რიადი ვაშინგტონს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება


ორშაბათს საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ რიადში განხორციელებულმა ტერორისტულმა ოპერაციამ, რომელსაც 34 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ერთხელ კიდევ დაადასტურა,

რომ ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ გლობალურ ომში გამარჯვებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. შეგახსენებთ, რომ დანაღმული ავტომანქანებით, უცხოელთა სამ საცხოვრებელ შენობაზე თვითმკვლელთა ერთდროული თავდასხმის შედეგად, საუდის არაბეთის შვიდი მოქალაქის გარდა, დაიღუპა, სულ ცოტა, ამდენივე ამერიკელი, აგრეთვე, შვეიცარიელები, ფილიპინელები, იორდანიელები, ლიბანელები, ავსტრალიელი და ბრიტანელი. დაღუპულთა შორის ცხრა თავდამსხმელიც არის.

ტერაქტები სულ ახალი მომხდარი იყო, როცა ვაშინგტონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ოპერაციაში აშკარად იგრძნობა "ალ-ყაიდის" ტერორისტული ქსელისა და მისი სულისჩამდგმელის, ოსამა ბინ ლადენის ხელწერა.

თუმცა, როგორც მისურის შტატში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერჯერობით ძნელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ტერორისტული ოპერაციის უკან მართლაც "ალ-ყაიდა" დგას. ჯორჯ ბუშის თქმით, მკვლელების ერთადერთი სარწმუნოება სიძულვილია. "შეერთებული შტატები აუცილებლად იპოვის მკვლელებს და უჩვენებს მათ, რას ნიშნავს ამერიკული მართლმსაჯულებაო", დასძინა ბუშმა.

[ჯორჯ ბუშის ხმა]

ტერაქტები მკაცრად დაგმო საუდის არაბეთის მმართველმა სამეფო ოჯახმაც. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ტახტის მემკვიდრემ, უფლისწულმა აბდულა ბინ აბდულ აზიზმა, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო მმართველია, აფეთქებების ორგანიზატორებსა და მომწყობებს უწოდა "ბოროტმოქმედები, რომელთათვისაც უცხოა ყოველგვარი მაჰმადიანური და ადამიანური ფასეულობანი". სამეფო ტახტის მემკვიდრის თქმით, აფეთქებების მომწყობნი ისე სასტიკად დაისჯებიან, რომ ვეღარასოდეს შეძლებენ ფეხზე წამოდგომას.

ვაშინგტონსა და ელ რიადს, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. მაგრამ ბოლო ხანს შეერთებული შტატები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ არასაკმარისად ეფექტიანი მოქმედებისთვის. მეტიც, სამეფო ოჯახის წევრებს ვაშინგტონი დროდადრო რადიკალური მაჰმადიანური დაჯგუფებების ფინანსურ მხარდაჭერაშიც სდებდა ბრალს. ბოლო ხანებამდე ელ რიადი კატეგორიულად უარყოფდა ამ ბრალდებებს და ამტკიცებდა, რომ "ალ-ყაიდის" მსგავსი ორგანიზაციები საუდის არაბეთში არათუ არ მოქმედებენ, არამედ ვერც ვერასოდეს იმოქმედებენ.

მაგრამ გასულ კვირაში ამ ქვეყნის უშიშროების სამსახურმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როცა გამოაქვეყნა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 19 პირის სია და ფოტოსურათები. ეს 19 კაცი, რომელთაგან, სულ ცოტა, სამი "ალ-ყაიდის" წევრია, ეჭვმიტანილია ელ რიადში აღმოჩენილი იარაღისა და ტყვია-წამლის მოზრდილი საწყობის შექმნასა და ფლობაში. როგორც საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნაიფ ბინ აბდულ აზიზმა ივარაუდა, ტერაქტები ხელისუფლების მიერ ამ საწყობის აღმოჩენას უფრო უკავშირდება, ვიდრე ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ვიზიტს (როცა პაუელი ელ რიადში ჩავიდა, აფეთქებები ახალი მომხდარი იყო).

სამშაბათს ამერიკელმა მინისტრმა ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ტერაქტები მოხდა, რის შემდეგაც ოპერაციას ასეთი კომენტარი გაუკეთა:

[კოლინ პაუელის ხმა] "ეს კარგად დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა იყო. აშკარაა, რომ ობიექტებს უთვალთვალებდნენ. ტერაქტები მაღალ დონეზე განხორციელდა. ისინი კარგად გვიჩვენებს იმ მტრის ბუნებას, რომლის წინააღმდეგაც გვიხდება მოქმედება."

საუდის არაბეთის მთავრობამ ტერაქტების ორგანიზატორთა ძიების საქმეში ვაშინგტონს ყოველმხრივი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. თუმცა, ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ უახლოეს მომავალში მისი ქვეყანა ახალი ტერაქტების მოწმე შეიძლება გახდეს.
XS
SM
MD
LG