საქართველოს პარლამენტში ახალი უმრავლესობა არსებობს და, იმავდროულად, არც არსებობს. თავიდან ამ უმრავლესობას შეერქვა "მორცხვი", რადგან იგი მთავრობის მხარდასაჭერად ჩამოყალიბდა; საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კი ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას თან ხელს აძლევდა, თან - სამარცხვინოდ მიაჩნდა. ამიტომ, სიტყვით უმრავლესობის წევრობას უარყოფდა, საქმით კი - ადასტურებდა. შემდეგ უმრავლესობამ თავად მოიძებნა შედარებით ნეიტრალური ეპითეტი საკუთარი თავისთვის და "თემატური უმრავლესობა" შეირქვა. მოგვიანებით სიტყვა "თემატური" ბევრმა დაივიწყა, მათ შორის, უმრავლესობაში.
ეს სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იყო, რადგან დღეს უმრავლესობის ლიდერებს სჯერათ, რომ მთავრობას პარლამენტში მყარი საყრდენი აქვს, რაც წმინდა წყლის ილუზიაა. ის ფაქტი, რომ ბიუჯეტის კანონს 118 და მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდა, სულაც არ განაპირობებს სხვა კანონების მხარდაჭერასაც. ბიუჯეტის კანონი საშუალებას იძლევა, მასში ჩაიდოს ინტერესთა ჯგუფების და კონკრეტული პიროვნებების ინტერესები. სხვა კანონები კი ამის საშუალებას არ იძლევა. ასე რომ, საქართველოს პარლამენტში ამჯერად არსებული უმრავლესობა ნამდვილად მხოლოდ "თემატურია" და არა მყარი. ესე იგი, მთავრობას ზოგ საკითხთან დაკავშირებით შეუძლია 118 ხმის მოგროვება, ზოგ საკითხთან დაკავშირებით - უჭირს და არის საკითხები, რომლებსაც 118 მომხრე დღვანდელ პარლამენტში არასოდეს ეყოლება.
ეს რეალობა დაადასტურა მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის საკითხმა. ბრძოლა მიმდინარეობდა ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერ და მის მიმართ ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება კიდევ ბევრჯერ გაჩნდება - განსაკუთრებით, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
რომელი პოლიტიკური ძალა, რომელი ბანაკი მოიგებს პარლამენტში ისეთ კენჭისყრებს, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას და მწვავე ვერბალურ ორთაბრძოლებს გამოიწვევს? იმის გამო, რომ მყარი უმრავლესობა არ არსებობს, მოიგებს, ძირითადად, ის ბანაკი, რომელსაც "მესამე ძალა" - ანუ ასლან აბაშიძის მხარდამჭერი ფრაქციები მიემხრობიან. რაგინდ უცნაურად ჟღერდეს, სამი ფრაქცია, რომელიც 34 წევრს აერთიანებს, ამჟამად გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ვიდრე 60 წევრიანი უმცირესობა ასრულებდა გასულ წლებში.
თავის მხრივ, ასლან აბაშიძესაც სჭირდება მოკავშირეები, რადგან თავისი სამი ფრაქციით, სხვა პოლიტიკურ ძალებთან გამიჯვნის შემთხვევაში, აჭარის ლიდერი პოლიტიკურ იზოლაციაში ექცევა. ეს კი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მეტად წამგებიანია. ასე რომ, სამომავლოდ როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური ბანაკები დაბეჯითებით შეეცდებიან აჭარის დეპუტაციის და, პირველ რიგში, თავად ასლან აბაშიძის მიმხრობას და მათთან თანამშრომლობას.