Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური კულტურა


პოლიტიკური კულტურა დიდწილად განსაზღვრავს ქცევის წესებსა და ურთიერთობის ფორმებს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს. პოლიტიკური კულტურა აყალიბებს, აგრეთვე,

საზოგადოების როლს ქვეყნის მართვაში. საქართველო, როგორც გარდამავალ ეტაპზე დამუხრუჭებული სახელმწიფო, პოლიტიკურად კულტურულ ქვეყნად ვერ გარდაიქმნება.

მინდა გესაუბროთ გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური კულტურის ერთ ასპაქტზე.

ბოლოხანს პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ საქართველოში გარდამავალი პერიოდი მეტისმეტად გახანგრძლივდა და გვირაბის ბოლოს სინათლეც არ ჩანს. ყველაზე მკაფიოდ ეს აზრი გამოხატა მიხეილ სააკაშვილმა მრავალჯერ გამეორებული ფრაზით: „ყველა ქვეყანას ეშველა, მხოლოდ საქართველოს სჭირს უსაშველო."

იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარების გარდამავალი ეტაპი დასრულდეს და საქართველო თუნდაც მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, აუცილებელია შენების პროცესის დაწყება. მაგრამ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებებით, არა მინისტრების გამოსვლებით მთავრობის სხდომებზე, არამედ - საქმით.

ქვეყნის პოლიტიკას აყალიბებს სამი სეგმენტი: პრეზიდენტი, პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება. თუ სამივე სეგმენტის საქმიანობას ზოგადად შევაფასებთ, დავინახავთ, რატომ არ მიმდინარეობს შენების პროცესი.

ედუარდ შევარდნაძე ბოლო წლებში საჯარო გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ავაშენეთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. სინამდვილეში, რეფორმები, რომლებსაც უნდა დაფუძნებოდა ძველის ახლად გარდაქმნა, ჯერ არ დაწყებულა. ქვეყნის ეკონომიკა ახალისებს იმპორტს, ესე იგი, კონტრაბანდას, ჩრდილოვან შემოსავლებს, კორუფციას. ყოველ წელიწადს, ბიუჯეტის დამტკიცებისას, ისმის ერთი და იგივე ფრაზა: „ეს კორუფციული ბიუჯეტია!". ათი წელია, შევარდნაძის ძალაუფლება ეფუძნება უძრაობას და არაფრის შენებას, ძველის შენარჩუნებას. პრეზიდენტს შენების პროცესი ჯერ არ დაუწყია.

პოლიტიკური ელიტა, აგრეთვე, უუნაროა, შექმნას რაიმე ახალი და რეალურად ღირებული. მისი ჩინოვნიკური ნაწილი, ედუარდ შევარდნაძის გავლენით, უმოქმედოა. პირადი ინიციატივა დასჯადია. ამიტომ მთავრობა იმით არის დაკავებული, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილებები და არაფერი აშენოს, საკუთარი სახლებისა და აგარაკების გარდა.

პოლიტიკოსებიც, აგრეთვე, დაცლილი აღმოჩნდნენ აღმშენებლობითი მუხტისგან. დღემდე საქართველოში არ შექმნილა პოზიტიური პროგრამა, რომელშიც მკაფიოდ იქნებოდა აღწერილი, რა გვაქვს, რა გვსურს, რომ გვქონდეს და როგორ უნდა მივაღწიოთ არსებულისგან სასურველს. ასეთი პროგრამის შექმნა პოლიტიკოსების ვალია და, რაკი ამას ვერ ახერხებენ, მშენებლობის პროცესიდან ისინიც გარიყულნი არიან.

დაბოლოს, საზოგადოება. იგი, დანარჩენი სეგმენტებისგან განსხვავებით, არ აშენებს, მაგრამ არც ანგრევს; თუმცა, როგორც ბოლო არჩევნებმა დაადასტურა, მხარს უჭერს ნგრევის მოსურნე პოლიტიკურ ძალებს. შეიქმნება თუ არა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეალური აღმშენებლობითი პროგრამა და დაუჭერს თუ არა მას მხარს საზოგადოება? პოლიტიკური კულტურის დღევანდელი დონე ორივე შეკითხვაზე უარყოფით პასუხს გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ გარდამავალი პერიოდი გრძელდება...
XS
SM
MD
LG