Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო 2002 წელს


როგორი იყო მიმავალი წელი საქართველოსთვის? ამ თემას წინასაახალწლო დღეებში კიდევ არაერთხელ შევეხებით და ამ კუთხით ვისაუბრებთ ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე, კულტურაზე, ადამიანის უფლებებზე,

სოციალურ პრობლემებზე, სპორტზე და სხვა სფეროებზე. დღეს კი თქვენი ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გვინდა გავამახვილოთ, რისთვისაც დავით კაკაბაძე გაგაცნობთ რადიო "თავისუფლების" მიმომხილველის ჟან-კრისტოფ პეკის მიერ მომზადებულ მასალას.

ჩვენი მიმომხილველის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ბევრის გაკვირვება გამოიწვია, როცა 22 ნოემბერს, ნატოს პრაღის სამიტზე, ოფიციალურად განაცხადა, რომ მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანება სურს. ჟან-კრისტოფ პეკი აღნიშნავს, რომ ამით ედუარდ შევარდნაძემ წერტილი დაუსვა რამდენიმეწლიან მითქმა-მოთქმასა და დაპირებებს იმის თაობაზე, რომ ადრე თუ გვიან თბილისი ნატოს "კარზე დააკაკუნებს".

პრაღაში შევარდნაძემ რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესი მისი მმართველობის ვადის ამოწურვამდე დამთავრდება, რასაც უდავოდ ხელს შეუწყობს ნატოში გაწევრიანება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა]

შევარდნაძეს დაწვრილებით არ უსაუბრია, რატომ სურს მის ქვეყანას ნატოში გაწევრიანება, მაგრამ, სტატიის ავტორის თქმით, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ სამხრეთი კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაზე რუსეთის ბოლოდროინდელმა ზეწოლამ შევარდნაძეს განცხადების გაკეთება დააჩქარებინა.

ამასთან დაკავშირებით ჟან-კრისტოფ პეკი იხსენებს 2002 წლის 11 სექტემბერს, როცა – ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ტერაქტების პირველ წლისთავზე – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ბრალი დასდო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაში, კერძოდ კი იმაში, თითქოს თბილისი მფარველობას უწევდეს ჩეჩენ ტერორისტებს. მაშინ პუტინი არაორაზროვნად დაემუქრა საქართველოს:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "რუსეთის არმიის გენერალურ შტაბს ვთხოვ, წარმოადგინოს წინადადებები იმის თაობაზე, რამდენად შესაძლებელია და მიზანშეწონილია დარტყმების მიყენება ტერორისტთა ბაზებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალება, გაავრცელოს ინფორმაცია ჩვენი შეშფოთებისა და საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული რეზოლუციების დარღვევის შესახებ."

რადიო "თავისუფლების" მიმომხილველის თქმით, პუტინის ეს განცხადება უმართებულო იყო სამი მიზეზით. პირველი: რუსეთის სამხედრო ავიაციას წინა თვეებში უკვე რამდენიმეჯერ განეხორციელებინა იერიშები საქართველოს ტერიტორიაზე;

მეორე: საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები უკვე შესულიყვნენ პანკისის ხეობაში და დაეპატიმრებინათ შეიარაღებულ მეამბოხეთა გარკვეული რაოდენობა;

და მესამე: შეერთებული შტატებს ჯერ კიდევ ოთხი თვით ადრე დაეწყოთ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია საქართველოს გარდაქმნილი შეიარაღებული ძალების სამომავლო ბურჯად ოთხი ელიტური ბატალიონის მომზადება.

რუსეთის მხრიდან მუქარების მიუხედავად, საქართველომ არაერთხელ სცადა თავისი ძლევამოსილი ჩრდილოელი მეზობლის დაშოშმინება; როგორც ჟან-კრისტოფ პეკი ვარაუდობს – აშშ-ის თხოვნით, რადგან რუსეთს ვაშინგტონი ანტიტერორისტულ კამპანიაში თავის ერთ-ერთ უმთავრეს მოკავშირედ მიიჩნევს.

სტატიის ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ მოსკოვი კმაყოფილებით შეხვდა საქართველოს გადაწყვეტილებას, აგვისტოში დაკავებულ ჩეჩენთა ერთი ნაწილის ექსტრადიციის შესახებ; ისევე, როგორც ცვლილებას საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილებისადმი დამოკიდებულების საკითხში. "ტერორიზმის ალაგმვის მცელობისთვის" კრემლმა თბილისს მადლობაც კი გადაუხადაო, წერს ჩვენი რადიოს მიმომხილველი.

მისივე თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის უთანხმოების კიდევ ერთი წყაროა სეპარატისტული მოძრაობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. "მიმდინარე წელს – აღნიშნავს ჟან-კრისტოფ პეკი – მოსკოვმა კიდევ უფრო ინტენსიურად განაგრძო ამ სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების გაცემა. აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა, ახლა რუსეთის მოქალაქეა."

ნოემბერში, პრაღაში გამოსვლისას, ედუარდ შევარდნაძემ ხაზი გაუსვა, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მთავარი შემაფერხებელი საქართველოსთვის, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, მოუგვარებელი სეპარატისტული კონფლიქტებია.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა]

და მიუხედავად ამისა, 2002 წლის მანძილზე კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით ბევრი არაფერი გაკეთებულაო, დაასკვნის ავტორი. თავისი სტატიის ბოლო მონაკვეთში იგი კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრობს და ყურადღებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებაზე ამახვილებს. ცხადია, ჟან-კრისტოფ პეკს არც იმის აღნიშვნა ავიწყდება, რომ მილსადენის მშენებლობას მოსკოვი საკუთარი ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების საზიანო ფაქტად აღიქვამს.

დავით კაკაბაძემ გაგაცნოთ რადიო "თავისუფლების" მიმომხილველის ჟან-კრისტოფ პეკის მიერ მომზადებული მასალა, რომელიც საქართველოს ეძღვნებოდა.
XS
SM
MD
LG