Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალმან რადუევის რამდენიმე სახე


ჩვენს შემდეგ მასალაში ვისაუბრებთ სალმან რადუევზე, ჩეჩენ საველე მეთაურზე, რომელიც, როგორც კვირას გამოცხადდა, შაბათს გარდაიცვალა რუსეთში, პერმის ოლქის ქალაქ სოლიკამსკის ციხეში.



ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ცნობა სალმან რადუევის გარდაცვალების შესახებ დიდ ხმაურს გამოიწვევდა არა მარტო თვით ჩეჩნეთსა და რუსეთში, არამედ საზღვარგარეთაც. დღეს ამ ცნობას, მართალია, უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც გამოეხმაურნენ, მაგრამ რეზონანსი მაინცდამაინც დიდი არ ყოფილა. ბოლო ხანს, განსაკუთრებით რადუევის დაპატიმრებისა და გასამართლების შემდეგ, ერთ დროს ცნობილი საველე მეთაურის სახელი თითქმის დავიწყებას მიეცა. თუმცა, მის მიმართ დამოკიდებულება უფრო ადრეც შეიცვალა. თუ ჩეჩნეთის პირველ ომში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, და განსაკუთრებით გაითქვა სახელი დაღესტნის ქალაქ ყიზლარში მოწყობილი ოპერაციით, როცა მისმა რაზმმა ორი ათასამდე ადამიანი მძევლად აიყვანა, მეორე ომში მის როლს მხოლოდ ეპიზოდური თუ შეიძლება ვუწოდოთ.

თუ რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას ვენდობით, სალმან რადუევი წვრილი სისხლძარღვების კედლების ანთებით გარდაიცვალა, მაგრამ ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ. აი, რა გვითხრა სალმან რადუევის ქვრივმა ლიდა რადუევამ, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა სტამბოლში დაურეკა:

[ლიდა რადუევას ხმა] "ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მორიგი სიცრუეა. ჩემი ქმარი, სალმან რადუევი, არასოდეს არაფრით ყოფილა ავად. მისი ერთადერთი პრობლემა 96 წელს სახეზე მიღებული ჭრილობა იყო. ჩემი აზრით, ის რუსებმა მოკლეს, ის თავისი სიკვდილით არ მომკვდარა."

ლიდა რადუევას ვარაუდს რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევიც იზიარებს. რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური რედაქციის დირექტორთან ასლან დუკაევთან სატელეფონო საუბარში მან აღნიშნა, რომ მოსკოვს წესად აქვს თავისი მტრების ამ გზით მოსპობა.

[ახმედ ზაკაევის ხმა] "ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩეჩნეთის მეორე სამხედრო კამპანიის დაწყებიდან ამ გზით ჩეჩნეთის სახელმწიფოს რამდენიმე თანამდებობის პირი გაანადგურეს. ზოგ შემთხვევაში მათ "სასამართლოდ" წოდებული ფარსით კი არ მოუწყვიათ, როგორც ეს ადგერიევისა და რადუევის შემთხვევაში გააკეთეს. მაგალითად, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ალიხაჯიევი სახლიდან გამოიყვანეს, სადღაც წაიყვანეს და მასზე დღემდე არაფერი ვიცით."

სალმან რადუევის პორტრეტის დახატვა ვთხოვე ჩემს ჩეჩენ კოლეგას რუსლან შამაევს, რომელიც გარდაცვლილს ახლოს იცნობდა.

[რუსლან შამაევის ხმა] "მე რამდენიმე სალმან რადუევს ვიცნობდი. ერთი იყო ადამიანი, რომელიც მრავალ საველე მეთაურს შორის იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც საღად აფასებდა ვითარებას, იცოდა, რა სურდა და მტკიცედ მიდიოდა დასახული მიზნისკენ. მეორე გახლდათ კაცი, რომელიც ამა თუ იმ ნაბიჯს მხოლოდ იმ მიზნით დგამდა, რომ მასზე ელაპარაკათ. და ვიცნობდი მესამე რადუევსაც – ადამიანს, რომელსაც ესმოდა, რომ მისი დღეები დათვლილია და ამბობდა ისეთ რამეებს, რაც მის შესახებ კეთილ მოგონებას დაუტოვებდა თანამემამულეებს. სალმან რადუევს ათ წელიწადზე მეტია, ვიცნობ და თამამად შემიძლია გითხრათ რომ დაჭრის შემდეგ იგი სხვა კაცად იქცა. მაგალითად, იგი მიმტკიცებდა, ჯოხარ დუდაევი ცოცხალია და მალე სამშობლოში დაბრუნდებაო. ჩემი აზრით, არცთუ ჯანმრთელი ადამიანის ასეთი განცხადებები გათვლილი იყო იმაზე, რომ ჯოხარ დუდაევის სახელის გამოყენებით თვითონაც ხელისუფლებაში დარჩენილიყო და მონაწილეობა მიეღო ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში."
XS
SM
MD
LG