Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისკენ არის მიმართული ვლადიმირ პუტინის ულტიმატუმი?


ვლადიმირ პუტინის 11 სექტემბრის განცხადების ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. საქართველოს მისამართით რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული მუქარა განხილვის საგნად რჩება

არა მარტო მოსკოვსა და თბილისში, არამედ დასავლეთი ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებშიც. დღეს გაგაცნობთ ამ საკითხთან დაკავშირებულ ზოგიერთ საინტერესო მოსაზრებას, რომელიც ავტორიტეტიანმა საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუმ” გამოაქვეყნა.

სტატიის ავტორია იგორ ტორბაკოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტოლოგი და თავისუფალი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. რუსი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი გამონათქვამების საფუძველზე, ავტორი ცდილობს, გაარკვიოს, მართლაც მხოლოდ თბილისისკენ იყო მიმართული ვლადიმირ პუტინის ულტიმატუმი, თუ რუსეთის ლიდერის გახმაურებულ განცხადებას სხვა ადრესატიც ჰყავს.

პირველი ციტატა, რომელსაც იგორ ტორბაკოვი იშველიებს, გაზეთ “იზვესტიის” საერთაშორისო მიმომხილველის, მაქსიმ იუსინისა გახლავთ. “რუსეთის დიპლომატიის ამოცანა ახლა იმაში მდგომარეობს, რომ ‘პანკისის ამბავი’ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განუყოფელ ნაწილად წარმოადგინოსო”, აღნიშნავს იუსინი. ტორბაკოვი მას ეთანხმება, ამბობს რა, რომ პუტინის ულტიმატუმის არსი ჯორჯ ბუშის ბოლოდროინდელი განცხადებების არსისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება: საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში არც ერთი ქვეყანა არ შეიძლება, ხელშეუხებლად ჩაითვალოს.

“ამ მხრივ, – წერს იგორ ტორბაკოვი – პუტინის ულტიმატუმი ეხმიანება ტერორიზმის საკითხში აშშ-ის პოზიციას, მაგრამ, ამავე დროს, საფრთხეს უქმნის ვაშინგტონის ინტერესებს კავკასიაში. ... მოსკოვს აშფოთებს ის გარემოება, რომ ვაშინგტონმა აშკარად გამოხატა თავისი სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ. ... პუტინი და სხვა რუსი ლიდერები არ მალავენ თავიანთ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საქართველო აშშ-ის კალთას აფარებს თავს, თუმცა, ამასთანავე, მათ არ სურთ, საფრთხე შეუქმნან მოსკოვისა და ვაშინგტონის გულითად ურთიერთობას.”

როგორც “იურეიჟა ვიუს” მიმომხილველი აღნიშნავს, ბუშის ადმინისტრაციის სწრაფვამ, იერიში მიიტანოს ერაყზე, პუტინს საუცხოო შესაძლებლობა მისცა, ხმამაღლა განეცხადებინა კავკასიაში თავისი ინტერესების შესახებ. თუ ვაშინგტონი აუცილებლად მიიჩნევს ბაღდადის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გადადგმას, მაშინ რუსეთიც აცხადებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ჩარჩოებში არანაკლებ აუცილებელია სამხედრო ოპერაციის ჩატარება საქართველოში.

“ერთი შეხედვით, – განაგრძობს “იურეიჟა ვიუს” მიმომხილველი – რუსეთი თავის მუქარას უშუალოდ საქართველოსკენ მიმართავს. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სინამდვილეში მოსკოვს სურს, რომ ვაშინგტონმა – რომელსაც ერაყის საკითხში მოსკოვის თანადგომა სჭირდება – თბილისზე ზეწოლა გააძლიეროს და აიძულოს იგი, მოსკოვს თუნდაც ზოგიერთი მოთხოვნა შეუსრულოს.” აქ იგორ ტორბაკოვი იშველიებს პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის იგორ ბუნინის მოსაზრებას: “თავისი განცხადებით ვლადიმირ პუტინი ცდილობს, ერაყის გარშემო ვაშინგტონთან ვაჭრობისას, თავი ხელსაყრელ პოზიციაში ჩაიყენოს. თუ უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები იტყვის, საქართველომ გამოსავალი რუსეთთან ერთად უნდა ეძებოსო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ვაჭრობა დაწყებულია.”

ყურადღების ღირსია კიდევ ერთი ასპექტი, რომელსაც იგორ ტორბაკოვი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე რეაქციასთან დაკავშირებით გამოყოფს. პუტინის ულტიმატუმს საქართველოში უკვე მოჰყვა ანტირუსული განწყობილების გამძაფრება, რამაც პროდასავლურად განწყობილი შევარდნაძის გარშემო სხვადასხვა ჯურის პოლიტიკური ძალა გააერთიანა; და, შესაბამისად, აშკარად ავნო მოსკოვისადმი ლოიალური პოლიტიკოსების (მაგალითად, ასლან აბაშიძისა და ჯუმბერ პატიაშვილის) პოპულარობას. ეს კი რუსეთს სულაც არ უნდა ახარებდეს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საყურადღებო ციტატა, რომელიც “იურეიჟა ვიუში” გამოქვეყნებულ სტატიაში იგორ ტორბაკოვს მოჰყავს. პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორს ანატოლი შარავინს მისთვის უთქვამს: “რუსეთი დილემის წინაშე დგას: ან კავკასიის მთებს იქით ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი რეჟიმი გვეყოლება, ან ჩრდილოეთ კავკასიას დავემშვიდობებითო”. მართლაც მრავლისმეტყველი განცხადებაა!
XS
SM
MD
LG