Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძე და კოლექტიური შევარდნაძე


12 ივლისს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებთან ოცწუთიანი შეხვედრისას ყველაზე ხანგრძლივად თბილისში თავისუფლების

ინსტიტუტის დარბევის ფაქტზე ისაუბრა. მან უპრეცედენტოდ მკაცრი განცხადება გააკეთა, როდესაც ბრძანა, რომ ევროსაბჭო ამ ფაქტის მიფუჩეჩებას აღარ დაუშვებს და საქართველოს ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვს დანაშაულის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. იმავე დღეს მსგავსი განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატის დირექტორმა, ქალბატონმა ჯეინ დინსდეილმაც.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელთა ამ გამოწვევას პასუხი, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გასცეს. შევარდნაძემ ან უნდა დაიცვას კოლექტიური შევარდნაძე, ან უნდა დაუპირისპირდეს მას.


რაკი არ ვიცით და, ალბათ, ვერც ვერასოდეს შევიტყობთ პასუხს შეკითხვაზე: "ვინ დაარბია თავისუფლების ინსტიტიტუტი?" - შეგვიძლია, კითხვა ამგვარად დავსვათ: "ვის აძლევდა ხელს თავისუფლების ინსტიტიტუტის დარბევა?" სულ ადვილი გასათვლელია, რომ არასამთავრობო სექტორის ყველაზე აქტიური და აგრესიული სეგმენტის უმოწყალო დარბევა დააჩქარებს საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების პროცესს. ადამიანები, რომლებიც დღემდე გულში მალავდნენ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, დღეს ღიად და ენერგიულად აფიქსირებენ პოზიციას.

თავის მხრივ, საზოგადოების წიაღში დაპირისპირების მუხტის გაღვივება უარესად დაძაბავს პოლიტიკურ პროცესს. ხოლო ვითარების გამწვავების შემთხვევაში, ედუარდ შევარდნაძეს სულ უფრო მეტად გაუჭირდება საკუთარი თავი სტაბილურობის გარანტად წარმოაჩინოს და, უფრო მეტიც, გაუჭირდება ძალაუფლება 2005 წლამდე შეინარჩუნოს. უეჭველია, რომ პრეზიდენტს თავისი პოსტის შესანარჩუნებლად სჭირდება მშვიდი, უკონფლიქტო გარემო, თუნდაც დაჭაობებისკენ მიდრეკილი. რევოლუცია და დაპირისპირების გაღვივება კი მხოლოდ საფრთხეს უქმნის შევარდნაძის ხელისუფლებას.

მეორე მხრივ, პოლიტიკური ძალები ხელისუფლების კრიმინალიზაციაზე მიუთითებენ და არგუმენტებსაც ასახელებენ. გამოდის, პრეზიდენტს, ერთი მხრივ, სიმშვიდის შენარჩუნება სჭირდება, მეორე მხრივ კი, თავად აქეზებს და თანაუგრძნობს აგრესიას. საქართველოს თითოეული მოქალაქე დაადასტურებს, რომ ბასილ მკალავიშვილს, გურამ შარაძეს თუ ბადრი ზარანდიას პოლიცია სათბურის პირობებს მხოლოდ და მხოლოდ შევარდნაძის ფარული (გნებავთ, ირიბი) თანხმობით უქმნის. სხვაგვარად საქართველოში ასეთი ხმაურიანი საქმეები არ კეთდება.

რატომ მოექცა ედუარდ შევარდნაძე გადაულახავ წინააღმდეგობაში საკუთარ ინტერესებთან? საქმე ისაა, რომ პრეზიდენტი საქართველოში მხოლოდ თავის მომხრეებთან ერთად არ ცხოვრობს. საზოგადოების ერთი ნაწილი სულ უფრო მეტი უნდობლობით ეკიდება პრეზიდენტსა და მის გარემოცვას. ამიტომ, მართალია, შევარდნაძეს ხელს აძლევს მშვიდი ცხოვრება, მაგრამ მას ამის საშუალებას არ აძლევენ. ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც გაბმულად და აქტიურად უტევს პრეზიდენტს და მის ოჯახს, თავისუფლების ინსტიტუტია. "შემწუხებლებს" შორის არიან პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც საარჩევნო კამპანიისთვის ირჩევენ ლოზუნგს "საქართველო და თბილისი შევარდნაძის გარეშე". "შემწუხებლებს" შორის არიან ის პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებიც, როგორც პრეზიდენტი ბრძანებს, უცხოეთში "აბეზღებენ საკუთარ ქვეყანას და ხელისუფლებას".

გამოდის, შევარდნაძეს კი სურს მშვიდი ცხოვრება, მაგრამ ვეღარ ახერხებს. მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის პასუხად ორი გზა რჩება: დიალოგი ან საპასუხო აგრესია. არასამთავრობო სექტორთან დიალოგი პრეზიდენტს არასოდეს უცდია, პოლიტიკოსებთან დიალოგის რესურსი კი მან უკვე ამოწურა. სწორედ ამ რეალობაში დაუშვა ედუარდ შევარდნაძემ იმ აგრესიული ძალების გაძლიერება, რომლებიც ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტის "შემწუხებლებს" შეავიწროებდნენ და სხვის აგრესიას საკუთარი აგრესიით დათრგუნავდნენ. ასე გადაიქცნენ მკალავიშვილი, შარაძე, ზარანდია და კიდევ სხვები ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლებად და კოლექტიური შევარდნაძის ნაწილად.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორმხრივი აგრესიის ფონი გაცილებით წამგებიანია პირადად ედუარდ შევარდნაძისათვის, ვიდრე მასთან დაპირისპირებული ძალებისთვის. სხვა რომ არაფერი, ამგვარი ფონი ქმნის ნოყიერ ნიადაგს პროვოკაციისთვის, რომლის გაკონტროლება პრეზიდენტს აღარ შეუძლია და რომელიც პირადად მის წინააღმდეგ იქნება მიმართული. რა მოიგო ედუარდ შევარდნაძემ თავისუფლების ინსტიტუტის დარბევით? ფაქტია, რომ ამიერიდან არასამთავრობო სექტორის აგრესია მის მიმართ კიდევ მეტად გაიზრდება, საზოგადოებაში დაპირიპირების მუხტი უფრო სწრაფად გაღვივდება, ცალკე კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციები შევარდნაძისგან კოლექტიური შევარდნაძის დაგმობას ითხოვენ. პროცესების აგრესიულ კალაპოტში გადასროლა დღევანდელი პრეზიდენტისთვის ერთგვარი პოლიტიკური ხარაკირი შეიძლება აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ დარბევის შემდეგ ერთი კვირა გადის, შევარდნაძე კი კოლექტიურ შევარდნაძესთან გამიჯვნას ვერ ახერხებს.
XS
SM
MD
LG