Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იძაბება პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში


პარლამენტის მიერ ქვეყნის ბიუჯეტის შესრულების 4 თვის შედეგებზე მსჯელობას ფონად გასდევდა ერთი თემა: პოლიტიკოსთა ნაწილი ხელოვნურად ძაბავს ვითარებას,

როდესაც სახელმწიფო მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ეს თემა - საერთო ვითარების დაძაბვა - პარლამენტის დარბაზში შემთხვევით არ გაჩენილა, რადგან ბოლოდროინდელი ტენდენციები სწორედ ამაზე მიუთითებს.

იმის შემდეგ, რაც რეფორმატორ-დემოკრატთა გუნდი ედუარდ შევარდნაძეს გაემიჯნა და ოპოზიციაში გადავიდა, პოლიტიკური სპექტრი რეალურად გაიხლიჩა. პრეზიდენტს ისეთი შეურიგებელი და ძლიერი ოპოზიცია არასოდეს ჰყოლია, როგორიც ახლა ჰყავს. ამიერიდან პარლამენტში ნებისმიერი და, განსაკუთრებით, პოლიტიკური საკითხების განხილვისას უაღრესად მწვავე და შეურიგებელი დებატები გაიმართება პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ეგრეთ წოდებული "ნეიტრალური" ფრაქციები კი ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. პოლიტიკური ვითარების დაძაბვის უპირველესი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ სპექტრი უკვე დაჯგუფდა სამ ბანაკად: პრეზიდენტის მომხრეები, მოწინააღმდეგეები და "ნეიტრალურები".

თავის მხრივ, ვითარებას ძაბავს ის ფაქტორიც, რომ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ეფექტური საქმიანობისთვის კარტ-ბლანშს ითხოვს: მას სურვილი აქვს, გაატაროს რეფორმა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სახელმწიფო კანცელარიაში, რის შედეგადაც სახელმწიფო მინისტრის გარემოცვა მთლიანად გაიწმინდება მისთვის "საეჭვო" ელემენტებისაგან. თუმცა, როდესაც საუბარია ერთბაშად რამდენიმე მინისტრის გათავისუფლებაზე, ასეთი მკვეთრი ღონისძიებები პრეზიდენტის პოლიტიკურ გემოვნებას ნაკლებად შეესაბამება. ესე იგი, წასასვლელ მინისტრებს ბოლომდე რჩებათ შანსი, დარჩენისთვის იბრძოლონ. წარმოიქმნება შიდა სამთავრობო დაპირისპირება, რაც, ცხადია, დაძაბულობის სერიოზული წყაროა.

მესამე ფაქტორად უსათუოდ უნდა მივიჩნიოთ თბილისის საკრებულოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. გამარჯვებული ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაუქმებას აპირებს და, საპასუხოდ, სახალხო გამოსვლებით იმუქრება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ბოროტად სარგებლობს საკრებულოში გაჩენილი ვაკუუმით და ცდილობს, შევარდნაძის ოჯახურ კლანს ჩააბაროს გასასხვისებლად თბილგაზი და თბილწყალკანალი. ცხადია, რაც მეტად გაჯანჯლდება საკრებულოს საკითხის გარკვევა, მით უფრო გახშირდება მკვეთრი განცხადებები, იუგოსლავიის მაგალითის შეხსენება და ზოგადი დაძაბულობა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი: კანონმდებლობის თანახმად, რაიონებში არჩეული საკრებულოდან გამგებელს ნიშნავს პრეზიდენტი. აღმოჩნდა, რომ არაერთ რაიონში მოსახლეობა არ ეთანხმება პრეზიდენტის არჩევანს და თავის უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. ის ფაქტი, რომ გამგებელი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არ ირჩევა, მთელ ქვეყანას დაძაბულობის კერად აქცევს.

ასეთი შიდა სახელისუფლო, პოლიტიკური და სახალხო დაპირისპირების ფონზე, ასპარეზზე გამოდის სპექტრის ერთი პატარა სეგმენტი, რომელიც ჯერჯერობით საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევს, თუმცა, ექსპერტული თვალსაზრისით, საიტერესოა. საუბარია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს მიერ მოწყობილ პერმანენტულ აქციაზე პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეები დაჟინებით ითხოვენ პრეზიდენტის და პარლამენტის გადადგომას, აგრეთვე, ვადამდელ არჩევნებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩიხურ მდგომარეობას ქმნის ორხელისუფლებიანობა: არსებობს საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი უზენაესი საბჭო და არსებობს ფაქტობრივი ხელისუფლება, რომელიც უკანონოა. უზენაეს საბჭოს აქვს ლეგიტიმურობა, მაგრამ არ აქვს ძალაუფლება, ფაქტობრივ ხელისუფლებას კი აქვს ძალაუფლება, მაგრამ არ აქვს ლეგიტიმურობა. ამიტომ საჭიროა, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა შექმნას კომისია, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს; თავად არჩევნები კი უზენაესმა საბჭომ უნდა დანიშნოს. რაგინდ ლოგიკური ან აბსურდული გვეჩვენოს ამგვარი მსჯელობა, ფაქტი ისაა, რომ პარლამენტის შენობის წინ აქცია დაჟინებით მიმდინარეობს და უკვე სახელდება იმ პარლამენტართა გვარები, რომლებიც აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ლობირებენ: ელიზბარ ჯაველიძე, ჯემალ გამახარია, ანზორ აბრალავა. თუ წარსულს გავიხსენებთ, სწორედ ეს ოპოზიციონერი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ აწ გარდაცვლილ ნუგზარ საჯაიასთან და სწორედ იგივენი სხვადასხვა ეტაპზე ახმოვანებდნენ და მხარს უჭერდენენ მოსკოველი პოლიტოლოგის და აწ უკვე ქართველი პოლიტიკოსის ალექსანდრე ჭაჭიას იდეებს. ასე რომ, აქცია ოდენ მოცლილი ადამიანების თავყრილობად არ უნდა მივიჩნიოთ.

როგორც ჩანს, საქართველოში პოლიტიკური ვითარება სულ მეტად და, თანაც, კომპლექსურად დაიძაბება. პრეზიდენტს პროდასავლური და პრორუსული ძალები ორი მხრიდან უტევენ. გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს საერთო სამშობლოში მალე რაღაც საგანგებო და განსაკუთრებული მოხდეს.
XS
SM
MD
LG