Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტური მოძრაობის პრობლემები


საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტუდენტობა, როგორც საზოგადოებრივი ფაქტორი, სრულებით არ არსებობდა. სამოქალაქო ომის,

აფხაზეთის დაკარგვისა და ტოტალური ძალადობის პირობებში საზოგადოების ყველაზე მეტად დათრგუნული ფენა სწორედ სტუდენტობა აღმოჩნდა.

გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტის შენობის წინ გამართულმა საპროტესტო აქციამ სტუდენტები ერთბაშად გამოაფხიზლა. დაიწყო პროცესი, რომელიც დიდ კამათსა და გაუგებრობებს იწვევს და რომელსაც საინფორმაციო საშუალებები ძალზე ხშირად უბრუნდებიან.

სტუდენტობა, როგორც სერიოზული საზოგადოებრივი ძალა და ფაქტორი, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად 1978 წლის 14 აპრილს გამოჩნდა. ახალგაზრდების აქტიურობამ და შეუპოვრობამ ქვეყანას სახელმწიფო ენა შეუნარჩუნა - ასეთი იყო და არის 14 აპრილთან დაკავშირებული განსჯაც და ემოციაც. კამათს არც ის იწვევს, რომ წარმატებული შედეგი საზოგადოების დიდი ნაწილის ერთიანობამ განაპირობა.

შემდეგ წლებში, როდესაც საზოგადოება ორად გაიყო და ქვეყანაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა, ახალგაზრდები ამ პროცესის მიღმა აღმოჩნდნენ. სტაბილიზაციის წლებშიც სტუდენტები წყნარად აგრძელებდნენ თავიანთ უღიმღამო ცხოვრებას. სწორედ იმ წლებში უმაღლესი სასწავლებლების ეზოებს დიდი რკინის გისოსები შემოავლეს. ეს გისოსები სიმბოლურად განასახიერებდა იმ სივრცის შეზღუდულობასა და ჩაკეტილობას, რომელშიც მოექცა თუ მოაქციეს სტუდენტობა. ამას ემატებოდა კორუფციის მაღალი დონე და სწავლის დაბალი დონე, რაც არანაკლები წნეხი აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. მაგრამ, ადრე თუ გვიან, სტუდენტები უნდა გამოფხიზლებულიყვნენ და მეტი თავისუფლება მოეთხოვათ, რაც მოხდა კიდეც.

დღეს სტუდენტურ აქტიურობასთან დაკავშირებით ერთი არსებითი პრობლემა იკვეთება: ახალგაზრდა ლიდერები ორ ბანაკად გაიყვნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შესაბამისად, ორად გაიყო სტუდენტობის აქტიური ნაწილიც. ახლა ხშირად მოისმენთ, რომ სტუდენტობის გახლეჩა არ შეიძლება, რომ ახალგაზრდები ერთად უნდა დადგნენ, რათა პოლიტიკოსების ხელში ბრმა იარაღად არ გადაიქცნენ. თუმცა მოწოდება, რომ სტუდენტობა ერთიანი უნდა იყოს, მეტისმეტად ხელოვნურად ჟღერს. დღევანდელი ვითარება თავად განაპირობებს საზოგადოების გადანაწილებას ორ მსოფლმხედველობრივ ბანაკში, რაც, უბრალოდ, თვალსაჩინოდ განასახიერეს სტუდენტებმა. ამ პროცესის ხელოვნურად შეჩერება და გისოსებში მოქცევა შეუძლებელია. თუ კარგად დავაკვირდებით, ერთიანობისკენ მოწოდება, რეალურად, ასეთ შინაარსს ატარებს: სტუდენტობა ერთიანად გარინდებული, გნებავთ, ერთიანად მართული უნდა იყოს.

სინამდვილეში, პრობლემას ახალგაზრდები არ ქმნიან. საქმე ისაა, რომ დღეს საქართველო ისევ გზაჯვარედინზეა. ქვეყანა დგას გზაგამყოფი ქვის პირისპირ და შესცქერის წარწერას: "მარჯვნივ წახვალ, მოკვდები! მარცხნივ წახვალ, გამდიდრდები!" რას ნიშნავს ეს წარწერა? მარჯვენა გზა, მართლაც, ფათერაკიანია, იქ ბინადრობენ დევები და ქაჯები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. მაგრამ მარჯვნივ წასული პერსონაჟის ამბიცია და მიზანი ისაა, რომ ქაჯების მიერ დასახლებული სივრცე ისევ ადამიანებს დაუბრუნოს. მარცხნივ წასული პერსონაჟი კი ეგუება ქაჯობას, რის სანაცვლოდაც არა მხოლოდ ზღაპრულ სასახლეს ეუფლება, არამედ ადამიანის ხორცსაც უსინჯავს გემოს და თავადაც რიგითი ქაჯი ხდება.

აი, პირობითად, ასეთია ის პერსპექტივა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. ამ პირობებში, ცხადია, ერთიანობა ძნელი მისაღწევია როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში და სტუდენტებს შორისაც. ამიტომ, თვითგამორკვევის პროცესი ბუნებრივია და მას უსიცოცხლო ლოზუნგები ვერ შეაჩერებს. მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს და მის შესახებ უსათუოდ უნდა ითქვას.

საზოგადოებრივად ახლად გამოღვიძებული სტუდენტობა - უფრო სწორად, ლიდერთა ჯგუფი - გისოსებისგან გათავისუფლების პროცესში მეყსეულად აღმოჩნდა ახალი, ამჯერად პოლიტიკური, წნეხის ქვეშ. არადა, ნებისმიერ უხეშ ძალას დაქვემდებარებული ადამიანი კარგავს საკუთარი შესაძლებლობების განხორციელების უნარს; მისი აზროვნებაც და ზნეობაც დამოკიდებული ხდება სხვის შეხედულებებზე; მისი სიტყვები, უბრალოდ, იმეორებს და ახმოვანებს სხვის აზრებს და ემოციებს, საკუთარი ემოცია კი ჩლუნგდება და წინასწარ აკვიატებული პოზიციის ტყვეობაში ექცევა. რაც მთავარია, იკარგება თავისუფლება. არადა, სტუდენტური აქტიურობის ხიბლი და ძალა სწორედ თავისუფლებაა. თანაც, ქაჯებთან ბრძოლა სხვისი შეკვეთით, საკუთარი, ნებაყოფლობითი არჩევანის გარეშე, შეუძლებელია.

სტუდენტური მოძრაობის დღევანდელი ლიდერები მეტისმეტად სუსტები აღმოჩნდნენ და გარე ძალებს მიეკედლნენ. საფიქრებელია, რომ ეს ტალღა მალე გადაივლის და საზოგადოება გაიცნობს ახალ, ნამდვილ ლიდერებს, რომლებსაც გაცილებით მეტი ახალგაზრდა გულწრფელად დაუჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG