Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ინტერესი ქართული პოლიტიკის მიმართ


11 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს ჩართვა ანტიტერორისტულ ოპერაციაში, მის მეორე ეტაპზე.

ჯორჯ ბუშის ამ განცხადებას ქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან აგრესია არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, ზოგიერთმა ქართველმა ლიდერმა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის - რიჩარდ მაილზის - მოხსენება სენატში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რიჩარდ მაილზმა სენატს მოახსენა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ამერიკის პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი საქართველოში იქნება ამ ქვეყნისთვის ყოველგვარი დახმარების გაწევა იმისათვის, რომ მომზადდეს დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები; რომ საპრეზიდენტო ხელისუფლების გადაცემა განხორციელდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით. ელჩის სწორედ ეს განცხადება მიიჩნია ქართველი პოლიტიკოსების ნაწილმა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად.

სინამდვილეში, დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართ უშუალოდ განაპირობებს დასავლეთისვე ინტერესს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მიმართაც. მით უმეტეს, რომ, ცენტრალური აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეზერვს ფლობს და ამას დასავლეთში არა მხოლოდ ხედავენ, - აფასებენ კიდეც.

გასული წლის მაისში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლამ სტრასბურგის სემინარზე ექპერტად მიიწვია ევროპარლამენტის წევრი - კატრინ ლალუმიერი. ეს ქალბატონი წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იყო, ამჟამად კი ევროკავშირს წარმოადგენს. მან ისაუბრა საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში, ამ ინტეგრაციის პრობლემებსა და პერსპექტივებზე.

კატრინ ლალუმიერის თვალსაზრისით, რაც ევროკავშირის ზოგად პოზიციად შეიძლება მივიჩნიოთ, საქართველოს მთავარი პრობლემა რეფორმების შეფერხება და დემოკრატიული ინსტიტუტების მეტისმეტად ნელი განვითარებაა. საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე და, შესაბამისად, სულ უფრო ნაკლებად ცდილობს რეფორმების გატარებას. არადა, ევროკავშირის მხრიდან სერიოზული დახმარება შეჩერდება, თუკი არა მხოლოდ საქართველო, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თავად არ მოიწადინებენ მდგომარეობის გამოსწორებას. შექმნილია მოჯადოებული წრე: რეფორმებისთვის აუცილებელია დახმარება, დახმარების მისაღებად კი - რეფორმები.

ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად, კატრინ ლალუმიერის მოხსენების თანახმად, ევროკავშირი ცვლის აქცენტებს და საქართველოში პრიორიტეტად აცხადებს არა ეკონომიკურ, არამედ - პოლიტიკურ რეფორმას: კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

კატრინ ლალუმიერმა ევროკავშირის მიერ საქართველოში პრიორიტეტის შეცვლის შესახებ გასული წლის მაისში განაცხადა. ასე რომ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის უმთავრესი პოლიტიკური მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით აბსოლუტურად თანხვედრია.
XS
SM
MD
LG