Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ არის თანხმობა საქართველოს მოქალაქეთა კავშირში


ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი კიდევ ერთხელ გაიყოფა: ზურაბ ჟვანია პარტიას სახელს შეუცვლის და პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას შეინარჩუნებს,

ხოლო ლევან მამალაძე ახალ პარტიას შექმნის.

რატომ არ არის თანხმობა საქართველოს მოქალაქეთა კავშირში?

საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ბოლო ყრილობაზე ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაცხადდა: ლევან მამალაძე, თავის მომხრეებთან ერთად, პარტიაში დარჩა; ხოლო ედუარდ შევარდნაძემ, თავის მომხრეებთან ერთად, პარტია უხმაუროდ დატოვა.

ეს ორი ფაქტი თავიდანვე უცნაურად და ერთმანეთის გამომრიცხავად გამოიყურებოდა. ლევან მამალაძე პრეზიდენტის რწმუნებულია ქვემო ქართლში, ხოლო ქართველი ჩინოვნიკების მთავარი ამოცანა და ურყევი პრინციპი ედუარდ შევარდნაძისთვის ერთგულების მტკიცებაა. როგორ მოხდა, რომ მოქალაქეთა კავშირის დამფუძნებელი "ყოჩაღი თბილისელი ბიჭები" განხეთქილებისას პრეზიდენტის გვერდით დადგნენ, ხოლო პრეზიდენტის რწმუნებული ლევან მამალაძე ზურაბ ჟვანიას გვერდით აღმოჩნდა?

მაშინ პრესამ, პოლიტიკოსების პრივატულ განმარტებებზე დაყრდნობით, ასეთი ვერსია გაავრცელა: შევარდნაძე და ჟვანია მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან სკანდალი ორივესთვის მიუღებელი იყო. შევარდნაძეს მეტი მომხრე ჰყავდა პარტიის მთავარ საბჭოში, ხოლო ჟვანიას მეტი მომხრე ჰყავდა დელეგატებს შორის. ამიტომ გადაწყდა, რომ ომს ზავი სჯობს, რადგან ძალები, დაახლოებით, თანაბარია. რაც შეეხება ლევან მამალაძეს, მან, თითქოს, ჟვანიას მოედანზე დარჩენა პარტიულ რესურსში თავისი წილის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა. საკითხავიც ესაა: სჭირდება კი პრეზიდენტს პარტიული რესურსით დამძიმებული რწმუნებული?

გავიდა დრო და ზურაბ ჟვანიამ გამოაცხადა, რომ რამდენიმე პარტიასთან იწყებს მოლაპარაკებას დემოკრატიული კოალიციის შესაქმნელად. ამით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საბოლოოდ გაემიჯნა ხელისუფლებას. პრეზიდენტის რწმუნებული - ლევან მამალაძე - ამ პროცესში ჟვანიას მხარს ვეღარ დაუჭერდა ერთი მარტივი მიზეზით: რაგინდ სერიოზულად ფიქრობდეს პოლიტიკურ კარიერაზე ნებისმიერი რწმუნებული - მამალაძე, შაშიაშვილი ან ვინმე სხვა - თითოეული მათგანისთვის ჰაერივით აუცილებელია პრეზიდენტის მხარდაჭერა; რადგან რწმუნებულის ძალაუფლების წყარო მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია გიგლა ბარამიძე, რომელიც ძლიერი გუბერნატორიდან ერთ დღეში გადაიქცა რიგით მეცნიერ მუშაკად.

ამიტომ განხეთქილება მოქალაქეთა კავშირის ორ სეგმენტს შორის უფრო ბუნებრივად გამოიყურება, ვიდრე ლევან მამალაძისა და ზურაბ ჟვანიას ერთობლივი პარტიული საქმიანობა. გასარკვევი რჩება ბოლო საკითხი: რას მიიღებს ლევან მამალაძე საკუთარი პარტიიდან იმის სანაცვლოდ, რომ ყრილობის წინ არ გაემიჯნა ზურაბ ჟვანიას და რას მიიღებს რწმუნებული ლევან მამალაძე პრეზიდენტისგან იმის სანაცვლოდ, რომ დამოუკიდებელ სუბიექტად აპირებს ჩაბმას პოლიტიკურ პროცესში. ქვემო ქართლის გუბერნატორი, ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე მოძრაობს.
XS
SM
MD
LG