Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არშემდგარი მიწისძვრის სავარაუდო შედეგი


ოთხშაბათს, დილით, საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი პანიკური შიშით ელოდა მიწისძვრას, რომელსაც, ვინმე გურამ ალოევის სიზმრის თანახმად,

მიწასთან უნდა გაესწორებინა თბილისი. გაჩნდა თუ არა ეს ჭორი შემთხვევით და როგორ გახდა იგი ხელმისაწვდომი საზოგადოების თითოეული წევრისთვის?

1982 წელს, ჟურნალ "ცისკრის" დამატებაში, რომელსაც "ნობათი" ერქვა, გამოქვეყნდა ირაკლი ლომოურის მოთხრობა "შემთხვევა". ამ მოთხრობაში დოკუმენტური ფორმით, ქრონიკის სტილში იყო ნაამბობი, თუ როგორ ჩამოიარა აქლემების ქარავანმა თბილისის მეტროს ერთ-ერთ სადგურში. მგზავრები მატარებელს ელოდნენ, გვირაბიდან კი, მატარებლის ნაცვლად, აქლემები გამოჩნდნენ, რომლებიც, გაოგნებული მგზავრების თვალწინ, დინჯი სვლით მოპირდაპირე გვირაბში გაუჩინარდნენ.

ამ პატარა მოთხრობამ მთელი თბილისი ააფორიაქა. ადამიანები სერიოზულად კამათობდნენ, - რა იყო მოთხრობაში აღწერილი ამბავი: რეალობა თუ მხატვრული გამონაგონი. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეტროს ხელმძღვანელობამ ჟურნალ "ცისკრის" რედაქციას ფაქტის ოფიციალური უარყოფა მოსთხოვა.

საზოგადოება დააბნია იმ გარემოებამ, რომ მოთხრობაში დეტალურად იყო აღწერილი ყველა წვრილმანი: მოქმედების დრო, ადგილი და შემთხვევის შემსწრე 19 ადამიანის ვინაობაც კი. ცნობილია, რომ დეტალების აღწერა აძლიერებს ნდობას ამა თუ იმ ფაქტის მიმართ. ასე რომ, ჯერ კიდევ მაშინ, მშვიდ დროში, ადამიანებმა სულ ადვილად დაკარგეს ორიენტაცია სინამდვილესა და გამონაგონს შორის. ირაკლი ლომოურის მოთხრობა აღმოჩნდა უნებლიე ტესტი, რომელმაც საზოგადოების ინფანტილიზმის წარმოუდგენლად მაღალი ხარისხი დაადასტურა.

რაღაც მსგავსი განმეორდა მიმდინარე კვირის დასაწყისში, როდესაც გაზეთმა "კვირის პალიტრა" გამოაქვეყნა ორი უცნაური წინასწარმეტყველება. პირველის თანახმად, თურმე, 2002 წლის ოც თებერვალს ისეთი რამ მოხდებოდა, რაც ადამიანის მოდგმას სამუდამოდ დაამახსოვრებდა თავს. მეორე წინასწარმეტყველება მოსალოდნელ უბედურებას აკონკრეტებდა: ოც თებერვალს, დილის ცხრა საათსა და ოც წუთზე, დაიწყებოდა მიწისძვრა, რომელიც მთლიანად დაანგრევდა თბილისს.

ეს ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთის ოცდამეთერთმეტე გვერდზე, საკმაოდ ცინიკური ფორმით. პუბლიკაციაში ჟონავს ეჭვი, რომ წინასწარმეტყველება, შესაძლოა, არც ახდეს; მაგრამ აქვე დიდ ნაკადად მოედინება შიში მოსალოდნელი მიწისძვრის გამო. ციტატა: "ღმერთმა დაგვიფაროს და გვიხსნას განსაცდელისაგან; ისე, დრო სულ კატაკლიზმებით დაიხუნძლა... დაიძინეთ პირჯვრით და "მამაო ჩვენო" სამჯერ მაინც წარმოთქვით... ინებოს უფალმა, მშვიდობით მივეგებოთ 20 თებერვლის დილას. ამინ!"

მიწისძვრის შესახებ ინფორმაციის გადასაცემად "კვირის პალიტრა" შემთხვევით არ შერჩეულა. იგი ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთია და, თბილისის გარდა, რაიონებშიც კარგად იყიდება. მაგრამ თუნდაც "კვირის პალიტრაში" ოცდამეთერთმეტე გვერდზე დაბეჭდილ ამბავს ორ დღეში - ორშაბათიდან ოთხშაბათამდე - მთელი საქართველო ნამდვილად ვერ გაიგებდა, პარალელურად რომ არ ამუშავებულიყო ჭორის გავრცელების სპეციალური სისტემა.

სპეცსამსახურის გადამდგარი თანამშრომელი ილია ბარამიძე გიორგი სანაიას მკვლელობის კომენტირებისას
"ასავალ-დასავალში" აღწერდა იმ მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც სპეცსამსახურები მათთვის სასურველ ჭორებს ავრცელებენ. პირადად მე მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ სამშაბათს, სილამაზის სალონში შევიტყვე და მაშინვე ილია ბარამიძე გამახსენდა. ერთ-ერთი უპირველესი ადგილი, რომლის მეშვეობითაც სპეცსამსახურის მიერ შერჩეული ჭორი ბუნებრივად და სწრაფად ვრცელდება, სწორედ სილამაზის სალონებია.

სამშაბათს უკვე მთელი თბილისი მიწისძვრაზე ალაპარაკდა. ამასობაში, "კვირის პალიტრის" ყველა არსებული ეგზემპლარი გაიყიდა და, მაინც, როგორც ჩანს, საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი. სამშაბათს "ღამის მოამბის" ეთერში მიიწვიეს "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რაოდენ ჰუმანური მოსაზრებებით გამოაქვეყნა მისმა გაზეთმა ინფორმაცია მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ. "ღამის მოამბე" იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც საზოგადოების შფოთვის ფიალა პირთამდე აავსო. ღამით ნახევარ თბილისს არ ეძინა, დილის რვა საათზე კი ყველგან - ეზოებში, პარკებსა და ქუჩებში - ნახავდით შეშინებულ ადამიანებს, ყველაზე ხშირად - ხელიხელჩაკიდებულ ბებიებსა და შვილიშვილებს.

თითქმის დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ვიღაცამ, ვისაც ეს აინტერესებს და, რაც მთავარია, ხელეწიფება, ქართულ საზოგადოებას ჩაუტარა ტესტი. ამ მარტივი ტესტით (მიწისძვრის შესახებ ჭორის გავრცელებით) - ენერგიისა და ფინანსების მინიმალური დანახარჯით - მაქსიმალურად ზუსტად გაიზომა საზოგადოების შფოვთის დონე, შემოწმდა საზოგადოების მგრძნობელობა ირაციონალური ან სხვა სახის შიშის მიმართ. ახლა ვიღაცამ - პიროვნებამ, სამსახურმა ან ინსტიტუტმა - ზუსტად იცის, როგორ გამოიყენოს ჩვენი საზოგადოების ეს სისუსტე თავის სასარგებლოდ.
XS
SM
MD
LG