Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობის პირთა შეცვლის ტენდენცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში


მთავრობის სხდომებს ბოლოხანს უცვლელ ლაიტმოტივად გასდევს პრეზიდენტის "ჩუმი" რისხვა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ სხდომებზე იხსნებიან და არავინ უწყის, ვინ იქნება შემდეგი...

გამოსჭვივის თუ არა რაიმე კანონზომიერება უკვე განხორციელებულ თუ სამომავლოდ ჩაფიქრებულ ცვლილებებში?

ია ანთაძე გესაუბრებათ თანამდებობის პირთა შეცვლის ტენდენციაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

როდესაც გიგლა ბარამიძე პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და სამეცნიერო კარიერისკენ მიუთითეს, საზოგადოებამ ეს ფაქტი შემთხვევითობად აღიქვა. ჟურნალისტები პოლიტიკური მოტივების ძებნას შეუდგნენ, მაგრამ ვერ გაარკვიეს, რატომ გადაჰყვა გიგლა ბარამიძის სახელისუფლო კარიერა ისეთ შემთხვევას, რომელიც მის ბიოგრაფიაში გამონაკლისად არ მიიჩნევა.

ახალი კითხვის ნიშნები მაშინ გაჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა თანამდებობა მეორე რწმუნებულსაც დაატოვებინა. კობა ბუჩუკურის მოხსნის მიზეზად დეკლარაციის მიღმა არსებული შემოსავლები გამოცხადდა, პრესა კი უფრო თამამად ალაპარაკდა პოლიტიკურ მოტივზე. როდესაც რწმუნებულების შემდეგ პრეზიდენტმა გამგებლებიც დაითხოვა, ცხადი შეიქნა, რომ აღმასრულებელ ვერტიკალში სერიოზული ცვლილებები დაიწყო.

ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: არის თუ არა რაიმე კანონზომიერება ედუარდ შევარდნაძის მიერ განხორციელებულ მოხსნა-დანიშვნებში? ახალ ფიგურებს პრესა სახელმწიფო კანცელარიას და, კონკრეტულად, ბადრი ხატიძის სახელს უკავშირებს. თუმცა, ბადრი ხატიძისგან მორიგი ანტიგმირის შექმნის მცდელობა შედეგს, ალბათ, ვერ მოიტანს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლოხანს პრეზიდენტმა პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის ნაწილზე გავლენა დაკარგა, ცხადია, აღმასრულებელ ბერკეტებს იგი აღარავის დაუთმობს. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ პრეზიდენტის გარემოცვიდან ვინმე განსაკუთრებულად გაძლიერდება და ექსკლუზიურ გავლენას მოიპოვებს. "თარგამაძის სცენარი" აღარ გამეორდება. ვინც წლების განმავლობაში ადგილებზე საგანგებო გავლენის სფეროები შეიქმნა, მომავალში მოხსნის საფრთხე სწორედ მას დაემუქრება. არჩევნების წინ, პრეზიდენტი, ალბათ, აღმასრულებელი ხელისუფლების ბევრ რგოლში განახორციელებს ცვლილებებს და თანამდებობებს დაატოვებინებს იმ პირებს, რომლებიც წლების განმავლობაში მეტისმეტ ძალაუფლებას დაეუფლნენ. კომპრომატებს, პრესის ვერსიით, ბევრი ძებნა არ დასჭირდება.

სხვათა შორის, "ძლიერების" "სუსტებით" ჩანაცვლების ტენდენცია გუბერნატორებით არ დაწყებულა. ეს პროცესი დაიწყო ახალი ძალოვანი მინისტრებით, რომლებიც ძველებს "რკინის" შემცველობით ვერ შეედრებიან. დღევანდელ მთავრობაში "რკინის კაცები" საერთოდ აღარ დარჩნენ, სამაგიეროდ, ისინი ჯერ კიდევ არიან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სეგმენტებში. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ არჩევნებამდე პრეზიდენტმა ძლიერი ფიგურები ნელ-ნელა შეცვალოს შედარებით სუსტი მემკვიდრეებით, რომლებიც ავტონომიური ძალაუფლების მოპოვებას ვეღარ მოასწრებენ. ამ ნაბიჯით პრეზიდენტი უშუალოდ დაიქვემდებარებს მართვის ყველა ბერკეტს და შეინარჩუნებს ერთპიროვნულ გავლენას არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, არამედ - არჩევნების შედეგებზეც.
XS
SM
MD
LG