Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთს ეროვნული არმია სჭირდება


აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ავღანეთში, ქალაქებში გარდეზსა და მაზარ-ი-შარიფში, ბოლო ხანს მომხდარმა მოვლენებმა ყველას დაანახა,

რომ ქვეყანაში მიღწეული მშვიდობა მყიფე, შეიძლება ითქვას, მოჩვენებითიც კია. ურთიერთდაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის გაჩაღებულმა ბრძოლებმა კიდევ უფრო მწვავედ წამოჭრა ეროვნული არმიის შექმნის საკითხი.

ავღანეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე თითქმის ყოველდღე საუბრობს დროებითი ადმინისტრაციის თავმჯდომარე ჰამიდ კარზაი. მისი თქმით, ეროვნული არმია “რაც შეიძლება მალე” უნდა შეიქმნას.

ძირითადად სწორედ შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხს უკავშირდებოდა კარზაისა და მისი თავდაცვის მინისტრის, მოჰამად ფაჰიმის ამასწინანდელი ვიზიტები ვაშინგტონსა და ლონდონში. ავღანეთში მოქმედი უშიშროების საერთაშორისო ძალების სარდალმა, ჯონ მაკკოლმა, გენერალ ფაჰიმს დიდი ბრიტანეთის რამდენიმე სამხედრო ბაზა დაათვალიერებინა, რათა კოლეგისთვის წარმოდგენა შეექმნა იმაზე, რა სახე შეიძლება მიიღოს ავღანეთის ახალმა არმიამ.

შეკითხვაზე, რა ნაბიჯები გადადგა ავღანეთის დროებითმა ადმინისტრაციამ შეიარაღებული ძალების შესაქმნელად, მოჰამად ფაჰიმმა ჩვენი რადიოს თურქმენულ რედაქციას უთხრა: [მოჰამად ფაჰიმის ხმა] “ჩვენ დავიწყეთ განხორციელება რამდენიმე პროგრამისა, რომელთა მიზანია ავღანეთის ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა. მართალია, ბოლო 23 წლის მანძილზე ავღანეთში შეიარაღებული მამაკაცები არ მოგვკლებია, მაგრამ ხალხის ძალისხმევითა და ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სამხედრო ძალა, რომელიც ქვეყნის სუვერენობას პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლად დაიცავს.”

ავღანეთის არმიის შექმნის აუცილებლობასთან ერთად ბოლო დღეებში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ უშიშროების საერთაშორისო ძალის მოქმედების მთელს ავღანეთზე გავრცელების საკითხს. ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილმა, ლახდარ ბრაჰიმიმ, შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, რომლის სანქცია აუცილებელია საერთაშორისო ძალების მანდატში ცვლილების შესატანად.

ბრაჰიმის თქმით, ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერაფრით ეხმარებიან ქვეყნის იმ რეგიონების მოსახლეობას, სადაც, უსაფრთხოების მხრივ, მძიმე მდგომარეობაა. რაც შეეხება ქაბულს, იქ ვითარება, იმავე ბრაჰიმის აზრით, სწორედ საერთაშორისო ძალების ეფექტიანმა მოქმედებამ გამოასწორა.

[ლახდარ ბრაჰიმის ხმა] “ამიტომ რიგითი ავღანელებისგანაც, დროებითი ადმინისტრაციის წევრებისგან და, ასე გასინჯეთ, საველე მეთაურებისგანაც კი, სულ უფრო ხშირად გაიგონებთ მოთხოვნას, უშიშროების საერთაშორისო ძალის მოქმედება მთელს ქვეყანაზე გავრცელდეს. ამ მოთხოვნას ჩვენც ვეთანხმებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მას უმოკლეს ხანში განიხილავს.”

ლახდარ ბრაჰიმის არ უთქვამს, რამდენად უნდა გაიზარდოს საერთაშორისო ძალების რიცხობრივი შემადგენლობა საიმისოდ, რათა მისი მოქმედების არეალი მხოლოდ ქაბულით აღარ შემოიფარგლებოდეს. მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, ამ საქმეს 20-დან 35 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მაინც დასჭირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ქაბულსა და მის მეზობელ რაიონებში მოქმედი საერთაშორისო ძალების რიცხობრივი შემადგენლობა 5000 კაცით განსაზღვრა.
XS
SM
MD
LG