Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლო პოლიტიკური კრიზისის მიზეზები და ამოცანები


2002 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

თუმცა, პოლიტიკური ძალები მთავრობის მიმართ პასუხისმგებლობის მექანიზმის ამოქმედებას ითხოვენ: თუ ოთხი თვის შემდეგ საბიუჯეტო პარამეტრები არ შესრულდება, მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს. სწორედ ეს იქნება მორიგი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც პარლამენტში საფუძველი საბიუჯეტო განხილვებისას ეყრება.

ერთმანეთთან დაპირისპირებულ ფრაქციათა ლიდერები დღეს შეთანხმებულად მოქმედებენ და მთავრობას ოთხი თვის ვადას აძლევენ. თუ ოთხი თვის ბიუჯეტი არ შესრულდება, ყველა მინისტრი უნდა გადადგეს. უფრო მეტიც, პარლამენტარები მოითხოვენ, რომ ეს პირობა, მეტი დამაჯერებლობისთვის, დადგენილებაში აისახოს. თუმცა, მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ დადგენილებებს პარლამენტი თითქმის ყოველ წელიწადს ურთავდა ბიუჯეტის შესრულებას. ეს დადგენილებები საბიუჯეტო პროცესის აუცილებელი ატრიბუტი იყო, მაგრამ თავიდანვე მკვდრადშობილი.

ამჯერად ვითარება შეიძლება შეიცვალოს და პარლამენტმა აპრილში ან მაისში მთავრობას პასუხი მართლაც მოჰკითხოს. ან, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტმა მთავრობას ბიუჯეტის შეუსრულებლობაც აპატიოს და, საჭიროების შემთხვევაში, მორიგი სეკვესტრიც დაუმტკიცოს.

მოვლენების შემდგომი განვითარების სცენარს საფუძვლად დაედება პოლიტიკური ძალების მზადყოფნა მორიგი სახელისუფლო გადანაწილებისთვის. გასული წლის ბოლოს პარლამენტმა ხელახლა დაამტკიცა ძველი მინისტრები, რადგან ახლების დასამტკიცებლად მზად არ იყო: დეპუტატები და ფრაქციები ჯერ კიდევ საკუთარ ადგილს თუ პარტნიორებს ეძებდნენ. ამიტომ, ძალთა საბოლოო გადანაწილებამდე პარლამენტმა ტაიმ-აუტი აიღო.

დღეს საუბარია ორ ვარიანტზე: მთელი პოლიტიკური სპექტრის გაყოფაზე ორ ან სამ ნაწილად. პირველ შემთხვევაში მივიღებთ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ბანაკს: პოლიტიკურს და ნომენკლატურულს; მეორე შემთხვევაში კი ძალები ასე გადანაწილდება: შეიქმნება სამი კოალიცია – რეფორმატორების, "აღორძინების" და მემარჯვენე ძალების. მესამე კოალიციაში გაერთიანდებიან ახალი მემარჯვენეები, ეროვნულ-დემოკრატები, გუბერნატორები, მრეწველთა ნაწილი და ცალკეული გავლენიანი ფიგურები.

სანამ ძალთა გადანაწილება არ დასრულდება, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ სამსჯელო და საგაზეთო თემად დარჩება. ხოლო თუ მაისამდე ან სამი კოალიცია ჩამოყალიბდება, ან - ორი ბანაკი, შესაძლოა, პარლამენტი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს სერიოზულად დაუბრუნდეს. და, იმ შემთხვევაში, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება სკამებს ჩაებღაუჭება, პოლიტიკურ ძალებს მხარს აქტიურად დაუჭერს საზოგადოება. მაგრამ მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად არის მოსალოდნელი. რადგან, ჯერჯერობით, პოლიტიკური ძალები და გავლენიანი ფიგურები არ ჩქარობენ სტრატეგიული პარტნიორების გამხელას. ასათიანისა და სააკაშვილის თანაგუნდელები ხალისით აკრიტიკებენ ჟვანიას, ახალი მემარჯვენეები კატეგორიულად უარყოფენ ეროვნულ-დემოკრატებთან ან გუბერნატორებთან თანამშრომლობას და არც ჭაჭია-აბაშიძის “ტანდემი” ჩანს ძველებურად მტკიცე. მაგრამ პოლიტიკური პროცესის ლოგიკა ამ ძალებს, ადრე თუ გვიან, ერთმანეთთან მიიყვანს. და საფიქრებელია, რომ ეს მოხდება უფრო გვიან შემოდგომაზე, ვიდრე გვიან გაზაფხულზე.

შეუძლებელია, მთავრობამ არ გააცნობიეროს საფრთხის ხარისხი და თავის გადარჩენაზე არ იზრუნოს. ალბათ, ბიუჯეტის შესრულებაზე საგანგებო კონტროლი დაწესდება და ყველა ბერკეტი ამოქმედდება პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად. უკეთეს შემთხვევაში, წლის პირველ თვეებში ბიუჯეტი შესრულდება და კრიზისიც შემოდგომამდე გადავადდება. მთავარი მაინც ისაა, როგორ გამოიყენებენ პოლიტიკური ძალები მთავრობის შესაძლო გადადგომას და საზოგადოების უკმაყოფილებას აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობით.

ფაქტია, რომ მთავრობის გადადგომამდე საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუკი რომელიმე პოლიტიკური კოალიცია ან ბანაკი გადაწყვეტს, ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. ამას შესაბამისი ძალა და შესაბამისი პოლიტიკური ნება სჭირდება. დღევანდელი მთავრობა ნეიტრალურია. ამიტომაც, პოლიტიკოსებს სამოქმედოდ ოპოზიციური ნიშაღა რჩებათ. ჯერჯერობით, ოპოზიციურ ფრონტზე დიდი სიმჭიდროვეა. თუმცა, როგორც კი ძალები გაერთიანდება, თითოეული ბანაკი თუ კოალიცია სწორედ არჩევნების წინ შეეცდება სახელისუფლო ბერკეტების მოპოვებას. ესე იგი, წლის ბოლოსთვის როლები შეიცვლება და საფიქრებელია, რომ დაიწყება ღია ბრძოლა არა ოპოზიციონერობისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის.

მომავალი პოლიტიკური კრიზისი და მისი განმუხტვის შემდეგ მიღებული სურათი ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის ძალთა ახალ განლაგებაზე ხელისუფლებაში. მაგრამ თუ მიმდინარე წელიწადი კრიზისის გარეშე მიილია, ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ პოლიტიკური ოპონენტების ძალები დაახლოებით თანაბარია. ამ შემთხვევაში, თითოეული ბანაკი თუ კოალიცია იძულებული შეიქნება, შემდგომ გამსხვილებაზე და ოპონენტების გადაბირებაზე იზრუნოს. ეს ლოგიკა კიდევ ერთ პროგნოზამდე მიგვიყვანს: მიმდინარე წელს თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება. რადგან ახლა ყველა პარტია თავისი სტრატეგიის მთავარ ორიენტირად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG