Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წლის პოლიტიკური პერსპექტივები


მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანა მომავალი წლისთვის მზადება იქნება.

საქართველოს კონსტიტუცია მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სწორედ 2003 წელს ითვალისწინებს. პარტიები პოლიტიკური პარტნიორების ძებნას უკვე შეუდგნენ. არ არის გამორიცხული, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი ორ დიდ ბლოკად გაიყოს.

1995 წლიდან 2003 წლამდე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარებული მოვლენები, ალბათ, ერთიან პროცესად უნდა წარმოვიდგინოთ. 1995 წლიდან დღემდე არც პრეზიდენტი შეცვლილა, არც პოლიტიკური სპექტრი ამღვრეულა და ზეამოცანაც ერთი და იგივეა - სახელმწიფოს აშენება.

ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ჩინოსანსაც და უჩინოსაც, მძიმე რეალობის წინაშე აყენებს: ახალი სახელმწიფოს აშენება და ჩამოყალიბება გარდუვალია. ამ საქმეს ჩვენს გარდა ვერავინ შეასრულებს. ოღონდ, ეგ არის, რომ ეს ახალი სახელმწიფო სხვადასხვა ათვლის წერტილიდან სულ სხვადასხვაგვარად გამოიყურება.

მთავარი ათვლის წერტილი მაინც ორია და ამ წყვილის ხატოვან სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ორი სახელისუფლო შენობა: სახელმწიფო კანცელარია და პარლამენტი. კანცელარია ჩინოვნიკების შიდა სივრცეა, პარლამენტი - პოლიტიკოსების. ამ ორი ათვლის წერტილის და ორი შენობის გამაერთიანებელი ფიგურა კი პრეზიდენტია - ედუარდ შევარდნაძე.

როდესაც შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და საქართველოს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სწორედ მაშინ გაირკვევა, რომელი ძალა აღმოჩნდება აღმატებული: ნომენკლატურული თუ პოლიტიკური. პრეზიდენტი არ ჩქარობს, თავისი პოზიცია გაამჟღავნოს და თავისი რჩეული გამოაცხადოს; თუმცა, 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე შევარდნაძემ ღიმილით გვაუწყა: მომავალ არჩევნებში ან მე გავიმარჯვებ, ან ის - ვისაც მე შევარჩევო. 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წრე კიდევ უფრო შევიწროვდება და გაიმარჯვებს ის, ვისაც შევარდნაძე შეარჩევს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს დღევანდელი პრეზიდენტი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი და პოლიტიკის გამოცდილი ექსპერტი დავით ბერძენიშვილი მოვლენების შესაძლო განვითარების მკაფიო სცენარს აღწერს: შეიქმნება დიდი კოალიცია, რომელიც გააერთიანებს ნაციონალურ მოძრაობას, ჟვანიასა და ასათიანის პარტიებს, რესპუბლიკელებს და მრეწველებს, შესაძლოა, სხვა პარტიებსაც. ნომენკლატურის ბანაკში კი თავს მოიყრიან: კანცელარია, გუბერნატორებისა და გამგებლების უმრავლესობა, ასლან აბაშიძე თავისი ავტორიტარული რეჟიმით აჭარაში, პატარკაციშვილი თავისი ფულით, ვაჟა ლორთქიფანიძე თავისი წრით, შესაძლოა, თემურ შაშიაშვილიც. დავით ბერძენიშვილის სიტყვასიტყვითი პროგნოზის თანახმად, "შევარდნაძისა და აბაშიძის ირგვლივ საკმაოდ აჯაფსანდალი კამპანია შეიქმნება, რომელსაც დაუპირისპირდება ზემოთ ხსენებული პოლიტიკური ალტერნატივა."

ნომენკლატურის ერთიანი ბანაკი მასშტაბურად გეგმავს, დაეყრდნოს პრეზიდენტს. თავის მხრივ, ჟვანიაც ცდილობს შევარდნაძის ფაქტორის გამოყენებას. იმის გამო, რომ ამ ორ ბანაკს შორის დაბალანსების ვადა იწურება, მოსალოდნელია დიდი პოლიტიკური ვატერლოო და, უნდა დავეთანხმოთ რესპუბლიკური პარტიის ლიდერს, "ვაი მისი ბრალი, ვინც წააგებს. რომელი ბანაკიც წააგებს, მას ძალიან მძიმე პერსპექტივა ელის".

უნდა ითქვას, რომ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში ნომენკლატურის ბანაკს ბევრი "დედაბოძი" წაექცა. ამ ბანაკის დანაკლისი, შესაძლოა, აუნაზღაურებელიც აღმოჩნდეს გადამწყვეტ ბრძოლაში. ხელისუფლებაში აღარ არიან ერთ დროს მეტად გავლენიანი ფიგურები: შოთა კვირაია, ვარდიკო ნადიბაიძე, დავით ზუბიტაშვილი, ფრიდონ ინჯია, ბაკურ გულუა, კახა თარგამაძე, ვანო ჩხარტიშვილი... ის ადამიანები, რომლებიც მათ ნაცვლად იკავებდნენ თანამდებობებს, სულ უფრო და უფრო ნაკლებ ხიფათს უქმნიდნენ პოლიტიკურ ბანაკს. თუ ამ რეალობაში ტენდენციას დავინახავთ, პოლიტიკურ ბანაკს მოუხდება იმის აღიარება, რომ შევარდნაძე, ღიად თუ ფარულად, სწორედ მათ სტრატეგიულ ინტერესებს ლობირებს.

მეორე მხრივ, დანაკლისს ვერც პოლიტიკური ბანაკი ასცდა. ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა; მისმა თანამოაზრეებმა ზედიზედ დაკარგეს სახელისუფლო ბერკეტები; "ახალი მემარჯვენეები" და ეროვნულ-დემოკრატები კი ორ ბანაკს შორის არიან მოქცეული. თუ ისინი საბოლოოდ ნომენკლატურულ ბანაკში დამკვიდრდებიან, რაც თითქმის გადაწყვეტილი ჩანს, მას გვარიანად გააკეთილშობილებენ და პოლიტიკურ ბანაკს პოტენციური მომხრეების საგრძნობ ნაწილს ჩამოაცილებენ.

2002 წლის განმავლობაში ძალთა განლაგების ზოგადი სქემა ჩამოყალიბდება და საზოგადოებას ეცოდინება, "ვინ რომელ მოედანზე თამაშობს". მანამდე კი, ფუნქციების და როლების საბოლოოდ გადანაწილების წინ, მოსალოდნელია პოლიტიკური კრიზისი და მისი განმუხტვა რომელიმე ბანაკის სასარგებლოდ. სავარაუდოდ, ეს მოხდება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე; გააჩნია, რა ვადებს მოითხოვს მოვლენების განვითარების ლოგიკა. პოლიტიკური კრიზისის საფუძვლებზე და შესაძლო შედეგებზე სხვა დროს ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG