Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი ჩეჩნეთსა და ინგუშეთში


ჩეჩნეთსა და ინგუშეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ამავე საბჭოს მიგრაციისა და ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარის, ტადეუშ ივინსკის ხელმძღვანელობით.

დელეგაციას ახლდა რუს პარლამენტართა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყო სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი როგოზინი. ვიზიტის მიზანი ლტოლვილთა ბანაკებში არსებული მდგომარეობის გაცნობა გახლდათ.

ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ნანახის შესახებ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები მომავალ კვირაში მოახსენებენ საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც 21-დან 25 იანვრამდე სტრასბურგში იმუშავებს.

მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ევროსაბჭოს მიგრაციისა და ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარემ უკვე გაუზიარა ჟურნალისტებს. კერძოდ, ტადეუშ ივინსკიმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორი წლის წინანდელ ვიზიტთან შედარებით ლტოლვილთა ბანაკებში უკეთესი მდგომარეობაა. დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩეჩენი ლტოლვილებისგან და სხვა სამოქალაქო პირებისგან მას თითქმის აღარ გაუგონია ზიზღით სავსე გამონათქვამები რუსი სამხედროების მისამართით.

ივინსკიმ რწმენა გამოთქვა, რომ მიმდინარე ზამთარი ჩეჩენი ლტოლვილებისთვის კარვებში გატარებული ბოლო ზამთარი იქნება. ყოველ შემხთვევაში, ასეთი დაპირება მისცა მას ჩეჩნეთის პრომოსკოვური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, სტანისლავ ილიასოვმა.

მაგრამ ექსპერტთა დიდ ნაწილს ეჭვი ეპარება, მდგომარეობა უახლოეს მომავალში გამოსწორდეს. გასულ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა გახშირებული დარღვევებისთვის, მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი. ვაშინგტონის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა, რიჩარდ ბაუჩერმა, მართალია, აღიარა, რომ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ჩეჩნეთში ტერორისტებთან აქვთ საქმე, მაგრამ მანვე უსაყვედურა მოსკოვს, რომ იგი საკმარისად არ ცდილობს, კრიზისი პოლიტიკური გზით მოაგვაროს.

ბაუჩერის თქმით, ასეთი ვითარება ხელს უწყობს ტერორიზმისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. [რიჩარდ ბაუჩერის ხმა] “ჩეჩნეთში რუსეთის მიერ წარმოებული ოპერაციების შესახებ ბოლო ინფორმაცია ცხადყოფს, რომ იქ კვლავინდებურად ირღვევა ადამიანის უფლებები და გრძელდება სამოქალაქო ობიექტების მიმართ ძალის გამოყენება.”

ამ დღეებში ჩეჩნეთში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დაუშვებელ ქმედებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ საფრანგეთშიც, სადაც სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტი სტუმრობდა. თანაც, ამ მხრივ თავი გამოიჩინეს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, არამედ ცალკეულმა პოლიტიკოსებმაც.

მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მწვანეთა პარტიიდან, ნოელ მამერმა, პუტინის მიწვევისთვის მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი. მამერმა პუტინს, არც მეტი, არც ნაკლები, “სისხლისმსმელი” უწოდა და განაცხადა, რომ ნამდვილი ტეროროზმი იმ ომია, რომელსაც რუსეთი ჩეჩნეთში აწარმოებს.

კრემლს ამ ბრალდებებზე ოფიციალურად არ უპასუხია. თუ პასუხად არ ჩავთვლით ვლადიმირ პუტინის გამოსვლას სამშაბათს, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] “რით განსხვავდება ეს დანაშაულებრივი რეჟიმი თალიბანისგან? არაფრით. იქნებ მხოლოდ იმით, რომ ის კიდევ უფრო სისხლიანია. და სრული უფლება გვაქვს, მის მიმართ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ; თუ იურიდიული საშუალებები საკმარისი არ არის.”

ამ განცხადებიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, მოსკოვი ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას ესწრაფოდეს.
XS
SM
MD
LG