Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულიერებისა და პოლიტიკის შესახებ


9 იანვარს გაზეთმა "რეზონანსმა" გამოაქვეყნა მეცნიერის და პედაგოგის კახა ჯამბურიას პუბლიცისტური წერილი, რომელსაც ახლავს რედაქციის შემდეგი მინაწერი:

"ეს წერილი ჩვენს მკითხველს, ალბათ, ბევრ საჭირბოროტო საკითხზე დააფიქრებს".

წერილი მართლაც დამაფიქრებელია, თუნდაც, იმის გამო, რომ მასში ერთმანეთის გვერდით არის გაბნეული უდავო ჭეშმარიტებები და საკამათო აზრები. ამ სტატიასთან დაკავშირებით გესაუბრებით არჩევანზე სულიერებასა და პოლიტიკას შორის.

კახა ჯამბურიას პუბლიცისტური წერილი, რომელიც ქართული საზოგადოების პრობლემებს ეძღვნება, მართლაც აქტუალურია. წერილის არსი ისაა, რომ დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისის პირველმიზეზი ზნეობის კრიზისია; რომ ჩვენი უბედურების სათავე დემოკრატიის კი არა, სულიერების დეფიციტია.

კახა ჯამბურია საზოგადოების სწორედ იმ ფენის წარმომადგენელია, რომელიც ინტელექტუალური შრომით საზრდოობს, რომელიც ბევრს ფიქრობს თავისი ქვეყნის წარსულსა და მომავალზე, მაგრამ გააზრებულად არიდებს თავს, უფრო მეტიც, თაკილობს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას.

საბჭოთა პერიოდში, როდესაც საქართველოს პოლიტიკას კრემლი წარმართავდა, საზოგადოების ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი იყო მწერლობა, ინტელიგენცია. სწორედ მწერლები, მეცნიერები, მსახიობები, მხატვრები ქმნიდნენ იმ ორიენტირებს, რომლებსაც საქართველო უნდა გადაერჩინა. მაგალითისთვის "თვითმფრინავის ბიჭებისადმი" თანადგომაც კმარა.

იმის შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თვითგადარჩენისთვის დიდ ომში ჩაება, ინტელიგენციამ უკან დაიხია და ასპარეზი პოლიტიკოსებს დაუთმო. ხოლო ის მწერლები და რეჟისორები, რომლებმაც ჩრდილში დგომა არ ისურვეს, უშუალოდ აღმოჩნდნენ ჩართული პოლიტიკაში.

საზოგადოების ავანგარდში მოექცნენ ჟურნალისებიც, რომლებიც ყველაზე ახლო დისტანციიდან ადევნებდნენ თვალყურს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეების საქმიანობას; შემდეგ კი თავის ცოდნას საზოგადოებას უზიარებდნენ.

ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკოსი პოტენციურ ამომრჩეველს უმტკიცებს, რომ მისი პოზიციები უმჯობესია, ვიდრე ოპონენტების. საქართველოში პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო აგრესიული ბუნებისაა, რადგან ერთმანეთს ეჯახება ორი მსოფლხედვა: ძველი და ახალი, კლეპტოკრატიული და დემოკრატიული, პრორუსული და პროდასავლური.

ედუარდ შევარდნაძე, როგორც გარდამავალი პერიოდის ლიდერი, არ ჩქარობს რომელიმე ბანაკის დათრგუნვას და ცდილობს, მათ შორის ბალანსით შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში. გაუთავებელი ომი კიდევ მეტ აგრესიას ბადებს დაპირისპირებულ მხარეებში და, შესაბამისად, გაზრდილი აგრესიით არის დახუნძლული ჟურნალისტების მიერ საზოგადოებისთვის მომზადებული მასალაც.

ეს რეალობა უშუალოდ უკავშირდება კახა ჯამბურიას პუბლიცისტურ წერილს, რომელშიც პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების საქმიანობით გაღიზიანება იგრძნობა. წერილის ავტორი დღევანდელ რეალობას აფასებს, როგორც ფასეულობათა დევალვაციას და შეგვახსენებს, რომ ხსნა მხოლოდ სულიერებაშია. წერილში ვხვდებით პოსტულატებს, რომლებიც უდავოდ გასაზიარებელია. მაგალითად, ამგვარს: "ზნეობრივი ადამიანები გაჭირვების გამოც არ კლავენ და არ ქურდობენ!" ან ამგვარს: "ვერც რუსეთი გვიშველის და ვერც ამერიკა გადაგვარჩენს, რადგან მიზეზი ჩვენშია!"; ან ამგვარს: "ჩვენზე უარესი ხალხი არ არსებობს ქვეყანაზე! - ამის განცხადება ზუსტად ისეთივე ამპარტავნებაა, როგორც იმის მტკიცება, რომ - რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!"

ეს ნაწყვეტები წერილის დეტალებია, მთავარი კი ორი მოწოდებაა. პირველი: "საჭიროა, შეწყდეს მასობრივი საშუალებებიდან მუდმივად სიძულვილის, ბოღმის და ზიზღის გადმონთხევა - ერთმანეთის ლანძღვა-გინება და საქმეების გარჩევა." და მეორე: "მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლიც ჯერ არ ჩარეულა პოლიტიკურ აურზაურში და ჯერ არ გამოუთქვამს თავისი აზრი, რადგან პოლიტიკურ ბატალიებში ჩარევას თაკილობდა; მივმართავ მწერლებს, ხელოვანებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, რომ გამოხატონ საკუთარი ნება და უთხრან პოლიტიკურ ორთაბრძოლებში ჩართულ თანამემამულეებს: ასე აღარ შეიძლება! შევჩერდეთ, თორემ ამ ქვეყანას მომავალი აღარ ექნება! სიძულვილი ანგრევს, შენება კი მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი".

ამ მოწოდებების სულისკვეთება, ალბათ, მისაღებია "რეზონანსის" მკითხველებისთვისაც და "რადიო თავისუფლების" მსმენელებისთვისაც; პირადად ჩემთვისაც, როგორც ჟურნალისტისთვის; პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც თავად სულმოუთქმელად ელოდებიან საზოგადოების გააქტიურებას.

ოღონდ იმისათვის, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა სწორად განსაზღვროს თავისი ადგილი და ფუნქცია, ალბათ, უმჯობესია, მოვიშოროთ ქედმაღლობა პოლიტიკოსების თუ ჟურნალისტების მიმართ. აგრესია, რომელიც ბევრს აღიზიანებს, მხოლოდ იმის დასტურია, რომ გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობას კი დღეს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იცავენ. სხვა თუ არაფერი, სწორედ მათი სიცოცხლე ჰკიდია ბეწვზე და მათკენ არის მიშვერილი ლულა. და თუ ტყვია იშვიათად ვარდება, ამის გარანტი არის საზოგადოება, მათ შორის, ინტელიგენცია. ამიტომ, საზოგადოების მიზანი უნდა იყოს პოლიტიკოსებისადმი და ჟურნალისტებისადმი თანადგომა, გნებავთ, მათი მუდმივი კონტროლი, მაგრამ არამც და არამც მათთან დაპირისპირება.
XS
SM
MD
LG