Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთი ცდილობს „უცხოეთის აგენტებს“ საზღვარგარეთაც მისწვდეს

რუსეთი ცდილობს „უცხოეთის აგენტებს“ საზღვარგარეთაც მისწვდეს


"თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები!" - წარწერა პლაკატზე.
"თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები!" - წარწერა პლაკატზე.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის ხელისუფლებას, "უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული პირები დასაჯოს რუსეთის ფარგლებს გარეთ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საშუალებას აძლევს მართლმსაჯულებას, პასუხისგებაში მისცეს რუსეთის მოქალაქე სხვა (უცხო) ქვეყანაში ჩადენილი ქმედებების გამო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში: კერძოდ, თუ არსებობს რუსეთსა და იმ „სხვა ქვეყანას“ შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ კონკრეტულ საკითხს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამგვარი შეთანხმებები სავარაუდოდ არ არსებობს. თუმცა, 2016 წლიდან რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცნობს ამ წესიდან გამონაკლისს (ე.წ. ექსტერიტორიულობას) სამ შემთხვევაში, რაც საშუალებას აძლევს მოსკოვს, დასაჯოს თავისი მოქალაქეები საზღვარგარეთ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, თუკი მათი ქმედებები მიმართული იყო „რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ“.

პირველმა ექსტერიტორიულმა შესწორებამ შესაძლებელი გახადა რუსული კომპანიების დასჯა უკანონო ანაზღაურების (ქრთამის) რუსეთის ფარგლებს გარეთ აღებისათვის (რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.28 მუხლი).

2022 წელს შემდეგი ექსტერიტორიული გამონაკლისი გავრცელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15.27.3 მუხლზე, რომელიც ფულის გათეთრებას ეწინააღმდეგებოდა. მუხლი ითვალისწინებს კომპანიების დასჯას იმ ტრანზაქციებსა და ფინანსურ ოპერაციებზე, რომლებიც განხორციელდა კომპანიების ინტერესებში შეგნებულად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გამოყენებით.

ფიზიკური პირებისთვის სასჯელის ექსტერიტორიულობა შემოღებული იქნა 2021 წელს - რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალათ "არასასურველ" ორგანიზაციასთან თანამშრომლობა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისი ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1.8 მუხლის მე-3 ნაწილში.

თუმცა, განა რუსეთის ხელისუფლება უკვე არ აჯარიმებს საზღვარგარეთ მყოფ „უცხოეთის აგენტებს“? - კითხულობენ ადამიანის უფლებების დამცველები.

რუსეთის სასამართლოები უგულებელყოფენ 1.8 მუხლს, რომელიც წესით ზღუდავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, რუსეთის სასამართლოები იგნორირებას უკეთებენ ადვოკატების მიერ მოშველიებულ ამ მუხლს იმ მოტივით, რომ სადავო პუბლიკაციები რუსულ ენაზეა შესრულებული, ხოლო მათზე წვდომა (მაგალითად, სოციალური ქსელ „ტელეგრამში“) რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ მომხმარებლებზე ავტორის მიერ არ არის შეზღუდული.

ექსტერიტორიულობა - (ლათ.exterritoriali – ქვეყნის გარეშე), საერთაშორისო სამართალში ნიშნავს განთავისუფლებას მისი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციისგან. ითვალისწინებს უცხოეთის წარმომადგენლების მიერ დაკავებული შენობების (საელჩო, მისია) ხელშეუხებლობას, გადასახადებისგან განთავისუფლებას, საკუთარი დროშის აღმართვის უფლებას და სხვა. ექსტერიტორიულობით სარგებლობენ, აგრეთვე, სამხედრო ხომალდები უცხოეთის ნავსადგურებში, საჯარისო ნაწილები და თვითმფრინავები, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვით.

ეს კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ ექსტერიტორიული დასჯის შესახებ წარადგინეს იმ „პროფილური“ კომისიის დეპუტატებმა, რომელიც იძიებს „რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების ჩარევის ფაქტებს“. ეს გარემოება სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საკანონმდებლო ინიციატივას შემჭიდროებულ ვადებში აქცევს კანონად. მეტიც, როგორ მიმომხილველები ამბობენ, მეორე მოსმენით კანონპროექტში შესაძლოა დამატებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ.

მაგალითად, კანონპროექტში შეიძლება შეიტანონ დებულებები სხვა კანონპროექტიდან, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ დევნას რუსეთის ყველა მოქალაქის და არა მხოლოდ „უცხოეთის აგენტის“ მიმართ, თუკი „მის მიერ რუსეთის გარეთ ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ“.

აღნიშნული კანონპროექტი - რუსეთის ყველა მოქალაქის ექსტერიტორიული დასჯის შესახებ - 2024 წლის ოქტომბერში თათრეთის სახელმწიფო საბჭომ და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა აირატ ფარახოვმა წარადგინეს. როგორც რუსული მედია იუწყება, დუმის დეპუტატები მის განხილვას პირველი მოსმენით უკვე 2025 წლის მარტში გეგმავენ.

კანონპროექტის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებს დამნაშავის ქონების ჩამორთმევას, თუ მისი ქმედებები საზღვარგარეთ მიმართულია „რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ“. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქონების დაყადაღება დაუსწრებლად - ბრალდებულის გარეშე.

როგორც იურისტები განმარტავენ, ყადაღის დადებისას ქონების ფიზიკურად ჩამორთმევა არ ხდება. თუმცა მესაკუთრეს არ შეუძლია მისი (ქონების) გაყიდვა, გაცემა ან სხვაგვარად განკარგვა. ყადაღა იქნება დანიშნული სასჯელის აღსრულების (მაგალითად, ჯარიმის გადახდის) შემდეგ.

თათრეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ სახელმწიფო სათათბიროსათვის წარდგენილი კანონპროექტი, როგორც ჩანს, უფრო კარგად არის დამუშავებული. კერძოდ, მასში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მოუწევს ქვეყნის ხელისუფლებას შეატყობინოს და მიაწოდოს პროცედურული დოკუმენტები რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანონმდებლობის „დახვეწით“ შეძლებს რუსეთის კანონმდებლობის დარღვევისათვის საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის სათანადოდ დასჯას - დაჯარიმებისა და ქონების ჩამორთმევის სახით.

თუმცა ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დააკმაყოფილა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული რუსეთის 30-ზე მეტი მოქალაქის საჩივარი.

სასამართლოს ვებგვერდზე 6 მარტს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ევროპის სასამართლომ დააკმაყოფილა 31 მომჩივნის საჩივარი საქმეზე „ზახაროვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“.

საქმეში, რომლის დასახელებაში გამოყენებულია რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ანდრეი ზახაროვის სახელი, გაერთიანებულია კომიკოსისა და ტელეწამყვანის, მაქსიმ გალკინის; მუსიკოსის ანდრეი მაკარევიჩის; ტელეწამყვანების მიხაილ შაცისა და ტატიანა ლაზარევას; ისტორიკოს თამარა ეიდელმანის; ანტიკორუფციული ფონდის თანამშრომლების ივან ჟდანოვისა და ლეონიდ ვოლკოვის; ბიზნესმენ ბორის ზიმინის; პოლიტიკოს ლეონიდ გოზმანის; ჟურნალისტების - ირინა მალკოვას, ევგენია ალბაცის, იულია ლატინინასა და მაიკლ ნაკის საჩივრები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა დაარღვია მომჩივნების პირადი ცხოვრების პატივისცემის ან აზრის თავისუფლების უფლება. თითოეული მათგანისთვის გადასახდელი კომპენსაციის მოცულობად განსაზღვრა 10 000 ევროს კომპენსაცია, ასევე 250 ევრო იურიდიული ხარჯების დასაფარად.

თავის განცხადებაში ECHR მიუთითებს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი სტიგმის გამჩენი და შეცდომაში შემყვანია, ხოლო თავად კანონი და მისი გამოყენება არღვევს გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის უფლებებს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ყველა მომჩივანი „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ანუ ვიდრე რუსეთის ფედერაცია გამოვიდოდა ECHR-დან და შეწყვეტდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრობას. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ჰქონდა უფლება, განეხილა ეს განცხადებები.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ევროპის საბჭოში წევრობის შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას კონვენციის ორგანოებთან თანამშრომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულებისგან“, - ნათქვამია ECHR-ის განცხადებაში.

რუსეთის ფედერაცია (2022 წლის 15 მარტის შემდეგ) უარს ამბობს აღასრულოს კანონიერ ძალაში შესული ECHR-ის გადაწყვეტილებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG