ერთი წლის წინ საშინაო და საგარეო ზეწოლის შედეგად ჩაგდებული „აგენტების კანონის“ უკან დაბრუნებას აკრიტიკებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი. კანონს მხარს უჭერენ რუსეთში.
„ოცნების“ ხელისუფლება ირწმუნება რომ კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებში უცხოური [ევროპული, ამერიკული] დაფინანსებისა და, შესაბამისად, ინტერესების გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს და ის ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის მსგავსია.
დუგინის რეკომენდაციები
16 აპრილს, ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ პოსტში, ალექსანდრ დუგინი საქართველოს მოქალაქეებს ორ ნაწილად ყოფს: „პატიოსან გონიერ ქართველებად“ და „რუსეთში აკრძალული ლგბტ-ს ცოფიან მხარდამჭერებად“.
ის ამ მეორე კატეგორიას მოაკუთვნებს ოპოზიციონერ დეპუტატს, ალექსანდრე ელისაშვილს, რომელიც 15 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე, ფიზიკურად დაუპირისპირდა „აგენტების კანონის“ თანაავტორს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს.
ელისაშვილმა მდინარაძეს „ნომრიანი რუსი აგენტი“ უწოდა.
ამ ინციდენტს დუგინი „აგრესიის პირდაპირ აქტს“ უწოდებს, მიუთითებს, რომ ვითარება კვლავ გამწვავდა საქართველოში და ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ოპონენტების განადგურებისკენ მოუწოდებს. მისი რეკომენდაცია - სწრაფად მოქმედებაა.
„თუ საქართველო ძვირფასია ქართველებისთვის, მაშინ ქვეწარმავალი ახლავე და უმოწყალოდ უნდა გაანადგურო. აშშ-ის აგენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად. იქ პრეზიდენტი არაფერს ნიშნავს და შეიძლება თვალის დახამხამებაში მისი შეცვლა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის არჩევა. მთავარია იყოს ნება. რკინის ხელის დრო. ქართველები ასეთებიც არიან ხოლმე, როგორც ისტორია გვასწავლის. გახსენების დროა, როგორ კეთდება ეს“, - წერს დუგინი საკუთარ ტელეგრამარხზე.
კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი დუგინი საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღებას უჭერს მხარს.
15 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს:
ომი ფეიკებით
პროტესტის ტალღა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოეთის აგენტების კანონის“ კვლავ ინიციირებას მოჰყვა, შესამჩნევ დისკომფორტს იწვევს რუსეთში.
იყენებენ დეზინფორმაციის ხერხებს.
მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს.
ტელეგრამარხი „ვოინა ს ფეიკამი“ აღნიშნავს, რომ „უცხოეთის აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი „გასაკვირი არ არის, რადგან ფაქტობრივად უცხოეთის აგენტია ქვეყნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საფრანგეთის მკვიდრი, რომელიც, როგორც თავად ქართველები ამბობენ - არ გამოდის აშშ-დან“.
დეზინფორმაციული ტექსტის თანახმად, მომიტინგეების ორგანიზებაში სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოები და დიპლომატიური კორპუსი ეხმარებიან.
„რაც საინტერესოა - ქართული "უცხოეთის აგენტების კანონი" სინამდვილეში წარმოადგენს იმ ამერიკული კანონის კალკს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ მიიღეს. თითქოს, აშშ და საქართველოს დამჯერი პრეზიდენტი პირზე დუჟმომდგარები უნდა იცავდნენ ამერიკის პირმშოს; მაგრამ პირიქით ხდება, რადგან დემოკრატია დემოკრატების ძალაუფლებაა“.
ქართველებს აზრზე მოსვლას ურჩევს რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, პუტინთან დაახლოებული სერგეი მარკოვი, რომელიც ამჟამად პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორია და ძალიან ხშირად იწვევენ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე.
„უცხოეთის პროამერიკელი და პროევროპელი აგენტები თავს ესხმიან [სიტყვით] გამომსვლელ ადამიანს და ასე სასტიკად სცემენ მას“, - მარკოვი ალექსანდრე ელისაშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ვიდეოს აზიარებს და წერს ასევე, რომ „უწინ ევროპისკენ და აშშ-სკენ იყვნენ დემოკრატები და ჰუმანისტები, ხოლო ახლა ევროპისკენ და აშშ-სკენ არიან დამნაშავეები და დემოკრატიის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის სასტიკი მტრები“.
რუსეთში ხშირად ახსენებენ, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორი „მაიდანს“ ამზადებს.
„[არასამთავრობოებს და მედიას] მშვენივრად ესმით, რომ მისი [კანონპროექტის] მიღების შემდეგ, მიისრისებიან სრულიად აშკარა რამეების გამო. აი, ამიტომაც ჭყვიტინებენ“, - წერდა მანამდე ე.წ. სამხედრო ჟურნალისტი, ბორის როჟინი.
ტელეგრამარხმა Генерал СВР-მა (СВР არის რუსეთის საგარეო დაზვერვის აბრევიატურა) 16 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეოთათბირი გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელებთან.
ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის ასოცირებული მკვლევარი, ეთო ბუზიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციას ამხელს, წერს, რომ ამ არხს, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, აქვს ტყუილების და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების დიდხნიანი ისტორია.
„საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და ამ კანონის მიღება დაჟინებით რეკომენდებული იყო რუსი კურატორების მიერ“, - წერია Генерал СВР-ის ცნობაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ მოსკოვი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმართული აქციის დარბევის მომხრეა და იღებს ზომებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების კონტროლისთვის.
ეთო ბუზიაშვილი წერს, რომ არავინ იცის, რა არის „გენერალი SVR“-ის მოტივაცია და მიზანი და ვარაუდობს, რომ ამ არხის უკან შეიძლება იდგნენ როგორც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ასევე, უბრალოდ ოპორტუნისტები, რომლებიც თემას იყებენ ყურადღების მისაპყრობად და აუდიტორიის გასაფართოებლად.
თუ სპეცსამსახურები დგანან, მათი მიზანი შეიძლება იყოს:
1) ფსიქოლოგიური ოპერაცია - ქაოსის და პანიკის გამოწვევა რაღაც ინფორმაციის გავრცელებით;
2) საზოგადოებაზე ინფორმაციის დატესტვა - რა რეაქცია ექნება კონკრეტულ საზოგადოებას და როგორ მოიქცევა ის;
3) საზოგადოების საქციელზე გავლენის მოხდენა - რაღაცის გაკეთება ან არ გაკეთება წაახალისოს, - წერს ბუზიაშვილი.
„საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 4 აპრილს.
ასევე მისი სიტყვებია, რომ - „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში“ და „ეს ნორმალური პრაქტიკაა“.
რუსეთის მედიის ცნობით, პუტინის პრესმდივანმა „მწვავე და ხისტი“ უწოდა საქართველოს ხელისუფლების ოპონენტების რეაქციებს, ხოლო მცდარი - მათ მტკიცებას, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღება იგეგმება.
„საჭიროა მათ [კრიტიკოსებს] უბრალოდ უფრო აქტიურად აუხსნან - [საქართველოში ინიციირებულის] რუსულ პროექტად ჩათვლის აბსურდულობა“, - პესკოვი ამბობს, რომ „უცხოელ აგენტებთან ბრძოლის სისტემა“ სულ თავიდან აშშ-ში გამოიგონეს“.
„აგენტების კანონის“ ხმაურიან განხილვაზე
ბრალდებები მოსკოვის ინტერესებისა და სურვილების მიხედვით მოქმედების შესახებ ხშირად ისმის საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
„ქართული ოცნება“ ასეთ ბრალდებებს მუდამ აბსურდად მიიჩნევს და რუსეთის მოკავშირეობაში, პირიქით - ოპოზიციას სდებს ბრალს.
„შარშანაც ასე იყო და ოკუპანტები, რატომღაც სულ ასე ხდება - სულ თქვენს წისქვილზე ასხამენ წყალს, როდესაც თქვენ გჭირდებათ... მათ შორის, არ გამკვირვებია, როდესაც გავრილოვი აქ რომ წამოსკუპდა [პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში], 3 წუთში იპოვა ერთ-ერთმა თქვენმა ტელევიზიამ... ასე იყო შარშანაც, დუგინები და პესკოვები ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ და ჩვენ ევროინტეგრაცია უზრუნველვყავით იმ ხარისხით, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდით“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს, 16 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე „აგენტების კანონის“ განხილვისას, როცა ისინი „ოცნების“ ხელისუფლებას კრემლის საეჭვო მხარდაჭერაზე მიუთითებდნენ.
„აცხადებთ, რომ სუბიექტურად ეს კანონი აწყობს მხოლოდ საქართველოს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ეს კანონი აწყობს დუგინს, პესკოვს და რუსეთს. რატომ?!“, - მიმართა მდინარაძეს „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
მსგავსი რიტორიკული შეკითხვები 16 აპრილის სხდომაზე არაერთმა ოპოზიციონერმა დასვა.
„ერთადერთი, ვინც ამ კანონს ["აგენტების კანონს"] მთელ მსოფლიოში იწონებს, არის პუტინის პროპაგანდისტი დუგინი და კრემლის სხვა პროპაგანდისტები, კითხვა მაინც არ გიჩნდებათ საკუთარ თავთან, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით თქვენ ღალატობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს?“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ, რომ, სიღრმეებში ჩასვლის გარეშე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მათი პროტესტისთვის საკმარისია ის ფაქტიც, რომ - მას მხოლოდ „ქართული ოცნება“ და რუსეთი უჭერენ მხარს.
საქართველოს აფრთხილებენ ისინი, ვისაც კრემლმა უკვე მიაწება „აგენტის“ იარლიყი და, თანდათან, უთვალავი შეზღუდვაც დაუწესა. მათ რუსეთში აღარ დაედგომებოდათ.
„ჩემთვის საგანგაშოა იმის ნახვა, დემოკრატიული ქვეყანა როგორ ეშვება იმავე ფერდობზე, რომლიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა... უნდა ვუფრთხოდეთ არა პოლიტიკურ ოპოზიციას და კრიტიკულ პრესას, არამედ პუტინიზმს...
პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. თქვენ შემდეგ თავს ვერ დააღწევთ ამ ინფილტრატორისგან“, - წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ლონდონში მცხოვრები ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი).
„ეს ["აგენტების კანონის" დამტკიცება] არის პირველი ნაბიჯი, რეპრესიებისკენ მიმავალ არცთუ გრძელ გზაზე... საერთო ჯამში, განსხვავება არაა, რაც ახლა ხდება [საქართველოში] და რაც მაშინ რუსეთში ხდებოდა იმას შორის. რიტორიკისა და აბსურდულობის მხრივ იქაც და აქაც ერთია“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტი, ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად არის აღიარებული.
კოტრიკაძე იხსენებს, რომ რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა საწყის ეტაპზე უწყინარი არგუმენტებით შემოიფარგლებოდა, რომ რეესტრი გამჭვირვალობისთვის უნდა შედგენილიყო და არავის მუშაობა არ შეფერხდებოდა. ამასთან, კრემლს მაგალითად მოჰყავდა - აშშ-ში მოქმედი FARA, რომელთან პარალელებსაც საქართველოს ხელისუფლებაც ხშირად ავლებს.