„დაეძებენ მასალას ეშმაკი და თაგუნა“ – ეშმაკი ნესტორ კალანდაძის ფსევდონიმი იყო, თაგუნა შალვა შარაშიძის, მასალა, სავარაუდოდ, ის, რაზეც კარგი კარიკატურა ან კომიქსი გაკეთდებოდა. გაზეთი „ეშმაკის მათრახი“ 1900-იან წლებში კომიქსებს ისე ბეჭდავდა, ისიც კი არ იცოდა, რომ ამ ერთმანეთზე მიწყობილ ნახატებს კომიქსი ერქვა.
კომიქსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია, რომელიც საქართველოში მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას, თუმცა მკვლევარებმა, რომლებმაც ძველ ჟურნალებს გადახედეს, აღმოაჩინეს, რომ ქართული საზოგადოებისთვის ის არცთუ ისე ახალი ხილია.
„ეშმაკის მათრახის“ გარდა, კომიქსებს ბეჭდავდა გაზეთი „ნიშადური“, „ლახტი“, „ხუმარა“... მკვლევარი სალომე აფხაზიშვილი ამბობს, რომ თემები ძირითადად პოლიტიკური და სოციალური იყო, მაგალითად, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაშინდელი კონფლიქტი ან როგორ შობა „მატუშკა როსიამ“ დამოუკიდებელი საქართველო. კომიქსის ბოლო ნახატზე ბავშვი-საქართველო მოზეიმე ხალხის სუფრაზე ღვინის თასში ჩავარდება. მინაწერი კი გვამცნობს: „ის ჯერ კიდევ ღვინოში ფართხალებს. მისტერ უორდროპი გულის ფანცქალით ადევნებს თვალყურს მას და არ იცის, გადაურჩება ბავშვი დახრჩობას თუ ვერა“.
მედიაინოვაციების ფონდის წარმომადგენელი სანდრო გვინდაძე ამბობს, რომ გასაბჭოების შემდეგ საქართველოში კომიქსებს თითქმის აღარ ხატავდნენ, რადგან ის ბურჟუაზიულ გადმონაშთად მიიჩნეოდა. ამჯერად ქართული კომიქსები ისევ აქტუალურია, თუმცა მაინც გავლენას განიცდის.
კომიქსი, როგორც საშუალება ურთიერთობისთვის. 2017 წლის სექტემბრიდან „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ და მედიაინოვაციების ფონდი ახორციელებს პროექტს „სამშვიდობო კომიქსები“. პროექტზე ქართველები და ოსები ერთობლივად მუშაობენ. კომიქსად უნდა იქცეს 6 მხატვრული ისტორია, 3 მათგანს კი საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება.