Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიტლერი მიუნხენში, ასი წლის წინ


1918 წლის 7 ნოემბერს მიუნხენში ერთი მუჭა მუშები, ჯარისკაცები და მარქსისტი ინტელექტუალები ხელში ჩაიგდებენ ძალაუფლებას მუშტის ერთი მოქნევის გარეშე. ვიტელსბახის სასახლეზე (რომელსაც რამდენიმე საათით ადრე ბავარიის მეფე დატოვებს) წითელი დროშა აფრიალდება. მემარცხენე ჟურნალისტი კურტ აისნერი, (რომელიც ბიბლიიდან გადმოსულ წინასწარმეტყველს უფრო წააგავდა, ვიდრე ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ სიბარიტს), პრემიერ-მინისტრის სავარძელს მოირგებს.

ასე გაჩნდება 100 წლის წინ რუკაზე ბავარიის რესპუბლიკა, უფრო ზუსტად კი, „ბავარიის თავისუფალი სახელმწიფო“.

ჰიტლერი მიუნხენში დაბრუნდება ბავარიის თავისუფალი სახელმწიფოს გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ, ზუსტად მაშინ, როცა ბავარიის ახალი ხელისუფლება ქაოსის მორევში დაიწყებს ჩაშვებას. მომავალი ფიურერის მიუნხენში დაბრუნებიდან სამი თვის შემდეგ კურტ აისნერს ქუჩაში მოკლავენ. ამას მოჰყვება ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადება, ძალაუფლების სათავეში პეტერბურგელი ებრაელის, ოიგენ ლევინეს მოსვლა და მიუნხენის სრულ ანარქიაში ჩაფლობა. კომუნისტი ლევინე დაიწყებს "წითელი არმიის" შექმნას, სადაც რამდენიმე ასეული რუსი პატიმარი გაწევრიანდება. 1919 წლის 25 აპრილს, ლევინეს მეგობარი მწერალი ერიხ მიუზამი - რომელიც გახლდათ უცნაური ნაზავი ანარქიზმისა კომუნიზმთან - გამოაცხადებს საკუთარ ჟურნალ „კაენში“: „ არაფერს არ შეუძლია წინ აღუდგეს და აღკვეთოს ბოლშევიკური ტალღა, რომელმაც რუსეთის საზღვრები გადმოლახა. დედამიწაზე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ტალღას“. მიუზამის ამ დაწერილი სიტყვებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე მიუნხენში მცხოვრები მეორე მწერალი (სახელად თომას მანი), ჩაწერს თავის დღიურში: „სადილამდე ჩვენ ვისაუბრეთ გერმანიის განსაკუთრებულ ბედზე, რომელიც მდგომარეობს [იმაში, რომ] (...) გზა გადაუღობოს ბოლშევიზმის ტალღას და ხელი შეუშალოს ისტორიის იმ ყველაზე დიდ კულტურულ კატასტროფას, რომელიც ოდესმე დამუქრებია მსოფლიოს. (...) ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რუსი ებრაელის ტიპზე, როგორც ლიდერზე მსოფლიო მოძრაობისა, ვისაუბრეთ იმ ფეთქებად ნივთიერებაზე, რომელსაც ქმნის ნაზავი ინტელექტუალური ებრაული რადიკალიზმისა სლავურ ქრისტიანულ მისტიციზმთან“.

სინამდვილეში „ბოლშევიკური ტალღის“ ბედი ბევრად უფრო პროზაული აღმოჩნდება, ვიდრე ამას ორი მიუნხენელი მწერალი წარმოიდგენდა: 1919 წლის აპრილის ბოლოს ვაიმარის რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა მიავლენს 20 000 სამხედროს ბავარიის დედაქალაქში. 3 მაისს, ქუჩის ბრძოლების შემდეგ (რომლის დროსაც დაიღუპება 606 ადამიანი), რაიხსვერი (გერმანიის შეიარაღებული ძალები) მიუნხენზე კონტროლს აღადგენს.

ჰიტლერი მიხვდება, საიდან უბერავდა ქარი: იგი პირველი დღიდან ჩაერთვება რაიხსვერის მიერ ორგანიზებულ ლუსტრაციის კომისიაში. გერმანიის მომავალი კანცლერი გადაწყვეტს, აქტიურად ითანამშრომლოს ახალ სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასთან: იგი ფიცს მისცემს ამ მთავრობას; მას აირჩევენ ბატალიონის დელეგატად და გააგზავნიან სამხედროებს შორის პროპაგანდისტად. რეკრუტირებული კაპიტან კარლ მაიერის მიერ (რომელიც განთქმული იყო თავისი ანტისემიტიზმით), დელეგატ ჰიტლერის ფუნქცია იქნება, ერთის მხრივ, გამოავლინოს ჯარში რევოლუციური ელემენტი და, მეორე მხრივ, გაწიოს კონტრ-რევოლუციური პროპაგანდა. პროპაგანდის მისიის შესრულებისათვის ჰიტლერი სპეციალურ მოსამზადებელ კურსს გაივლის ჯერ რაიხსვერის ერთ-ერთ ყაზარმაში და შემდეგ მიუნხენის განთქმულ პორჩიას სასახლეში, სადაც მისი მასწავლებელი იქნება ეკონომისტი გოტფრიდ ფედერი, რომლის ლექციების კურსის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება „ებრაული ფინანსების მარწუხები“ გერმანულ ეკონომიკაზე.

ლექციები პორჩიას სასახლეში გადამწყვეტ როლს ითამაშებს 30 წელს მიღწეული ჰიტლერის ინტელექტუალურ ფორმირებაში: იქ ის პირველად მიიღებს საშუალებას „სისტემატიზება“ გაუკეთოს იმ იდეებს, გრძნობებსა თუ იმპულსებს, რომლებიც მას ახალგაზრდა ასაკიდან თავში ჰქონდა უწესრიგოდ ჩაყრილი.

  • ბოლშევიკურ რევოლუციას ხომ ებრაელები ხელმძღვანელობენ? მიუნხენელი აისნერი, ლევინე თუ მიუზამი ხომ ებრაელები იყვნენ? ისე, როგორც როზა ლუქსემბურგი ბერლინში, ბელა კუნი ბუდეპაშტში და ეგონ კიში ვენაში?
  • არმიას ხომ ომი არ წაუგია?
  • ეს ხომ ლევინეს ბოლშევიკური რესპუბლიკა იყო, რომელმაც განაიარაღა ჯარი და მტერს გაურიგდა?

ჰიტლერი ერთადერთი არ იყო, რომელიც რთულ ისტორიულ პროცესებს მარტივ პასუხს მოუნახავს. უბრალოდ, ის ერთადერთი იქნება, რომლის მარტივი პასუხიც შემდგომში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

„ებრაელობა ეს არის რასობრივი ტუბერკულოზი ხალხთა სხეულზე. ჩვენ უნდა დავივიწყოთ გრძნობის ანტისემიტიზმი: პოგრომები და აშ. და გადავიდეთ გონების ანტისემიტიზმზე, რომელიც მიზნად დაისახავს ებრაელებისათვის ყველანაირი უფლების ჩამორთმევას და მათ მოკვეთას“ - დაწერს მომავალი ფიურერი 1919 წლის 16 სექტემბერს.

ამ ტექსტის დაწერამდე ოთხი დღით ადრე ჰიტლერი რაიხსვერის დავალებით გაწევრიანდება მიუნხენში ახლადგამოჩეკილ გერმანულ მუშათა პარტიაში. ჰიტლერის მისია იქნება ამ ჯუჯა, მაგრამ ულტრამემარჯვენე პარტიაზე ინფორმაცია მიაწოდოს რაიხსვერს. გერმანულ მუშათა პარტიაში (რომელიც მალე სახელს შეიცვლის და გახდება ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) მომავალი ფიურერი აღმოაჩენს განსაკუთრებულ ორატორულ ნიჭს უბადლო ტრიბუნისა, რომელსაც შეუძლია მასების მანიპულირება. ჯაშუშად ჩანერგვიდან სულ რაღაც 22 თვეში (1921 წლის ივლისში) ჰიტლერი პარტიის სადავეებს აიღებს ხელში.

გერმანიის კანცლერობამდე 11 წელზე ცოტა მეტი, ხოლო შოამდე (ებრაელების სისტემურ და მასობრივ გაწყვეტამდე) 20 წელიღა იქნება დარჩენილი...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG