ჟურნალისტები, რომლებსაც "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლი, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) საფუძველზე დაწყებული სამართალწარმოების ან საჯარიმო ოქმის ჩაბარების მოტივით უკავშირდებიან პოლიციიდან, აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ - მაგალითად, იმ მომენტში, როდესაც პროტესტის მონაწილეები გადადიან გზის სავალ ნაწილზე, ჟურნალისტები ამ პროცესს აშუქებენ, აქვთ პირდაპირი ჩართვები, წერენ ინტერვიუებს, იღებენ ფოტოებს, ვიდეოებს.
ისინი ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში უკეთიათ პრესის ბარათები, ზოგი პროცესს აშუქებს, მაგალითად, ფოტო-ვიდეოკამერით.
ანუ მათი, როგორც ჟურნალისტების იდენტიფიცირება, რომლებიც აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სამართალდამცავებისთვის რთული არ უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლების მიმართ მაინც იწყება სამართალწარმოება და იწერება საჯარიმო ქვითრები.
„ერთ-ერთი არგუმენტი, რაც სასამართლოზე წარადგინეს, იყო ის, რომ იმ კადრებში არ ჩანს ბეიჯი“
დავით კეკენაძე, საერთაშორისო მედიაკორპორაციის, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ 5000 ლარით დააჯარიმა.
მას პოლიცია 3 იანვარს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებოდა. ჟურნალისტის მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებამდე (7 თებერვლამდე) დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით კეკენაძეს ჯარიმა პირდაპირ პოლიციამ კი არ დააკისრა, არამედ, მისი საქმე სასამართლომ განიხილა და შსს-ს მოთხოვნა ჟურნალისტის 5000 ლარით დაჯარიმებაზე, სრულად დააკმაყოფილა.
დავით კეკენაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სხდომაზე მან და მისმა ადვოკატმა მოსამართლეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის ჟურნალისტი იყო და აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, ეს არგუმენტი მოსამართლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა:
„ერთ-ერთი არგუმენტი, რაც სამართალდამცავებმა ჩემს წინააღმდეგ წარადგინეს, იყო ის, რომ იმ კადრებში, რომელიც მათ სასამართლოზე წარადგინეს, არ ჩანს „ბეიჯი“ (პრესის ბარათი), მაგრამ მეკეთა. მოსამართლესაც ვუთხარი, რომ იმ 20-წამიან კადრში არ ჩანდა ბარათი, მაგრამ მეკეთა. კარგად მახსოვს, რას ვაკეთებდი იმ დღეს, იმ მომენტში, აქციაზე. „ევრონიუსის“ ერთ-ერთ ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა ჩართვა და მე მისი პროდიუსერის მოვალეობას ვასრულებდი.
ჯარიმაზე მითხრეს, რომ უნდა მოვიდეს წერილობითი შეტყობინება და შემდეგ დაიწყება ვადის ათვლა, თუ რა დროში უნდა გადავიხადო ჯარიმა. წერილობითი შეტყობინება ჯერ არ მომსვლია“, - ეუბნება დავით კეკენაძე რადიო თავისუფლებას.
„ვინ არის ჟურნალისტი, ამის იდენტიფიცირება პოლიციას თავისუფლად შეუძლია“
ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 19 თებერვალს, ტელეფონით დაუკავშირდა:
„14 თებერვალს, რუსთაველზე გზას კეტავდით და მობრძანდით, ჩაიბარეთ საჯარიმო ოქმიო“, - უთხრა ზარის ავტორმა ჟურნალისტს.
ბასტი მგალობლიშვილს გზის გადაკეტვას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, ანუ 7 თებერვლის შემდეგ მოედავნენ და ამიტომ მისი ჯარიმა პირდაპირ პოლიციამ გამოწერა, ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე.
„მაშინვე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ და საპროტესტო აქციას ვაშუქებდი-მეთქი. თან ზუსტად მახსოვს ის დღე. როდესაც გზის გადაკეტვა დაიწყო, პარლამენტის წინ, ფეხით სავალ ნაწილზე, მცენარეებისთვის განკუთვნილ შემაღლებულ სივრცეში ვიდექი და ტელეფონით ვიღებდი პროცესს“, - უყვება რადიო თავისუფლებას ბასტი მგალობლიშვილი და ამბობს, რომ გულზე ეკეთა დიდი ზომის „ბეიჯი“, რომლის დაფიქსირებაც შსს-ს კამერებს მარტივად შეეძლოთ:
„ეს მომენტი „ტაბულას“ ვიდეოშიც არის დაფიქსირებული. როგორ ვდგავარ ღობეზე, კარგად ჩანს, რომ მიკეთია დიდი ბეიჯი და ასე ვმუშაობ. ღობიდან რომ ჩამოვედი, კარგად მახსოვს, რომ პარლამენტის წინ დავრჩი და გადაკეტილ გზაზე არ გადავსულვარ. მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გადავედი, რადგან ვარდისფერი, გასაბერი ფლამინგო მოიტანეს და იმის გადაღება მინდოდა. გზა უკვე კარგა ხნის გადაკეტილი იყო“, - ამბობს „პუბლიკის“ ჟურნალისტი.
ბასტი მგალობლიშვილმა პოლიციის წარმომადგენელს საჯარიმო ოქმის ფოსტით გამოგზავნა სთხოვა. თუმცა, მისგან დამადასტურებელი პასუხი ვერ მიიღო. ახლა აპირებს, რომ პოლიციის განყოფილებიდან საჯარიმო ოქმი წამოიღოს და შემდეგ გაასაჩივროს:
„ადვოკატს უკვე ველაპარაკე. პირველ ეტაპზე, პოლიციიდან წამოვიღებ მათ მიერ შეგროვებულ მასალებს. ამის შემდეგ უკვე ჩემი მხრიდან წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რაც მე მაქვს. ყოველთვის, როცა აქციაზე სამუშაოდ გავდივარ, აუცილებლად მიკეთია პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, იქნება ეს ბეიჯი თუ ყვითელი ჟილეტი.
ვინ არის ჟურნალისტი, ამის იდენტიფიცირება პოლიციას თავისუფლად შეუძლია. თავიანთ კამერებში დაფიქსირებულ კადრებსაც თუ დააკვირდებიან, ამას აუცილებლად გაარჩევენ. ჩავთვლიდი, რომ შეიძლება შეცდომა მოუვიდათ და არ დააკვირდნენ კარგად, მაგრამ ბოლო პერიოდია, არაერთ ჟურნალისტს დაურეკეს, გზას კეტავდით აქციაზეო. ეს მაფიქრებინებს, რომ ამით გვეუბნებიან, რომ ჟურნალისტები მუშაობის პროცესშიც არ ვართ დაზღვეულები, რომ ჯარიმებს არ გამოგვიწერენ. ჯარიმა კი არა, ჩვენ ვნახეთ დაკავებული და ნაცემი ჟურნალისტები. ამიტომ არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს მათი მხრიდან გამიზნული ნაბიჯი. ფაქტია, რომ ამან უკვე მიიღო სისტემური ხასიათი“, - ამბობს ბასტი მგალობლიშვილი.
„მიპასუხეს, თუ ჟურნალისტი ხარ, ეს სასამართლოში უნდა დაამტკიცოო“
კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პოლიცია რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება, ვახო ქარელია, ონლაინმედია „აპრილის“ ფოტორეპორტიორი.
პოლიცია ამბობს, რომ მან გზა 26 იანვარს გადაკეტა:
„პოლიციიდან რომ დამიკავშირდნენ, ვუთხარი, რომ ნამდვილად ვიყავი რუსთაველზე, მარშზე, რადგან ვარ ჟურნალისტი და საპროტესტო მსვლელობას ვაშუქებდი. ამაზე მიპასუხეს, თუ ჟურნალისტი ხარ, მაშინ ეს სასამართლოში უნდა დაამტკიცოო. 26 იანვარს, ისევე როგორც სხვა დღეებში, პრესის ბარათიც მეკეთა და ფოტოკამერითაც ვმუშაობდი. ვიდეოც მაქვს გადაღებული, ანუ დასტური იმისა, რომ მე იქ ნამდვილად სამუშაოდ ვიყავი და ვაშუქებდი აქციას“, - ჰყვება ვახო ქარელი.
პოლიციის ზარის შემდეგ, „აპრილმა“ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ მათ ფოტორეპორტიორს შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავებოდა:
„მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მოედო სხვა მედიებსა და სოციალურ სივრცეს, ისევ დამიკავშირდნენ პოლიციიდან და მითხრეს, საბუთი მოიტანეთ, რომ ნამდვილად პრესის წარმომადგენელი ხართო. მოთხოვნილი საბუთები ონლაინ გადავაგზავნეთ და მითხრეს, რომ შემეხმიანებოდნენ. მას შემდეგ რამდენჯერმე დავუკავშირდით პოლიციას, თუმცა, არანაირი სიახლე არ არის. არც საქმის შეწყვეტაზე უთქვამთ რაიმე და არც სასამართლოს თარიღი უცნობებიათ“, - ამბობს ვახო ქარელი.
ეს არის ვიდეო, რომელსაც ვახო ქარელი, როგორც მედიის წარმომადგენელი, 26 იანვარს იღებს რუსთაველის გამზირზე.
გზის გადაკეტვას ედავებიან რადიო თავისუფლების ორ ჟურნალისტსაც
პოლიციიდან შეტყობინებები, „გზას ხელოვნურად კეტავდითო“, მიიღეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმაც - სალომე ჩადუნელმა და ეკა ქევანიშვილმა. მათ სამართალდამცავები ტელეფონით დაუკავშირდნენ.
სალომე ჩადუნელს პოლიცია გზის გადაკეტვას სანაპიროზე, 10 ნოემბერს, „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ედავებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა პოლიციაში წარადგინა სრული დოკუმენტაცია, რომ ის ჟურნალისტია და 10 ნოემბერს აქციის გასაშუქებლად იყო სანაპიროზე, ცოტა ხნის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაინც გადაიგზავნა, თუმცა, მოსამართლის ავადმყოფობის გამო, პროცესი გადადებული იყო. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ სალომე ჩადუნელის საქმე სასამართლოდან გამოითხოვა. თუმცა, ამის წერილობითი დასტური მას ჯერ არ მიუღია.
რაც შეეხება ეკა ქევანიშვილს, მას პოლიცია „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება რუსთაველის გამზირზე, 22 იანვარს. იმ დღეს ეკა ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად იღებდა ვიდეოს აქციის ერთ-ერთ მონაწილეზე.
დოკუმენტაცია, რომ ის ნამდვილად რადიო თავისუფლების ჟურნალისტია და იმ დღეს რედაქციის დავალებას ასრულებდა, პოლიციაში უკვე წარადგინა. თუმცა, შეტყობინება, შეწყდა თუ არა მის წინააღმდეგ სამართალწარმოება, ჯერ არ მიუღია.
„ჯარიმები იწერება იმისთვის, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შეგბოჭონ“
ლიკა ზაკაშვილი, „პუბლიკის“ რედაქტორი, თავადაც აქტიურად აშუქებს საპროტესტო აქციებს. რამდენიმე ხნის წინ, როცა პარლამენტთან შემაღლებულ ღობეზე იდგა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, სამართალდამცავი დაჯარიმებით დაემუქრა:
„მიყვიროდა, რომ ჩამოვსულიყავი, ვთხოვდი, რომ მოესმინა ჩემთვის, ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მემუქრებოდა, ჩავრთავ კამერას და დაგაჯარიმებო. ასეთი ტიპის ქცევით, რომელიც კანონის განმარტებაში ვერ ამოიკითხება, ცდილობენ, რომ ქაოსი და შიში დანერგონ.
ასეთ დატვირთულ რეჟიმში, საკმაოდ რთულია დროის გამოთავისუფლება, საჩივრის მომზადება, სასამართლოში სიარული, ამ უსამართლო ჯარიმებთან დაკავშირებული საქმეების წარმოებისთვის დროის დათმობა.
ჯარიმები იწერება იმისთვის, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაგზაფრონ, შეგბოჭონ, მორიგ ჯერზე რომ გახვალ აქციაზე გასაშუქებლად, რაღაცები გაითვალისწინო“, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი.
პოლიციისთვის გადაბარებული საქმე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებით, რომელიც 7 თებერვლიდან შევიდა ძალაში, გზის ხელოვნურად გადაკეტვა, შსს-ს განსჯადი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმეები აღარ წავა სასამართლოში და ჯარიმას ადრესატს პირდაპირ პოლიცია დააკისრებს.
გოგა ხატიაშვილი, უფლებადამცველი და იურისტი, რომელსაც ბოლო პერიოდია, სწორედ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საქმეებზე უწევს მუშაობა ადვოკატის სტატუსით, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცვლილებები კოდექსში იმდენად სპონტანურად და ნაჩქარევად შევიდა, რომ თავად სამართალდამცავების ნაწილმაც კი არ იცის, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევები ახლა უკვე მათი განსჯადი გახდა:
„დეტალების დასაზუსტებლად მიგვიმართავს პოლიციისთვის და ზოგჯერ გვპასუხობენ, ამ საქმეებს სასამართლო განიხილავსო. არადა, 7 თებერვლიდან, ცალკეული სამართალდარღვევები, მათ შორის, გზის ხელოვნურად გადაკეტვა, შსს-ს განსჯადი გახდა. როგორც ჩანს, ამ ნაჩქარევ ცვლილებებს ვერ დაეწივნენ. ესეც მეტყველებს, როგორ სპონტანურად განხორციელდა ცვლილებები.
სავარაუდოდ, ისიც კი არ გამოიკვლიეს, შსს-ს რა რესურსი ჰქონდა და შეძლებდა თუ არა ამ ტვირთის აწევას, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში, უამრავ ადამიანს მისდის საჯარიმო ოქმები, მაგალითად, გზის გადაკეტვის გამო“.
გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის საჯარიმო ოქმების გამოწერა ხდება ინდივიდუალური გარემოებების გამოკვლევის გარეშე, მაშინ როცა, მისი თქმით, სამართალდამცავებს ამ გარემოებების გამოკვლევის ვალდებულება აქვთ:
„სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ განურჩევლად ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რა მისიით და დანიშნულებით იმყოფება ადამიანი აქციაზე, საჯარიმო ქვითრებს უწერენ. მათ შორის, სახალხო დამცველის თანამშრომელსაც გამოუწერეს რამდენიმე ხნის წინ საჯარიმო ქვითარი.
სასამართლოს სხდომებზე შსს-ს ვუსვამთ ხოლმე კითხვას, რატომ მაშინვე, აქციაზევე არ წერენ სამართალდარღვევის ოქმს, თუკი ხედავენ, რომ კანონი ირღვევა? რატომ მისდით მოქალაქეებს შეტყობინებები რამდენიმე დღის შემდეგ? ამ კითხვაზე შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლო პროცესებზე გამოდიან, გვპასუხობენ, რომ ისინი ამუშავებენ და სწავლობენ მონაცემებს და ამ შესწავლის შემდეგ ადგენენ ოქმებს.
თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ისიც უნდა იქნას გამოკვლეული და შესწავლილი, აქციაზე ვინ რა ფუნქციას ასრულებს და ასეთ დროს, ცხადია, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ აქციებზე ჟურნალისტები ასრულებდეს პროფესიულ მოვალეობას“.
გოგა ხატიაშვილის თქმითვე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ეხება როგორც ჟურნალისტებს, ისე აქციის სხვა მონაწილეებს, არის ის, რომ კანონმდებლობაში არაა მკაფიოდ განსაზღვრული, რა ითვლება „გზის ხელოვნურ გადაკეტვად“ და ხშირ შემთხვევაში, შსს იღებს სუბიექტურ გადაწყვეტილებას, რაკიღა არ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც ჩაითვლება, გზა ხელოვნურად გადაიკეტა თუ არა.
კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც აქვს ყველა იმ ადამიანს და მათ შორის, ჟურნალისტებსაც, რომლებსაც სამართალდამცავები გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან, გოგა ხატიაშვილის თქმით, არის, აი, ეს:
„მაგალითად, აქციაზე გზა გადაიკეტა ნახევარი საათის წინ და ადამიანი ამ გადაკეტილ გზაზე გამოჩნდა ნახევარი საათის შემდეგ, მაინც ჩაითვლება, რომ მან ხელოვნურად გადაკეტა გზა? შსს-ს ოფიციალური პოზიცია ასეთია, გზის გადაკეტვიდან თუნდაც ნახევარი საათის მერე რომ მივიდეს ადამიანი აქციაზე და გზაზე გაჩერდეს, ესეც გადაკეტვაა“, - სწორედ ასე პასუხობენ გოგა ხატიაშვილს სასამართლოს სხდომებზე სამართალდამცავები.
პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი სასამართლოში გასაჩივრება, ოქმის მოქმედებას აჩერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დრომდე, სანამ საქმის წარმოება არ დასრულდება, შსს გზის გადაკეტვის საბაბით 5000 ლარის გადახდას ვერ აიძულებს ვერც ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს აქციაზე და ვერც აქციის მონაწილეებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 2023 წლის საპროტესტო აქციებიდან მოყოლებული, 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 ათას ლარს აჭარბებს.
დღევანდელი მდგომარეობით, საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის გამოწერილი ჯარიმების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ეს მონაცემი საათობრივად იცვლება.
თბილისსა და სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები თვლიან, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.
ფორუმი