Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გზის გადაკეტისთვის დააჯარიმეს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

გზის გადაკეტისთვის დააჯარიმეს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში


ეკა სირაძე
ეკა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა ეკა სირაძეს, საქართველოს ყოფილ ელჩს საფრანგეთში. მას პოლიცია 16 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავება.

სირაძე საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა 2013 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე.

„მე როცა მივედი პარლამენტთან, გზა უკვე გადაკეტილი იყო. ტროტუარზე ვიდექი და მეგობართან ვსაუბრობდი... მითხრეს, თქვენი იდენტიფიცირება ალბათ ფოტოებით მოხდაო...

ვფიქრობ, რომ სადამსჯელო ღონისძიებაა - სჯიან ყველას, ვინც არ ემორჩილება. ყველას მოვუწოდებ, გაასაჩივრონ“, - ამბობს ეკა სირაძე რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.

5000-ლარიანი ჯარიმის შესახებ გამოწერილი ოქმი ყოფილ ელჩს დღეს, 20 თებერვალს, ჩააბარეს.

პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად, პოლიცია ათობით ადამიანს უწერს სამართალდარღვევათა ოქმს, „ქართული ოცნება“ კი რეგულაციებს ამკაცრებს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ადამიანი დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის.

თბილისსა და სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG