“ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”(“ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს”, Some like it hot”)
აშშ, რეჟ. ბილი უაილდერი,1959
რა ვიფიქრე, იცით? ხომ შეიძლება არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და ზეიმები გავაერთიანოთ?! ერთდროულად ვიზეიმოთ როგორც ოჯახის სიწმინდის დღე, ასევე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ქართველები არა ვართ?! რა გვაქვს გასაყოფი? ფილმიც გამახსენდა, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახოთ, როცა შევრიგდებით - “ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს”, ბილი უაილდერის კომედია, რომელიც თავის დროზე საბჭოთა საქართველოს ეკრანებზე გამოვიდა სათაურით “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”.
იმ ველურ 90-იან წლებში, როცა ერთი ქართული გაზეთის რედაქციამ მთხოვა დამეწერა ამერიკულ ფილმზე “უმცროსი”, რომელშიც - არც მეტი, არც ნაკლები - კუნთმაგარი (და, ვიღაცებისთვის, შესაძლებელია, გონებაჩლუნგიც) არნოლდ შვარცენეგერი დააორსულეს, გადავეყარე ელია ჯორდანის წიგნს “ქალის კონფიგურაცია და მოდერნიზმი”, რომლის ავტორი აღნიშნავს: “აქამდე მამაკაცები თავს გამორჩეულად გრძნობდნენ თავიანთი ზედმეტი ხორცის გამო (! - მე), მაგრამ რეპრესიული პატრიარქალური წყობის ნაცვლად ვერაფერი შემოგვთავაზეს. ამ “ხორცნამატით” ომობდნენ, კლავდნენ...”. და რადგანაც ვერაფერი შემოგვთავაზეს, ბოლოს და ბოლოს, კულტურამაც დაიწყო მათზე ხორხოცი. ყოველ შემთხვევაში, დასავლურმა კულტურამ ნამდვილად, მათ შორის კინოხელოვნებამ. “უმცროსამდე” , 70-იან და განსაკუთრებით 80-იან წლებში, პოპულარული იყო ფილმები მამაკაცებზე, რომლებიც თავიანთი მიზნის მისაღწევად იძულებულნი ხდებიან ქალის სამოსში მოგვევლინონ: “ვიქტორ-ვიქტორია”, “ტუტსი”, “მისის დაუტფაიერი”. თუმცა ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო - “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” იყო პროცესის დასაწყისი.
1992 წელს, როცა ბილი უაილდერს ევროპის კინოაკადემიის პრემია გადასცეს, ინგლისელმა რეჟისორმა სტივენ ფრირზმა დაჯილდოების ცერემონიალზე აღნიშნა: “უაილდერის ეს ფილმი თანამედროვე კინოს ძრავაა, ხოლო ფილმის ფინალური ფრაზა “არავინაა ამქვეყნად სრულყოფილი” ზოგიერთი დიდი პოლიტიკური მოღვაწის დევიზადაც კი იქცაო”.
“ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს”, დარწმუნებული ვარ, ყველამ ზეპირად იცით, სულ ერთია, რომელ მხარეს ხართ და რას ზეიმობთ 17 მაისს. თუმცა ფილმის ძირითად მოდელებს მაინც გაგახსენებთ: პირველია და მთავარი ქალთა ორკესტრი, რომლის მუსიკოსებად გახდომა ჯეკ ლემონისა და ტონი კერტისის გმირების სიცოცხლეს გადაარჩენს. ეს ორკესტრი ჩემთვის თავისებური სახეა მატრიარქატისა (დიდი იმედი მაქვს, რომ მოვესწრები), სადაც არავინ ომობს და სადაც ადამიანებს მზე, ზღვა და სექსი უხარიათ. ერთადერთი მამაკაცი კი, ამ ორკესტრის ადმინისტრატორი, სრულიად უძლურია წესრიგი დაამყაროს “ქალების ქაოსში”. რას უპირისპირებს უაილდერი მატრიარქატის ამ სამეფოს, ხომ გახსოვთ? მაფიას, კალვეროს სამყაროს, აბსოლუტური წესრიგისა და, ამავე დროს, იდიოტობის გამოვლინებას, უკანასკნელ გამოვლინებას რეპრესიული სისტემისა, რომელიც ჩვენს თვალწინ ინგრევა და “ქალთა ორკესტრს” უთმობს ადგილს.
ბილი უაილდერი, რომელმაც ახალგაზრდობა ვენაში გაატარა, ნაცისტების მოსვლამდე და ჰოლივუდში გაქცევამდე ზიგმუნდ ფროიდთან მეგობრობდა (“ფროიდის მოწაფე ვიყავიო”, ამასაც ამბობდა). ფროიდს უაილდერი ფილმშიც ახსენებს ეპიზოდში, როცა მერლინ მონროს გმირი იახტაზე “კურნავს” ახლად გაცნობილ “მილიონერს”. თავის დროზე დოქტორ ფროიდთანაც ვიმკურნალე, მაგრამ ვერაფერი მიშველა, ქალები არ მაღელვებენო, თავს შეაცოდებს ტონი კერტისის გმირი. “მე ფროიდი არა ვარ, მაგრამ მეც შემიძლია რაღაც”, - უპასუხებს მერლინ მონრო და უფრო მეტი შემართებით აგრძელებს “მკურნალობას”. ეს ეპიზოდი, რომელიც იახტაზე ხდება, ზღვაზე, რომელიც “ლივლივებს” (თუ ფროიდია, ფროიდი იყოს!), დროდადრო “ჩაჭრილია” მეორე სცენით, რომელშიც დაფნა დროს ატარებს მილიონერთან ერთად ზღვისპირა რესტორანში. “ისევ თქვენ დაგყავართ?” - ემდურება ცეკვის დროს მოხუცი. მოკლედ, ფილმის ამ ეპიზოდში ქალი (მაშინაც კი, როცა “ტრავესტია” დაფნას სახით) უკვე მთავარი მანიპულატორი, ყველაფრის შემძლე, მკურნალი ხდება.
ტრავესტი-შოუ შემთხვევით არ ვახსენე. გადაცმის, ნიღბის შეცვლის და, რაც მთავარია, სქესის შეცვლის მოტივში ბილი უაილდერმა არა მარტო “კომედი დელ არტეს” ტრადიციები გააცოცხლა, არამედ ამ თავისი “ტრავესტებით” დაანგრია მითი ყოვლისშემძლე განგსტერზე, მოწესრიგებულ და ორგანიზებულ ძალადობაზე, რომელიც, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისს საქართველოში მთლად ანაფორებში (“კაბებში”?) გამოწყობილი კაცებით მოგვევლინა. ეს განგსტერი თითქოს კვლავ დაუმარცხებლის სახელს ატარებს - იგი ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია გადაკეტოს გზები, აკონტროლოს აეროპორტი, რკინიგზა, მაგრამ ავიწყდება, რომ არსებობს კიდევ ერთი გზა - საზღვაო გზა, გზა ლივლივისა; მოტორიზებული ნავი ფილმის ფინალში, ფაქტობრივად, ამოვარდნილია რეალური დროისა და სივრცის საზღვრებიდან, მას “სადღაც” მიჰყავს ფილმის გმირები - იქ, სადაც ყოველგვარ პირობითობაზე უარია ნათქვამი და სადაც ესმით, “არავინაა ამქვეყნად სრულყოფილი”, ამიტომ უნდა შეეცადო და პატივი სცე ამ მრავალფეროვნებას, ამ არასრულყოფილებას.
კი, რა თქმა უნდა, ამის გააზრება ძნელია. ამას რომ მიხვდე, ცოტა ტვინი უნდა გქონდეს და, რაც მთავარია, გული უნდა გქონდეს - შენგან განსხვავებულს პატივს უნდა სცემდე, ბოლოს და ბოლოს, დაუცველი უნდა გეცოდებოდეს. მაგრამ განგსტერებს ამდენს ნუ მოვთხოვთ. სხვათა შორის, ფილმში “ზოგიერთს უფრო მხურვალედ უყვარს” ისინიც თავიანთი “ოჯახის” დღესასწაულს ზეიმობენ. ზეიმი იმით მთავრდება, რომ ბნელი ძალები ერთმანეთს დაერევიან. კარგი ხალხი კი გაქცევას მოახერხებს. თანაც, ყველაზე მაგარი ტრანსპორტით - მოტორიზებული ნავით, ზღვაზე!