Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხორავას ქუჩის საქმე" - ვინ და რა არის "გამქრალი"?


მიხეილ კალანდიას საქმე თანდათან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსკენ - სტრასბურგის სასამართლოსკენ მიიწევს.

21 ივლისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი - დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთვის 11-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ. მსჯავრდებულის ოჯახი და ადვოკატი ისევ ბრალის დაუსაბუთებლობასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკობენ.

რას ეფუძნება და რამდენად დასაბუთებულია მიხეილ კალანდიას განაჩენი? რა იწვევს უსამართლობის განცდას? რომელი დანითა და ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს?

მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სულ 7 სხდომა ჩატარდა, აქედან 4 - ვირტუალურად, პანდემიასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე აპელირებით. ადვოკატი ზურაბ თოდუა გვეუბნება, რომ მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა მხოლოდ შიმშილობის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„გაუმართავი ტექნიკური ქსელის გამო, პირველ დისტანციურ პროცესზე მიხეილ კალანდიას მოსამართლემ უფლებებიც კი ვერ განუმარტა... კატასტროფაა, როცა ამ მოგონილი, გაუმართავი ონლაინრეჟიმებით მოსამართლეები ვერ ასრულებენ მოსამართლის ფუნქციას... შესაბამისად, კალანდიამ უარი თქვა ონლაინსხდომებზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობით დაიმუქრა, კეთილი ინებეს და რეალურ რეჟიმში ჩატარებულ ბოლო სამ სხდომაზე მოიყვანეს ის“, - გვეუბნება ადვოკატი ზურაბ თოდუა.

თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი შეიცვალა - 21 ივლისს სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გამოაცხადა, რომ ძალაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის განაჩენი და მიხეილ კალანდია ციხეში 11 წელსა და 3 თვეს დაჰყოფს.

კანონმდებლობის თანახმად, პირველ ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ ხელახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიკვლიოს, თუკი ეს მანამდე დარღვევებით მოხდა.

ზუსტად ამის მიღწევას ცდილობდა მიხეილ კალანდიას ადვოკატიც და თავისი მოთხოვნის საფუძვლად ასახელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

  • ზურაბ თოდუას გამოთვლილი და აღნუსხული აქვს ყველა ის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე მარსაგიშვილი სასამართლო სხდომებზე მობილური ტელეფონით სარგებლობდა.
  • სხდომების ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ადვოკატმა გამოთვალა, რომ მოსამართლე თითქმის 8 საათის განმავლობაში არ უსმენდა მოწმეებს, ექსპერტებს, დაცვისა თუ ბრალდების მხარეებს.

„150 მოწმის ხელახალ დაკითხვას ვითხოვდი ჩემი შუამდგომლობით... მოსამართლე მარსაგიშვილი არ უსმენდა და მოწმეებს თქვენ მაინც მოუსმინეთ-მეთქი, მივმართავდი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს... მაგრამ ნურას უკაცრავად, არ უნდოდათ ასეთი პრეცედენტის დაშვება და არ დააკმაყოფილეს ჩვენი შუამდგომლობა“, - ამბობს თოდუა.

ადვოკატისთვის, ისევე, როგორც ოჯახისთვის, მიხეილ კალანდიას საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოკვეთილ მაგალითს წარმოადგენს. მათი პოზიცია ასეთია: გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ხალხის მღელვარება რომ არ მოჰყოლოდა, მით უმეტეს - წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლება დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გაბრაზებას მოერიდა და „უდანაშაულო მიხეილ კალანდია ბოლომდე გაიმეტა“.

ადვოკატი თოდუა ამბობს იმასაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა განხორციელდა - „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქ პროკურატურის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პრესში გაატარეს ეს სამი მოსამართლე“.

დაცვის მხარის ბრალდებები უსაფუძვლო და გაუგებარია ბრალდების მხარისთვის. როგორც პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ აღნიშნა 21 ივლისს, „გაუგებარია საერთოდ, თუ რა სახის შეთანხმებაზე საუბრობს ამ შემთხვევაში დაცვის მხარე“.

ამასთან, პროკურატურა მიხეილ კალანდიას საქმეში საერთოდ აღარ ხედავს შეკითხვებისა და ეჭვების საფუძველს.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და ერთობლივად, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები და სწორედ მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულ იქნა ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - აცხადებს პროკურორი ქვარცხავა.

მიხეილ კალანდიას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოდან საქმეს უზენაეს სასამართლოშიც წაიღებს და თუკი იქაც წააგებს, შემდეგ უკვე - სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. „იმედი არაფრის გვაქვს, მაგრამ შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის გარეშე ვერ მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - ამბობს ადვოკატი თოდუა.

სად არის დანა? ვისია დანა?

მიხეილ კალანდიას იმთავითვე თავისი შვილის მკვლელად მოიხსენიებდა დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. შესაბამისად, კალანდიას დაპატიმრებით ის კმაყოფილი დარჩა. თუმცა კალანდიას გარდა, მის ჩამონათვალში იყვნენ სხვებიც. ზაზა სარალიძე საწყის ეტაპზე ასევე მუდმივად ახსენებდა:

  • გიორგი ჯანაშიას - რომელსაც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის გამო ასევე მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით; მაგრამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, უზენაესმა სასამართლომ სასჯელიც შეუმცირა და ჯანაშია საპატიმროს უკვე 2021 წელს დატოვებს.
  • გიორგი მენაბდეს - (დეკანოზ შიო მენაბდის შვილს), რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს, ჩხუბის დროს თავადაც დაიჭრა, თუმცა ცალკე გამოყოფილი ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია და აღარც მისი გვარი ისმის ზაზა სარალიძის მხრიდან.

25 თებერვალს, როცა მიხეილ კალანდიას ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც - 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე:

  • მიხეილ კალანდიასხვა პირთან ერთად“, „წინასწარი შეცნობითმოქმედებდა და მას დავით სარალიძისმოკვლის განზრახვაამოძრავებდა;
  • მიხეილ კალანდიამთან ნაქონი ბასრი საგნის გამოყენებითდავით სარალიძეს ჭრილობები მიაყენასხეულის სხვადასხვა ადგილზე“.

რა იყო ეს „ბასრი საგანი“? იყო თუ არა ეს დანა და დევს თუ არა ის საქმეში? მიაყენა თუ არა კონკრეტულად მე-11, სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს სწორედ მიხეილ კალანდიამ?

ამ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები ჩვენ ვერ მივიღეთ პროკურატურისგან, თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 თებერვალს გამოტანილი განაჩენის შემდეგ და ეს შეკითხვები ისევ რჩება დღის წესრიგში.

როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა გვეუბნება, ღიად დარჩენილ საკითხებს ყურადღება არც სააპელაციო სასამართლომ მიაქცია და კერძოდ:

  • „ჩემს მიერ ახლახან დანიშნული კიდევ ერთი ექსპერტიზით დადასტურდა, რომ საგანი, რომელიც მიხეილ კალანდიას თითქოს სკოლასთან ეჭირა ხელში და მოსამართლემ მკვლელობის იარაღად მიიჩნია, არ აღემატება 3 სანტიმეტრს“;
  • „თუნდაც რომ ეს ყოფილიყო დანა, შეუძლებელი იქნებოდა, ამ პარამეტრების დანით მიეყენებინა ვინმეს ჭრილობა #11 (სასიკვდილო), ჭრილობა #10 და ჭრილობა #12... ასეთი სიღრმის ჭრილობების მიყენება საქმეში არსებული სხვა დანებითაც შეუძლებელი იქნებოდა“;
  • „მივიღე ასევე ექსპერტიზის დამატებითი დასკვნა, რომ - 12-სანტიმეტრიანი ჭრილობის მისაყენებლად, მჭრელი ბასრი საგნის პირი მინიმუმ 10 სანტიმეტრი უნდა იყოს... ასეთი დანა საერთოდ არ დევს საქმეში“;
  • „კალანდიას ამ ზომის დანაც რომ ჰქონოდა, ფარდულში, ჩხუბის დროს, ის ისეთ პოზიციაზე იდგა, რომ ფიზიკურად ვერ მისწვდებოდა ადგილს, სადაც დავით სარალიძეს მე-11 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“.

დაცვის მხარე მუდმივად აღნიშნავს, რომ მე-11 ჭრილობის მიყენება მხოლოდ იმ პოზიციიდან იყო შესაძლებელი, სადაც გიორგი მენაბდე იდგა და აუცილებლად არის დასადგენი, რატომ დაჭრეს მენაბდე.

„შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ ერთი დანა და მისი მეპატრონე გამოძიებამ გააქრო საქმიდან და მფარველობს დღესაც თავგამოდებით“, - ამბობს ადვოკატი თოდუა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG