1:40:59 -1:43:06 - "მოსამართლე არ უსმენს (მაგიდის ქვეშაა ტელეფონი)"...
2:08:32 - 2:12:00 - "მოსამართლე არ უსმენს (წერს და ელოდება მესიჯს)"...
2:25:02 - 2:29:30 - "მოსამართლე არ უსმენს (მესიჯობს და რომ არა პროკურორის პროტესტი, აგრძელებდა მიმოწერას)"...
2:35:27 - 2:36:02 - "მოსამართლე არ უსმენს (ელოდება მესიჯს. ამ დროს კი - მოწმე მიხსნის, თუ როგორ გარეცხა დანა ბარბაქაძემ)"...
2:51:40 - 2:59::00 - "მოსამართლე არ უსმენს (7:20 წუთის განმავლობაში) - კავშირშია აბონენტთან WhatsApp-ის საშუალებით ვიღაცას (სავარაუდოდ ასმენინებს სხდომის მიმდინარეობას) SOS !!!!!!!!!!!!!!!!!!"
მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას, წუთებისა და წამების სიზუსტით აქვს გამოთვლილი და აღნუსხული ყველა ის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი სასამართლო სხდომებზე მობილური ტელეფონით სარგებლობდა.
44 სხდომის სრული ვიდეოჩანაწერი ადვოკატმა, მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო და შესწავლას 2 თვე მოანდომა.
ადვოკატის დასკვნა ასეთია:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი არ ასრულებს მოსამართლის ვალდებულებას და თითქმის 8 საათის განმავლობაში არ უსმენს მოწმეებს, ექსპერტებს, დაცვისა თუ ბრალდების მხარეებს;
- მოსამართლე როგორც დახურულ, ასევე ღია სასამართლო სხდომას სავარაუდოდ ასმენინებს სხდომის შედეგით დაინტერესებულ პირს - რაც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„უზარმაზარი მოცულობის მასალაა. 2 თვეა ვუკირკიტებდი და ეტაპობრივად ვაწვდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს. უკვე შემატყობინეს, რომ მოკვლევა დაწყებულია.
იმისათვის, რომ ობიექტური დასკვნები გამოიტანოს, მოსამართლე ხომ უნდა უსმენდეს პროცესის მონაწილეებს?! დამებადა ეჭვი, რომ მოსამართლე მარსაგიშვილი ვიღაცის დავალებით მოქმედებდა.
ახლა დასადგენია, ვისთან ჰქონდა მას კომუნიკაცია. ჩემს მიერ ზუსტად მითითებული დღეებისა და საათის მიხედვით ამის დადგენა ძალიან იოლია მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების საშუალებით“, - ეუბნება ზურაბ თოდუა რადიო თავისუფლებას.
ადვოკატი სწორედ ამას ითხოვს საჩივარში, რომელიც მან დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში 6 მაისს შეიტანა - „წინამდებარე საჩივარში ასეთი მაღალი ალბათობის ინფორმაციის მიწოდება ნიშნავს იმას, რომ სწორედ თქვენ უნდა მოიპოვოთ ეს ინფორმაციები და მისი დადასტურების შემთხვევაში გააკეთოთ შესაბამისი რეაგირება (გამოსაძიებლად გადასცეთ გენერალურ პროკურატურას)“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე მარსაგიშვილის პოზიციის გასარკვევად, თუმცა პასუხად მივიღეთ, რომ - კომენტარს არ აკეთებს.
რის მიღწევას ცდილობს ადვოკატი?
თუკი საჩივარში ასახული ეჭვები დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამოკვლევითაც დადასტურდება, ადვოკატი თოდუა დარწმუნებულია, რომ მიაღწევს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გამოტანილი უსაფუძვლო განაჩენის გაუქმებასაც.
„ხორავას ქუჩის საქმეზე“, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა საბოლოო განაჩენი 2020 წლის 25 თებერვალს გამოუტანა, საპატიმრო სასჯელი - 11 წლითა და 3 თვით.
დაცვის მხარემ, რომელიც კალანდიას სრულიად უდანაშაულო პოლიტიკურ პატიმრად თვლის, განაჩენი გააპროტესტა და სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 25 მაისს გაიმართება.
მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო სხდომები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2020 წლის თებერვალში დასრულდა. სხდომების ნაწილი დახურული იყო. ადვოკატ ზურაბ თოდუას დაკვირვებით, მოსამართლე მარსაგიშვილის საქციელი ნოემბრიდან შეიცვალა.
„2019 წლის 25 ნოემბრამდე გამართულ 8 სხდომაზე, ერთი გამონაკლისის გარდა, არცერთხელ არ გამოუყენებია მობილური ტელეფონი... სავარაუდოდ, მას სწორედ ნოემბერში უთხრეს, რა შედეგით უნდა დასრულებულიყო საქმე და ყველაფერი კალანდიას რომ უნდა დაბრალებოდა... ეს სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც უკვე გავრცელდა (არაოფიციალური) ინფორმაცია გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნების შესახებ“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ადვოკატ ზურაბ თოდუას მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე „უკვე დაწყებულია წინასწარი მოკვლევა“ - თუმცა სხვა დეტალები კონფიდენციალურია.
როდის მოუწევს რიგი საჩივარს?
ამა თუ იმ მოსამართლესთან დაკავშირებული საჩივრის გამოკვლევის შემდეგ, დამოუკიდებელი ინსპექტორი ამზადებს დასკვნას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დისციპლინური საკითხების საგანგებო სხდომაზე უნდა განიხილონ.
კანონის თანახმად:
- დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური 2017 წელს შეიქმნა „მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით“;
- დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.
მოსამართლეთა სავარაუდო დისციპლინური დარღვევების განსახილველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2019 წლის 13 მარტის შემდეგ არ ჩატარებულა.
ამ 14 თვის მანძილზე, სავარაუდოდ, ძალიან გრძელი რიგი უნდა დამდგარიყო და არავინ იცის, როდის მოუწევს რიგი ადვოკატ თოდუას საჩივარს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, „დისციპლინური სხდომების“ გამართვა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულმა პროცესებმა შეაფერხა.
„მიმდინარეობდა მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე, შემდეგ იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ხანგრძლივი პროცესი და ასე შემდეგ. რეალურად, ეს მიზეზი იყო, რის გამოც, სამწუხაროდ, დისციპლინური სხდომები ვერ გაიმართა გასული წლის მარტის შემდეგ“, - გვითხრეს პრესსამსახურში.
თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სხდომების გამართვა სავსებით შესაძლებელი იყო, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში.
„დისციპლინური სამართალწარმოება ნიშნავს სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. რაც უფრო გაძლიერდა სასამართლოს კლანი, მით უფრო დაიკლო ანგარიშვალდებულებამ საზოგადოების წინაშე... მოდის უამრავი საჩივარი და განცხადება და შედეგობრივად არაფერი არ იცვლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილი.
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. ამ პოსტს 2020 წლის იანვრიდან იკავებს ზურაბ აზნაურაშვილი. ის მანამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო. მისი წინამორბედი, ქეთევან ცინცაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.