„ხორავას ქუჩის“ საქმეზე ბოლო პერიოდში მოვლენები ბევრისთვის მოულოდნელი სცენარით ვითარდება. მანამდე უარყოფილი მკვლელობა აღიარა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა, გიორგი ჯანაშიამ და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ჯანაშიას ჩვენება აქვს მიცემული მიხეილ კალანდიას წინააღმდეგაც. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას მხარე აცხადებს, რომ ყველაფერი სწორედ კალანდიას დადანაშაულებისთვის კეთდება.
23 და 24 იანვარს სასამართლო სხდომები პროტესტის ნიშნად, ხმაურის ფონზე დატოვა დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისი ქმედებები შეურაცხყოფად მიიღო კალანდიების ოჯახმა, რომლის რეაგირება ასევე მწვავე იყო. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობებია.
24 იანვრისთვის მოელოდნენ, თუმცა უზენაესი სასამართლო სავარაუდოდ ორშაბათს (28 იანვარს) გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას, თუ რა შეღავათი შეეხება მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.
საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ 22 იანვარს გამოაცხადა, რომ:
- გიორგი ჯანაშიამ „აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული“;
- მან ასევე „მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია“;
- და „ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება“, ჯანაშიას ადვოკატის მიმართვის საფუძველზე.
როგორც მიხეილ კალანდიას ოჯახი და ადვოკატი, ზურაბ თოდუა ვარაუდობს, გიორგი ჯანაშია წნეხის ქვეშ მოაქციეს და სწორედ აქედან გამომდინარეობს მის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები.
ზუსტად არავინ იცის, ვინ რა თქვა 22 იანვარს უზენაესი სასამართლოს სხდომაზე, რადგან `„ხორავას ქუჩის“ საქმის ორი მსჯავრდებულის პროცესი დახურული იყო. თუმცა, პროკურორ ბესიკ ქვარცხავას სიტყვებზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
- მიხეილ კალანდიას ამხელს არა მხოლოდ გიორგი ჯანაშია, არამედ ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი მოზარდის - ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძეც;
- ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია და ჩვენებები არ ეწინააღმდეგება მათი მხრიდან მანამდე მიცემულ ჩვენებებს.
„ხორავას ქუჩის“ საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კალანდიას ხელში მეგობრებმა ე.წ. ტარი დაინახეს. კომისიამ კალანდიას წინააღმდეგ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობაც გამოკვეთა.
ამ დასკვნას პოლიტიზებულად მიიჩნევს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა - „ამ საქმეში გადაიკვეთა „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესები“.
„ხორავას ქუჩის“ საქმის სასამართლოს ქვედა ინსტანციებში განხილვისას მიხეილ კალანდია პროკურატურის მოწმის სტატუსით გამოდიოდა.
როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჯანაშია თავად დაკითხა 14 იანვარს, დახურულ სხდომაზე. ადვოკატის თქმით:
- ჯანაშიამ განაცხადა, რომ კალანდიას ხელში ეჭირა „დანის მაგვარი საგანი“, თუმცა ის არ აკონკრეტებდა, იყო ეს დანა თუ არა;
- გიორგი ჯანაშიას დანების დიდი კოლექცია აქვს, ამ კუთხით დიდ ინფორმაციას ფლობს და შეუძლებელია, ვერ გაერჩია - კალანდიას იმ დღეს ხელში მართლაც დანა რომ სჭეროდა;
- ნივთი, რომელიც კალანდიას ხელში ეჭირა, სანთებელა იყო;
- ჯანაშიას სარალიძის მკვლელობა არ უღიარებია - „მსჯავრდებული ლაპარაკობდა მხოლოდ აუცილებელ მოგერიებაზე“.
მიხეილ კალანდია და გიორგი ჯანაშია მეგობრები იყვნენ. ადვოკატის ინფორმაციით, 2017 წლის 1 დეკემბერს კალანდიამ დაურეკა ჯანაშიას და დახმარება სთხოვა დეიდაშვილთან, ალექსანდრე სუბელიანთან დაკავშირებულ საქმეში. ადვოკატის თქმით, სწორედ ჯანაშიას სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულიც იყო.
მიხეილ კალანდიასა და გიორგი ჯანაშიას იმთავითვე მკვლელებად მოიხსენიებდა დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. თუმცა ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ის მშვიდად შეხვდა და თქვა, რომ არ აინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან - „ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს. მთავარია, სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“.
24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ზაზა სარალიძემ თავისი გამოსვლა ბოდიშით დაიწყო, თუმცა მალევე ხმას აუწია, (სავარაუდოდ) ფოტოები მიაყარა ადვოკატ ზურაბ თოდუას და სხდომათა დარბაზიდან ჩქარი ნაბიჯით, ხმაურის ფონზე გავიდა. სარალიძემ სასამართლოს ეზოშიც გაიმეორა, რომ „სუბელიანებმა და კალანდიებმა მას შთამომავალი“ მოუკლეს. ჯანაშიას საკითხზე, საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო სარალიძე მედიასაც გაუბრაზდა.
23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მირზა სუბელიანის შვილის - ალექსანდრე სუბელიანის დაკითხვის დროს, ზაზა სარალიძე მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომის დარბაზი.
მიხეილ კალანდიას ახლობლებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა სარალიძე იგინებოდა, მისმა თანმხლებმა პირმა კი გამომწვევად მიმართა მიხეილ კალანდიას მამას, თენგიზ კალანდიას. მომხდარს მწვავე რეაქციები მოჰყვა კალანდიების ოჯახის მხრიდანაც.
- 2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად;
- ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა;
- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე პროკურატურის მოწმის სტატუსი ჰქონდა;
- მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობა ედება ბრალად.
დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს.