ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში,სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით პროცესზე საქმის ფიგურანტის პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილს კითხავდნენ.რა დროსაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიხეილ კალანდიას მამას და მოკლულ დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს შორის.
მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.
“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.
სიტუაცია მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.
დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.