„ექსპოჯორჯიაში“ თბილისის წიგნის დღეები იმართება. მე-11 პავილიონში ახალი და წინა წლების გამოცემებია წარმოდგენილი.
ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციად იქცა, ხელახლა ითარგმნოს და გამოიცეს ის კლასიკური ლიტერატურა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არცთუ სრულფასოვნად იყო ნათარგმნი - ძირითადად არა ორიგინალიდან, არამედ რუსული ენიდან.
წელს შვედურიდან ითარგმნა „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“. ეს ორი წიგნი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. „ინტელექტმა“ ხელახლა თარგმნა „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“. „დიოგენემ“ „მერი პოპინსის“ ორი ტომი გამოსცა და კიდევ ექვსის გამოცემას აპირებს. აღმოჩნდა, რომ „მერი პოპინსი“, რომელიც აქამდე მხოლოდ ორნაწილიან წიგნად იყო ცნობილი, ორიგინალში რვატომეულია. საქართველოსთვის უცნობი 6 ტომის დაბეჭდვას გამომცემლობა თანდათანობით აპირებს.
„ქარჩხაძის გამომცემლობამ“ ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგიები დასტამბა, რომლებშიც როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებია შესული. გამოსცა ასევე მუყაოს სქელ ფურცლებზე დაბეჭდილი „ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი“. წიგნი პატარებისთვისაა და, შესაბამისად - ადაპტირებული.
გამომცემლობას „წიგნები ბათუმში“, რომელიც ძირითადად ფენტეზის ჟანრის წიგნებს ბეჭდავს, ამჯერად სამეცნიერო ფანტასტიკის კრებული აქვს სიახლედ, ასევე - ნატო დავითაშვილის წიგნი: „ორსის ორდენის სამხეცე“. ამ ავტორის მოთხრობების კრებული „დაბრუნება, ადამიანები და სხვები“, რომელიც ასევე ფენტეზის ჟანრშია დაწერილი, წინა წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ დაბეჭდა.
ახალი წიგნი აქვს „ზოლიან კატას“ - დევიდ ლონგის „როცა მთვარეზე გავიარეთ“ ადამიანის მთვარეზე მოგზაურობას ასახავს, „პალიტრა L“- ს კი ძირითადად ზღაპრები და შემეცნებითი წიგნები აქვს გამოტანილი დახლზე.
„ეტყობა, რომ გამომცემლობების საქმე კარგად ვერ არის, სიახლეებით წლევანდელი პროდუქცია მაინცდამაინც არ გამოირჩევა. ისე, ძალიან კარგი სტენდი აქვს „დიოგენეს“, „სულაკაურს“ და გამომცემლობას „წიგნები ბათუმში“. „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ სერიაში რაც გამოდის, ის საეტაპო რომანები ძალიან კარგია“, - ამბობს მწერალი გიორგი ლობჟანიძე.
რაც შეეხება არასაბავშო წიგნებს, გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ დაბეჭდა დიკენსის „დიდი იმედები“, ფოსტერის „ოთახი ხედით“, ალესანდრო ბაროკოს „მეოცე აბრეშუმი“, „სულაკაურმა“ - ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“, ინტელექტმა - ირაკლი სამსონაძის „ქელეხი, ქორწილი“, ზვიად რატიანის „კოცონი მდინარესთან“ და ნესტან ნენე კვინიკაძის „33 44“, „პეგასმა“ - ოდრი ჰეპბერნის ავტობიოგრაფია „სიყვარულის გამხელა“. ეს წიგნი მსახიობის სიცოცხლის ბოლო სამი თვის განმავლობაშია დაწერილი.
ეს გამოცემები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წიგნებიდან, რომელიც წიგნის დღეებზე იყიდება.
„ჩვენი მკითხველი რატომღაც უფრო ინტელექტუალურ პროზას ეტანება. სხვა არაფერი ითვლება ჩვენთან ყურადღების ღირსად, ამ დროს კი არის ძალიან კარგი ფანტასტიკა, სათავგადასავლო წიგნები, საბავშვო წიგნები... დეტექტივია „ოიდიპოს მეფეც“, მაგრამ ხო ძალიან კარგია?! ოჯახში ყველანაირი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი ასაკის მიხედვით იცვლის შეხედულებებს და გემოვნებას. შეიძლება საბავშვო წიგნით დაიწყოს, სათავგადასავლოთი გააგრძელოს და მერე გადავიდეს პრუსტსა და ფოლკნერზე“, - ამბობს მწერალი გიორგი კაკაბაძე.
წიგნის დღეები „ექსპოჯორჯიაში“ 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.