16 დეკემბერს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები, 96 წლის გორა ღარიბაშვილი. კასპის მერის წარმომადგენელმა სტეფანე მესროფაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოხუცის ნათესავებისგან მიღებული ინფორმაციით, გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ სოფელ წუბენთან დააკავეს. ეს მისი დაკავების პირველი შემთხვევა არ არის, რადგან გორა ღარიბაშვილი პერიოდულად ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ, წინაპრების საფლავზე მისვლას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გორა ღარიბაშვილის გასათავისუფლებლად გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
საოკუპაციო ხაზთან დაკავების ფაქტები იზრდება. დე ფაქტო ხელისუფლების სტატისტიკით, 2019 წლის ნოემბერში 48 ადამიანი დააკავეს. ოქტომბერში მათი რიცხვი 39 იყო.
ცხინვალის „კგბ“-ს ცნობით, ნოემბერში დაკავებულთაგან 27-მა ე.წ. საზღვარი დაარღვია, ხოლო 21-მა - ე. წ. სასაზღვრო რეჟიმი. 37 ადამიანი დააჯარიმეს, დანარჩენებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 3 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ. ამჟამად ცხინვალის ციხეში, ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა, დე ფაქტო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას კიდევ ორი ადამიანი ელოდება.
ერთი გენადი ბესტაევია. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებია. დაიბადა 1968 წელს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკვე მეხუთედ დააკავეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, 21 ნოემბერს დაკავებულ ბესტაევს თან 9 გრამი მარიხუანაც ჰქონდა. ამის გამო ცხინვალის მილიციამ მის მიმართ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყო გამოძიება.
ე.წ. საზღვრის გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით გენადი ბესტაევს 2-თვიანი პატიმრობა 29 ნოემბერს შეუფარდეს.
ამ ბრალდებას გამოგონილს უწოდებენ ბესტაევის ნათესავები. მათი თქმით, დაკავებულის სახლი საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს, ეზოში მავთულხლართია გავლებული და იქ მას ხშირად აკავებენ. ბესტაევის ბიძაშვილი იური ბესტაევი ამბობს, რომ მისმა ნათესავმა ცხინვალის ციხეში გასულ წელსაც ორი თვე გაატარა და იქიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევის მდგომარეობისა და მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შესახებ ბევრი არაფერი იციან, მას ცხინვალში ყურადღებას ცოლ-შვილი აქცევს და ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ზარდიაანთკარელი ციცინო ელიკაშვილი გვეუბნება, რომ სოფელში მცხოვრებმა ბესტაევის დამაც არაფერი იცის, რა ხდება ცხინვალის ციხეში და ამას ძალიან განიცდის.
ცხინვალის ციხეში მყოფი კიდევ ერთი მოქალაქის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. მის შესახებ არც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს პირი ცხინვალის მცხოვრებია, რომელსაც თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლა არაერთხელ უცდია. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისიც ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, ამჯერად, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს.
დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ნოემბრის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ძალები ცხინვალიდან გადმოსვლის მსურველებს უფრო ხშირად აკავებენ, ვიდრე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უნებურად ხვდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.