1945 წლის 30 აპრილს, სადილის შემდეგ, ჰიტლერი გამოემშვიდობება თავის გარემოცვას და ევა ბრაუნთან ერთად განმარტოვდება საკუთარ ოთახში. 15 საათზე და 15 წუთზე, იარაღის გასროლის გაგების შემდეგ, გებელსი, ბორმანი, აქსმანი (ჰიტლერიუგენდის შეფი), გიუნშე (ჰიტლერის ადიუტანტი) და ლინგე (ჰიტლერის მაჟორდომი) შევლენ ფიურერის ოთახში, სადაც ახალდაქორწინებული წყვილის უსიცოცხლო სხეულებს ნახავენ. ჰიტლერის ნების თანახმად, გიუნშე და ლინგე გადაიტანენ ცოლ-ქმრის გვამებს რაიხის კანცელარიის ეზოში, დაწვავენ და ნარჩენებს იქვე ეზოში დამარხავენ (ჰიტლერს ძალიან ეშინოდა, მის გვამს იგივე ბედი არ რგებოდა წილად, როგორიც ორიოდ დღით ადრე მუსოლინისას ერგო).
ჰიტლერის გვამის დაწვიდან 7 საათის შემდეგ გენერალ კუზნეცოვის მესამე არმიის ორი სერჟანტი რაიხსტაგზე წითელ დროშას ააფრიალებს. ფოტოგრაფი ევგენი ჰალდეი ისტორიისთვის აღბეჭდავს ამ მომენტს. თუმცა, ფოტოს რეტუშირება დასჭირდება - ერთ-ერთი სერჟანტის მაჯაზე საათები ისე იყო ახუნძლული, როგორც მწვადი შამფურზე.
პირველ მაისს გენერალი ჰანს კრებსი (ვერმახტის გენშტაბის უკანსაკნელი ხელმძღვანელი) მარშალ ჟუკოვს გადასცემს ბორმანისა და გებელსის წერილს, რომელშიც ეს ორი ჰიტლერის თვითმკვლელობას და მისი გვამის კრემაციას იუწყებოდა. ჟუკოვი იქვე შეატყობინებს ბელადს ამ ინფორმაციას.
იმდენი ქნა, მიიღო საკადრისი. საწყენია, რომ ცოცხალი ვერ ჩავიგდეთ ხელში. სადაა მისი გვამი? (სტალინი)
გენერალ კრებსის ინფორმაციით, გვამი დაწვეს. (ჟუკოვი)
დააყენებს რა ჰიტლერის თვითმკვლელობას ეჭვქვეშ, სტალინი მიუთითებს ჟუკოვს გვამის ნარჩენების მონახვის აუცილებლობაზე.
2 მაისს, როდესაც ბერლინში ბრძოლები ჩაწყნარდება, ჟუკოვი გაეშურება რაიხის კანცელარიიაში ჰიტლერის გვამის მოსაძებნად.
4 მაისს, ჯარისკაცი ივან ჩურაკოვი და თარჯიმანი ლევ ბეზიმიანსკი კანცელარიის ეზოში აღმოაჩენენ ორ დამწვარ გვამს. ვინაიდან მამაკაცის გვამის თავის ქალა კარგად გადაურჩება ცეცხლს, ჰიტლერის პირადი კბილის ექიმის ასისტენტის და პირადი კბილის ტექნიკოსის საშუალებით მოახდენენ გვამის ამოცნობას. 4-დან 5 მაისის ღამეს ბელადი შეიტყობს ივან სეროვისგან (ნკვდ-ს უფროსი ბერლინის საბჭოთა ზონაში), რომ ჰიტლერის გვამი ამოცნობილ იქნა. სტალინი უბრძანებს სეროვს, რომ ჰიტლერის გვამის პოვნის ფაქტი საიდუმლოდ დარჩეს, ისე რომ, ამ ინფორმაციას თვით ჟუკოვიც კი ვერ შეიტყობს. ეს უკანასკნელი 1945 წლის 7 ივნისის საერთაშორისო პრესკონფერენციაზე გულწრფელად განაცხადებს, რომ ჰიტლერის გვამის მოძიება ვერ მოხერხდა (ჟუკოვი ჰიტლერის გვამის აღმოჩენის ფაქტს მხოლოდ 1965 წლის შემოდგომაზე შეიტყობს).
ამის შემდეგ სტალინი უფრო „გაბერავს“ ტყუილს: კრემლი გაავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ჰიტლერი ანგლოსაქსების დახმარებით დასავლეთში გაიქცა.
რატომ გადაწყვეტს სტალინი ჰიტლერის გაქცევის ისტორიის გამოგონებას? ამგვარად ჯუღაშვილი შეეცდება იდეოლოგიური ე.წ. დაყოვნებული მოქმედების ბომბის მომზადებას, რომელსაც მომავალში ამერიკელების წინააღმდეგ გამოიყენებდა.
და მართლაც, ცივი ომის პირობებში, საბჭოთა „უკომპრომისო ანტიფაშიზმი“ დაუპირისპირდება „ამერიკისა და მისი მარიონეტების უპრინციპობას“, რომლებიც ყოფილ ნაცისტებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ამ იდეოლოგიურ ორთაბრძოლაში „გაქცეული“ ჰიტლერი შეასრულებს კრემლის „ლაზიერის“ როლს, რომელიც, მოსკოვის ვერსიით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაცვის ქვეშ უდარდელად ცხოვრობდა ლათინურ ამერიკაში.
„ცოცხალი“ ჰიტლერის გამოგონილი მოგზაურობისგან განსხვავებით, ფიურერის თავის ქალა მართლაც რომ ბევრს იმოგზაურებს: იგი ჯერ საიდუმლოდ იქნება გაგზავნილი მაგდებურგში, სადაც საბჭოთა მესამე არმიის შტაბის ტერიტორიაზე დამარხავენ, ხოლო 1970 წელს, როდესაც მოსკოვი ამ ტერიტორიას გდრ-ს გადასცემს, ჰიტლერის თავის ქალა მოსკოვში იქნება გადატანილი (კრემლი მხოლოდ 1968 წელს აღიარებს ჰიტლერის თავის ქალის ფლობის ფაქტს).
2002 წელს გერმანელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მარკ ბენეკე უკვე მოსკოვში ჩაატარებს ჰიტლერის თავის ქალის მორიგ ექსპერტიზას და დაადასტურებს მის ავთენტურობას. მიუხედავად ამისა, სტალინისეული მითი არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტების სარფიანი შემოსავლის წყარო გახდება დასავლეთში. 2011 წელს ორი ბრიტანელი ტელეჟურნალისტის, საიმონ დანსტანის და ჯერარდ ვილიამსის, მიერ დაწერილი ბესტსელერი, „რუხი მგელი, ადოლფ ჰიტლერის გაქცევა“ , ამ ფაქტის ბოლო დასტურია. დანსტანისა და ვილიამსის მიხედვით, 1945 წლის 27 აპრილს ფრანკოს დახმარებით ადოლფ ჰიტლერი და ევა ბრაუნი მოახერხებენ ესპანეთში გაფრენას, სადაც გადასხდებიან წყალქვეშა ნავში, რომელიც მათ არგენტინაში ჩაიყვანს. ბრიტანელი ავტორების თანახმად ჰიტლერს და ბრაუნს არგენტინაში გაუჩნდებათ ორი ქალიშვილი, რომლებთან ერთად ყოფილი ფიურერი გაატარებს ბედნიერ წლებს აწ 1962 წლამდე!
სტალინი, რომელსაც უყვარდა მითების შექმნა, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის მიერ გამოგონილი მითი ცოცხალ ჰიტლერზე არა მარტო დიდი პოპულარობით ისარგებლებდა შეთქმულების თეორიების მოყვარულთ შორის, არამედ „საზიზღარი კაპიტალისტების“ შემოსავლის კარგი წყაროც გახდებოდა.