თბილისი ჯერჯერობით არ მონაწილეობს 2021 წელს ამოქმედებული რეგიონული ფორმატის შეხვედრებში, თუმცა, ექსპერტების ნაწილი მოელის, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა „ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა.
ლავროვი არ ჩერდება
„საქართველოსთვის კარი ყოველთვის ღიაა“, „სკამი დგას“, - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თბილისს კვლავ ეპატიჟება „3+3“-ში, ფორმატში, რომელიც თავიდანვე ექვსი სახელმწიფოსთვის ჩაიფიქრეს და ოთხ წელიწადში სამი შეხვედრა გამართეს - მოსკოვში, თეირანსა და სტამბოლში.
პირველ შეხვედრაზე - მოსკოვში, 2021 წლის დეკემბერში, საქართველოს დროშა გამოფინეს. რასაც საზოგადოებაში უკმაყოფილება მოჰყვა; საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ რეაგირება „შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით“ მოახდინა.
19 თებერვალს, რუსეთის დუმაში გამოსვლისას, ლავროვმა ასევე თქვა:
- „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს ეყრდნობა“ და ეჭვგარეშეა, რომ „3+3“ ყველა მონაწილის ინტერესებშიაო.
- აშშ-ის წინა ხელისუფლებას შურდაო და „3+3“ ფორმატის „3+1“-ად ქცევას ცდილობდა, რათა „ბაიდენის ხალხს“ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ემართაო.
რუსეთი ფორმატის გაძლიერებას ცდილობს.
თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით, „3+3” ფორმატის [პლატფორმა „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის” შესახებ] შექმნა თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაა; მაგრამ ყველა შემდგომ ეტაპზე თვალშისაცემი იყო რუსეთის აქტიურობა.
- 19 თებერვალს, დუმაში, ლავროვი და რუსი დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ „3+3”-ის ფორმატში შეიქმნება საპარლამენტთაშორისო კომისია - „თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმების მხარდასაჭერად”. „ეს იქნება ძალიან სასარგებლო”, - დაუდასტურა ლავროვმა დუმის წევრებს და კომისიის შექმნის იდეის საგარეო უწყების ხაზით მხარდაჭერის პირობაც დადო.
- ლავროვმა იქვე თქვა, რომ იგეგმება „3+3“-ის, საკონსულტაციო ფორმატის, სტრუქტურირებულ ორგანიზაციად გარდაქმნა.
თავიდანვე, ფორმატის ძირითად მიზნებად სახელდებოდა თანამშრომლობა - უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. 2024 წლის ოქტომბერში, თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლავროვმა მესამე განზომილებად - ჰუმანიტარული მიმართულება დაასახელა და კულტურული ურთიერთობების აუცილებლობა გამოკვეთა.
„ქართული ოცნების” პოზიცია შერბილებულია
„ქართული ოცნების” ხელისუფლება წლების განმავლობაში მტკიცე უარს აცხადებდა ქვეყნის ჩართვაზე „3+3”-ის ფორმატში და მთავარ არგუმენტად ქვეყნის ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას ასახელებდა.
ახლა კი ფორმატთან შეერთებას აღარ გამორიცხავენ.
„ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას“, „სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს”, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, 20 თებერვალს, „3+3“ ფორმატში გაწევრების შესახებ დასმულ შეკითხვებზე.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” მთავრობისთვის მნიშვნელოვანია - არ დაზიანდეს „მისი პოლიტიკური იმიჯი“, „საგარეო კურსი” თუ „მისი ეკონომიკური ინტერესები“.
მოსკოვისა და თბილისის მესიჯების თანხვედრის პირობებში, მათ შორის - „მეორე ფრონტის” შეთქმულების თეორიებზე, ექსპერტებს არ გაუკვირდებათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ „3+3“-ში მონაწილეობა გადაწყვიტოს.
„საფრთხე იმისა, რომ ამას გააკეთებენ, არის დიდი და ეს იქნებოდა ცალსახად რუსული ნარატივების გაძლიერების ლოგიკური გაგრძელება. იტყვიან - რა ვქნათ, ეს არის ჩვენი სამეზობლო სივრცე, ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთო, აქ არიან ჩვენი ბუნებრივად მეგობარი ქვეყნები - თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ირანთან კი - კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამ ქვეყნების დახმარებით შევძლებთ - რუსეთზე ჩვენი გავლენა და იქნებ ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც გადავწყვიტოთო… ამისთანა რიტორიკის მანიპულაციით გაამართლებენ ამ ნაბიჯს და მე ამის საშიშროებას სერიოზულად ვხედავ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი და ყოფილი ელჩი და ამატებს, რომ „საქართველოს მონაწილეობა ასეთ ფორმატში საქართველოს ძირეულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება”, რადგან ამ ფორმატში საქართველო რუსეთის ზეგავლენის პირდაპირი სამიზნე აღმოჩნდება, ხოლო „ქართული ოცნება“ მის ინტერესებს ვერ დაიცავს.
საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი ზურაბ ბატიაშვილი შემთხვევითობად არ თვლის, რომ ლავროვი თბილისს „3+3” ფორმატს ასე ხშირად შეახსენებს, რადგან „ლავროვს აქვს იმედი, რომ ერთ დღესაც “ქართული ოცნება“ იმდენად დაშორდება დასავლეთს, რომ მას სხვა გზა აღარ დარჩება და შეუერთდება ამ ფორმატს”.
ყოფილი დასავლელი პარტნიორების უდიდეს ნაწილს „ქართული ოცნება” ახლა უკვე მტრებად განიხილავს.
საქართველოს პოზიციის განმარტება რადიო თავისუფლებამ საგარეო საქმეთა უწყებას სთხოვა, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
ცარიელი სკამები დასავლეთში
უწყების ხელმძღვანელი ბოჭორიშვილი „პირველ არხთან” ინტერვიუში გამოეხმაურა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის, ადამ შლაპკას განცხადებას, რომ ვარშავაში, ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს სავარძელი ცარიელი იყო და, რომ „საქართველო თავისი სიტუაციიდან გამომდინარე და მისი ამჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში”.
„არ შეიძლება, საერთაშორისო ურთიერთობა მხოლოდ განცხადებებით ვაკეთოთ”, - უთხრა „პირველ არხს” „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პოლონეთი ქართველი ამომრჩევლის იგნორირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „სასოწარკვეთილი მცდელობები” საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ჩავარდნილ გეგმებს უკავშირდება.
„არავინ იხვეწა, მოწვევაც არ მოვიდა, ამიტომ დადგეს ცარიელი სკამი. ახლა ითამაშონ ერთმანეთში, რამდენიც უნდათ. საქართველო თავისი თავმოყვარეობის, ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს“, - „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას მედიაცენტრი „მთავარი” ავრცელებს.
საქართველოსთვის განკუთვნილი ცარიელი სკამის ფოტო, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობამ X-ზეც გამოაქვეყნა.
„ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ის, რომ ვინც ჩვენ გვაფასებს, აი, იმ ფორმატებში მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების” განაყოფისა და მტკიცე მოკავშირის, „ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა, პოლონეთის საპასუხოდ.
თებერვალში „ქართული ოცნების” ხელისუფლების ადგილი ცარიელი დარჩა გერმანიაშიც - მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე.
და რა ინტერესებია „3+3”-ში?
ზურაბ ბატიაშვილის განმარტებით, რუსეთის ცალსახა ინტერესია - სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის - საქართველოში გავლენების გაძლიერება, ხოლო განსხვავებულია ირანისა და თურქეთის დაინტერესება.
„ირანის ინტერესია საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა და ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობად სწორედ “3+3”-ს ხედავს. თურქეთის შემთხვევაშიც სხვა ინტერესია, მით უფრო რეგიონში დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. თურქეთი მყარად გრძნობს თავს ყარაბაღის მეორე [44-დღიანი ომი, 2020 წელს - რ.თ.] ომის შემდეგ, როდესაც მისმა მთავარმა მოკავშირემ - აზერბაიჯანმა გაიმარჯვა. შესაბამისად, თურქეთი და აზერბაიჯანი ამ ფორმატს [“3+3”] დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად განიხილავენ”, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც განსხვავებული ინტერესების გამო, „3+3” ფორმატს სიცოცხლისუნარიანად თავიდანვე არ თვლიდა.
ვალერი ჩეჩელაშვილი კი განმარტავს, რომ სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მონაწილეობით რაიმე ფართო ფორმატის წარმატებაზე ფიქრიც კი უსაფუძვლოა, ვიდრე ამ ქვეყნებს ერთმანეთთან ნდობაზე დამყარებული, მტკიცე კავშირი არ ექნებათ. ასეთი კავშირის ნიშნებს კი, ჩეჩელაშვილი ვერ ხედავს, „ქართული ოცნების” უმაღლესი პირების ბაქოსა და ერევანში ხშირი ჩასვლის მიუხედავად.
„ჩვენი ორივე მეზობელი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობითა და ნორმალური ვითარებით, მაგრამ რასაც ახლა ხედავენ, ძალიან აშფოთებთ მათ. ვიზიტების დროს ალბათ ამის გარკვევას ცდილობენ. მაგალითად, ნიკოლ ფაშინიანს როცა ხვდება ირაკლი კობახიძე, ფაშინიანმა ხომ იცის - რომ საქართველოში გადაწყვეტილებების მიმღები სულ სხვა ადამიანია [ბიძინა ივანიშვილი], ეს უკვე ორაზროვნებასა და უნდობლობას აჩენს… კობახიძე დადის იქ, სადაც შეუძლია ჩავიდეს და ამაში ძალიან დაემსგავსა პუტინს”, - გვეუბნება ვალერი ჩეჩელაშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ამ ფორმატს განიხილავს „ძალისხმევის კოორდინირების ეფექტიან მექანიზმად, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.
ექსპერტები ცინიზმად მიიჩნევენ მშვიდობასთან დაკავშირებულ განცხადებებს რუსეთისგან, რომლის ხელწერაც მეზობელ ქვეყნებში შეჭრაა. უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომს კრემლი უკვე სამი წელია აწარმოებს.
ფორუმი