Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი საახალწლო მიმართვაში ტაივანის შემოერთების პირობას დებს


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საახალწლო მიმართვაში პირობა დადო, რომ ჩინეთი „აუცილებლად გაერთიანდება“.

„ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფი ყველა ჩინელი უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის, ჩინური ერის აღორძინებისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა სიმ საახალწლო მიმართვაში პირველ იანვარს.

მან ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს 75 წელი სრულდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნიდან. სი ძინპინს ნათქვამი აქვს, რომ ტაივანის სრუტის ორივე მხარეს 2049 წლისთვის „გააერთიანებს“, რითაც „ჩინურ ოცნებას“ აღასრულებს.

ტაივანი აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებსა და წყნარ ოკეანეს შორის მოქცეული კუნძულია, რომელიც 74 წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს საკუთარ განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

ტაივანი - ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა - წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ჩინეთს სწორედ ის წარმოადგენდა, თუმცა ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ამ პოზიციაზე უარი თქვა და დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მიიწევს.

ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის პასუხად აცხადებს, რომ ტაივანის მომავალი ტაივანელი ხალხის მიერ დემოკრატიულად გადაწყდება.

„დემოკრატიისა და ავტორიტარიზმს შორის გლობალური კონფლიქტის წინაშე მდგარ ტაივანს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: გააგრძელოს მშვიდობის დაცვა და დაიცვას დემოკრატია“, - განაცხადა მან.

13 იანვარს ტაივანში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG