საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6 პროცენტი ჭარბწონიანია, ასევე 6 პროცენტი სიმაღლეშიც ჩამორჩება. ეს არის იმ კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით ჩაატარა.
კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ნუტრიციული (ჯანსაღი კვება) სტატუსი შეისწავლეს, აჩვენა, რომ, წინა წლებთან შედარებით, მონაცემები მცირედით გაუმჯობესებულია, თუმცა ბავშვთა ჭარბწონიანობა და სიმაღლეში ჩამორჩენა ისევ პრობლემად რჩება: გურიაში 5 წლამდე ბავშვების 11 პროცენტს ჭარბი წონა აქვს, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15 პროცენტს. კახეთსა და აჭარაში სიმაღლეში ჩამორჩენის პრობლემა 6 წლამდე ბავშვების 9 პროცენტს აღმოაჩნდა.
„ამ კვლევამ წარმოაჩინა, რომ დასავლეთ საქართველო ამ კუთხით უფრო მოწყვლადია, ვიდრე აღმოსავლეთი. სხვა დროს ასე არ იყო ხოლმე“, - განმარტავს ჯანდაცვისა და ნუტრიციის სპეციალისტი, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის ექსპერტი თამარ უგულავა და აღნიშნავს, რომ სხვა კვლევების მიხედვით, ჭარბწონიანობის პრობლემა კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს სკოლის ასაკის ბავშვებში - „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ მაჩვენებლებსაც თუ შევადარებთ, მსოფლიოს სხვა ბავშვებთან შედარებით, ჩვენი ბავშვები უფრო მსუქნები და უფრო დაბლები არიან“.
დაავადებები, რომლებიც ბავშვის ჭარბ წონას მოსდევს
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ გაიდლაინში ნათქვამია, რომ ბავშვების სიმსუქნე კავშირშია ზოგიერთი დაავადების გაახალგაზრდავებასთან. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი 20 წლის წინ ძირითადად მოზრდილებში ვლინდებოდა, ახლა კი სულ უფრო ხშირად ჩანს ბავშვებშიც.
გარდა ამისა, ჭარბწონიანი ბავშვები მოზრდილობაშიც მიდრეკილნი არიან წონის მატებისკენ. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 10-15 წლის ასაკში მსუქანი ბავშვების 80 % ჭარბ წონას 25 წლის ასაკშიც ინარჩუნებდა.
„გამხდარი არასდროს ყოფილა, მაგრამ 13 წლიდან გასუქება დაიწყო. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა უკვე 19 წლისაა, 120 კილო, და უკვე აღარც მე ვიბრძვი, აღარც თვითონ, ვერაფერი გავაწყვე. ხანდახან რომ შეაწუხებს ხოლმე წონა, იტყვის, ახლა დავიწყებ დიეტას, ახლა ვივარჯიშებო, მაგრამ მერე ისევ გადაუვლის“, - ამბობს ქეთი, რომლის შვილიც ჭარბი წონის პრობლემის წინაშე დგას.
ჭარბი წონა შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ძვალსახსროვანი, ნევროლოგიური, სიმსივნური დაავადებების, ასთმის სოციალური სტიგმატიზაციის რისკფაქტორია. ასევე მატულობს გულის უკმარისობის ადრეული განვითარებისა და უეცარი სიკვდილის რისკი.
რკინის საჭიროება ძალიან მაღალია სწორედ 2 წლამდე ბავშვებში. ამ ასაკში მათ ისეთივე დოზით სჭირდებათ რკინა, როგორც ზრდასრულ მამაკაცს.თამარ უგულავა
რაც შეეხება პრევენციას, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა როგორც მშობლების, ისე სკოლისა და პირველადი ჯანდაცვის ორგანოების ჩართვა.
როგორ შევამციროთ ჭარბი წონა ბავშვებში?
პედიატრი მაია ხერხეულიძე ამბობს, რომ ბავშვებში ზედმეტი წონის მიზეზი, კალორიული საკვების გარდა, უმოძრაობაც ხდება, რადგან ეზოში თამაშის ნაცვლად ისინი დროს უმეტესად ეკრანთან ატარებენ.
„როგორც წესი, 5 წლამდე ბავშვს დიეტაზე არ ვაყენებთ, უბრალოდ, ვზღუდავთ ტკბილეულს და ვზრდით აქტივობას. ტკბილეული ბავშვის კვებაში რაც შეიძლება გვიან უნდა შემოვიდეს“, - ამბობს მაია ხერხეულიძე.
სიმაღლეში ჩამორჩენა კი რკინის დეფიციტს უკავშირდება.
„პრობლემები იქნება 6 თვის შემდეგ, როდესაც ბავშვმა მყარი საკვები უნდა მიიღოს. შეიძლება დედამ გააგრძელოს ბავშვის ძუძუთი კვება, მაგრამ ამ ასაკში ბავშვი დედის რძისგან მინერალებს უკვე ვეღარ იღებს. ქარხნული, მინერალებით გამდიდრებული ფაფაც უნდა მისცენ, რაც 200 გრამი 7 ლარზე მეტი ღირს და შეიძლება ყველამ ვერ იყიდოს“, - აცხადებს თამარ უგულავა და აღნიშნავს, რომ მშობლები ხშირად თავად ამზადებენ ბავშვის ფაფას, რომელიც მაინც არ არის მიკროელემენტებით მდიდარი.
თამარ უგულავა ამბობს, რომ 2 წლამდე ბავშვებს რკინა ისეთივე დოზით სჭირდებათ, როგორც ზრდასრულ მამაკაცს. თუ რკინის დეფიციტი ორ წლამდე ასაკაში არ აღმოიფხვრა, მერე დანაკლისის ანაზღაურება ჭირს. რკინის დეფიციტი ერთდროულად ფიზიკური და ინტელექტუალური შეფერხების მიზეზი ხდება.
სასარგებლო ბმული მშობლებისთვის:
როგორ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე