Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“შინდისი” - წაგების ტრაგედია


კარგად მახსოვს კანის კინოფესტივალის პრემიერაზე ჩემი და ჩემი კოლეგების რეაქცია რუსული საავტორო კინოს ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრ სოკუროვის, ფილმის, “ალექსანდრას”, ფინალურ ტიტრებზე. სოკუროვის სურათი, რომელიც ჩეჩნეთის ომის სასტიკ სურათებს აღადგენს და თავისი ქვეტექსტით (!) უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში რუსეთს ადანაშაულებს, დასრულდა წარწერით “მადლობა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დახმარებისთვის”. როგორც ჩანს, რუსი სამხედროები სოკუროვს ტექნიკით დაეხმარნენ, ტყვიამფრქვევები ათხოვეს გადასაღებად. ჰოდა, მადლობა გადაუხადა რეჟისორმა იმას, ვისაც უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებდა. ქვეტექსტით ადანაშაულებდა, რა თქმა უნდა.

დიტო ცინცაძის ახალ ფილმში, “შინდისი”, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკულ “ოსკარზე” წარადგინა (უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე), ასეთი ქვეტექსტი არა გვაქვს. სურათის ავტორები ღიად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ადანაშაულებენ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის მიტაცებაში 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ ფილმის ბოლოს მადლობას უხდიან საქართველოს მთავრობის - ყოფილს (ბახტაძე) და უფრო ყოფილს (კვირიკაშვილი) დახმარებისთვის. დიახ, “შინდისი” დააფინანსა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ფილმის პრემიერას მთლად ბატონი გახარია დაესწრო (საინტერესოა, რომ პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს გაიმართა), რომელმაც აღნიშნა: “მსგავსი ფილმები, მსგავსი გმირული საქციელი აერთიანებს ერს. ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ერთობლივი მიზნების და იმ ადამიანების ხსოვნის დღე, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს".

მოგეხსენებათ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება “ერის გაერთიანებაზე” იშვიათად საუბრობს. გაერთიანება კი არა, აგერ კოჰაბიტაციასაც ნელ-ნელა გმობენ. კოჰაბიტაცია იქით იყოს - 2008 წლის ომს როგორ განიხილავს, ხომ გახსოვთ? თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ: წელს, აგვისტოში, ტელეკომპანია “იმედის”ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, სათაურით “ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელშიც გამოთქმულია ვერსია, თითქოს 2008 წელს რუსეთის ჯარი, უბრალოდ, იძულებული გახდა შემოჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ფილმის ეთერში გასვლას ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ტელეკომპანია “იმედის” მაშინდელმა დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ლალიაშვილმა, ფილმის ეთერში გაშვებაზე (ფილმისა, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს რუსულ ნარატივს აგვისტოს ომზე) პასუხისმგებლობა პირადად აიღო. ისიც ფაქტია, რომ “პროტესტანტი ჟურნალისტების” ნაწილმა დატოვა ტელეკომპანია “იმედი”, ბატონი ლალიაშვილი კი დღესაც განსაზღვრავს “იმედის” პოლიტიკას - მე ვიტყოდი, “სახელისუფლო იმედის” პოლიტიკას.

“ქართული ოცნება” 7 წელია ხელისუფლებაში და 7 წელია, შეიძლება ითქვას, “წვალობს” 2008 წლის აგვისტოს შეფასებაში. შეიძლება ძალიანაც უნდა რუსეთ-საქართველოს ომი მთლიანად სააკაშვილს დააბრალოს, მაგრამ ვერაფერს უხერხებს... 7 წელია, ვერაფერს უხერხებს ხალხის ხსოვნას, იმას, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ!ხელისუფლებას, უბრალოდ, არ შეუძლია დააკონკრეტოს თავისი პოზიცია 2008 წლის ომზე.

ასეთ ვითარებაში დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი”, - უფრო სწორად, ის, რომ ფილმი მთლიანად “სახელმწიფო პროექტია”, - თუკი “ოსკარზე” გაუმართლა, მართლაც რომ, სახელმწიფოებრივ “საქმეს გააკეთებს” - მსოფლიოს გაახსენებს მხეცობას, რომელიც რუსულმა არმიამ ჩაიდინა შინდისში... ასეთ ისტორიულ მოცემულობაში, შესაძლებელია ჩვენც, ლალიაშვილის “დისკურსს” რომ არ ვიზიარებთ, მადლობა უნდა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, თუმცა ერთი კითხვა მაინც უპასუხოდ დაგვრჩება: დაეხმარებოდა თუ არა ხელისუფლება იმ ფილმის წარმოებას, რომელშიც 2008 წლის აგვისტო მეტი კონკრეტულობით იქნებოდა ნაჩვენები, რომელშიც ავტორები გასაგებად გვეტყოდნენ, ვის ებრძვიან ქართველები, რა უნდა მტერს, რა უძღოდა წინ შინდისის ტრაგედიას და ა.შ.; გვეტყოდნენ ისე, როგორც უყვარს ისტორიას - არც ისტერიკული აღფრთოვანებით და არც ისტერიკული თვითგვემით.ქართული კინო, თავის შედევრებშიც კი, “ისტორიზმით” არასდროს გამოირჩეოდა, არც დროისა და სივრცის დაკონკრეტება ჰყვარებიათ ქართველ კინემატოგრაფისტებს. მათ, როგორც წესი, იზიდავთ “დიდი იდეები”, “დიდი ემოციები”, ერთგვარი უდროობა და აბსტრაქტული სახეები..ჰოდა, “შინდისი” ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კი, ცხადია, ხელს აძლევს “პატრიოტული ფილმი”, რომელიც მან დააფინანსა და რომელშიც თითქმის არაფერია კონკრეტული.

როგორ არაა, იტყვით თქვენ. ფილმს ხომ ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად. კი,ასეა - 2008 წლის 11 აგვისტოს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაეცა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში. ფილმში ჩართულიც კი არის რეალური კადრები, რომლებიც ბიჭებმა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს. და უნდა ითქვას, ეს კადრები ფილმის ყველაზე ემოციური ნაწილია, უფრო ემოციური, ვიდრე პათეტიკური სცენები,- განსაკუთრებით ფილმის მეორე ნაწილში, ასეთივე პათეტიკური მუსიკით, - ის კერძო ისტორიები, რომლებიც არანაირად არ ებმიან 20-წუთიან ბატალურ ეპიზოდს ფილმის დასაწყისში. არადა, დიტო ცინცაძემ თავის ძველ ფილმებში სწორედ კარგი მუსიკალური გემოვნებით დაგვამახსოვრა თავი. დიტო ცინცაძე ყოველთვის უარს ამბობდა პათეტიკასა და “პედალის” ხმარებაზე, მაგრამ“შინდისის” პირველი და მეორე ნაწილი გადაიღო ისე, როგორც საბჭოთა რეჟისორი ოზეროვი იღებდა ფილმებსმეორე მსოფლიო ომზე - ილუსტრაციული ბატალური სცენებით, მტრის სტერეოტიპული სახეებით,რაღაცნაირი სოცრეალისტური მონუმენტალიზმით (ან “რელიგიური მონუმენტალიზმით” - განსაკუთრებით, ქართველი მებრძოლების დაღუპვის სცენაში, რომელსაც არ სჭირდებოდა ემოციური გამძაფრება, მაგრამ მაინც არ იკმარეს გამოსახულება და უფლის სადიდებელი გალობა დაადეს ზედ).ფილმის მესამე და ფინალურ ნაწილში ეს პათეტიკა გადალახული იქნება. სცენაში “მოდელირებული ქორწილით”, შინდისელი გლეხების გმირობით სწორედ ის ოსტატობა ვნახეთ, რომელიც დამახასიათებელია დიტო ცინცაძის რეჟისურისთვის - სიტყვის, დიალოგების გარეშე მიღწეული სასპენსი (აქ ოპერატორის, მინდია ესაძის, როლიც ძალიან დიდია), როცა ემოციური დაძაბულობა და ხიფათის მოლოდინი წამებში მატულობს... ამ დროს გულიც გწყდება, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ვნახეთ, იყო, უბრალოდ, “პატრიოტული კინო” - უკეთესი, ვიდრე “აგვისტოს 5 დღე” (“ბუტაფორიული ომი”), მაგრამ მაინც უფრო ომის ილუსტრაცია, გმირობის ილუსტრაცია, ვიდრე ემოციური ამბავი ომზე, გმირობაზე.

“შინდისის” ავტორები მუდმივად იმეორებენ, რომ ფილმს კონკრეტული ადამიანების ისტორიები დაედო საფუძვლად. ეჭვიც არ მეპარება. ეგაა, რომ კინოში ყველაზე ძნელი არა იმდენად კონკრეტიკის განზოგადება, რამდენადაც კონკრეტიკის გაღრმავებაა. ამას როცა ვერ აღწევ, გრჩება ზედაპირული გმირებიდა შეიძლება ნამდვილი, მაგრამ მთელი დრამატურგიისთვის სრულიად ზედმეტი სცენები (“საყურის ამბავი”, საერთოდ, მოჭორილსა და ნაძალადევს ჰგავს). გოგა პიპინაშვილი და, განსაკუთრებით, დათო ბახტაძეყველაფერს აკეთებენ, რომ სიყალბისა და პათეტიკისგან გადაარჩინონ ფილმი, მაგრამ მე პირადად ფილმის ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ვუყურებდი შინდისელ გლეხებს და არა პროფესიონალ მსახიობებს. ფილმის ნახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი, საერთოდ, გადამავიწყდნენ ეს პერსონაჟები.

ისტორიული განცდის არარსებობამ, ომის მიზეზებზე რეფლექსიის არარსებობამ “შინდისის” ყველაზე კარგ ეპიზოდზე, ქორწილის სცენაზეც კი იმოქმედა. სუფრაზე მთვრალი რუსი გენერალი სიყვარულს უხსნის ქართველებს და ამბობს, რომ რუსული არმია საქართველოში მხოლოდ სიყვარულით მოქმედებს. არსებითად, ასეთი მონოლოგი და “ერთმორწმუნეობით” სპეკულაცია არაერთხელ გაგვიგონია რუსებისგან, ამიტომ ერთი შეხედვით რუსი გენერლის სიტყვა, უბრალოდ, კლიშეა, რომელიც ბევრს ვერაფერს ჰმატებს ქორწილის ძალიან კარგ ეპიზოდს. მაგრამ ახალ ისტორიულ კონტექსტში, როცა “ქართული ოცნების” საყვარელი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უჩვენებენ ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რუსი გენერლის მონოლოგი შეიძლება სულ სხვანაირად აღვიქვათ - როგორც “გასათვალისწინებელი მოსაზრება”, რომელსაც დღეს რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების შეშინებული პოლიტიკა ნელ-ნელა უახლოვდება, იმ ხელისუფლებისა, რომელმაც “შინდისი” სახელმწიფო კინონპროექტად აქცია, თავადაც დაესწრო პრემიერას და “ერის გაერთიანებაზე” გამოთქვა აზრი, იმ ხელისუფლებისა, რომელსაც დღეს “გავრილოვის პატიმრები” ჰყავს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG