ნინო კალანდიას ზუსტად 9 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლში ნანახი დაუნის სინდრომის მქონე პატარა გოგონა მისი შვილი გამხდარიყო. 2013 წელს, როცა ნინომ ბევრ ბავშვს შორის მძინარე ანა დაინახა, უკვე იცოდა, რომ მისი დედა გახდებოდა. თუმცა მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რა გრძელი და ბიუროკრატიული დაბრკოლებებით სავსე გზა ელოდა წინ.
2015 წლამდე ნინო ანას ბავშვთა სახლში აკითხავდა - ასე დამეგობრდნენ.
2015 წელს სახლში წამოიყვანა - ნინოს ე.წ. მიმღები ოჯახის სტატუსი მიანიჭეს. მას შემდეგ კი, 2022 წლის ბოლომდე კიდევ შვიდი წელი დასჭირდა იმას, რომ ნინო სახელმწიფოს ოფიციალურად ეღიარებინა ანას დედად.
ამ ვიდეოში ნინო კალანდია გვიყვება, რომ ანას შვილად აყვანის გზაზე, სულ ცოტა სამჯერ მოუწია დოკუმენტაციის ხელახლა შეგროვება, რადგან შეგროვილ საბუთებს, იმის გამო, რომ პროცესი წინ ვერ მიდიოდა, ვადა გასდიოდა ხოლმე. გვიყვება იმ რთულად გადასალახავ პრობლემებზე, რასაც მთელი ეს წლები სოციალური მომსახურების სააგენტოსა თუ სასამართლოში აწყდებოდა.
ნინო ვარაუდობს, რომ ამ სირთულეებს გადის საქართველოში ყველა ადამიანი, ვისაც შვილის აყვანა სურს და ამბობს, რომ ეს სისტემა შესაცვლელია.