Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლის თუ არა გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო


​სააპელაციო სასამართლო
​სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, სავარაუდოდ, 25 აპრილს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის, საქმეზე, ტატიშვილისა, რომელიც დაიღუპა 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას, 20 წლის გიორგი ლიპარტელიანის ზურგიდან შეჯახების შედეგად. ბრალდება და სალომე ტატიშვილის ოჯახი გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

16 აპრილს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა მურმან ისაევმა, გოჩა ჯეირანაშვილმა და ვეფხია ლომიძემ ბრალდებისა და დაცვის მხარის დასკვნითი ხანგრძლივი სიტყვები მოისმინეს. პროკურორი გოჩა ქორაია მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეცვალოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება და გიორგი ლიპარტელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა დაისაჯოს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. გოჩა ქორაიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში თავისი დასკვნითი სიტყვა ასე დაამთავრა:

„გიორგი ლიპარტელიანი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, რადგან უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების წესები და, გარდა ამისა, ის ჩადენილი დანაშაულის გამო არ განიცდის სინანულს“.

აქამდე მათ საუბარს ალოგიკურს ვუწოდებდი ხოლმე. დღეს კი მინდა ვთქვა, რომ ადვოკატის მთელი გამოსვლა იყო ბოდვა, რადგან არ შეიძლება, რომ სასამართლო დარბაზში ისმოდეს ასეთი აბსურდული განცხადებები, რომ ადვოკატი თავს უფლებას აძლევდეს, აკეთოს მსგავსი ცინიკური განცხადებები, რაც, მგონია, რომ მოსამართლეთა კოლეგიისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს...
სალომე ტატიშვილის დედა

გიორგი ლიპარტელიანი 16 აპრილს სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს. მისი ინტერესების დაცვა თბილისში ადვოკატებს თენგიზ ხარებავასა და მანანა ლიპარტელიანს აბარია. სწორედ თენგიზ ხარებავამ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა სასამართლო სხდომაზე, რომლის ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმას, რომ 2016 წლის 10 იანვარს მოხდა უბედური შემთხვევა და, შესაბამისად, სალომე ტატიშვილის სიკვდილში გიორგი ლიპარტელიანის ყველანაირი ბრალეულობა გამორიცხულია. მეტიც, თენგიზ ხარებავამ დასკვნით სიტყვაში სალომე ტატიშვილის მშობლები ერთგვარად დაადანაშაულა კიდეც იმის გამო, რომ, მისი თქმით, მათ სალომე და მისი ორი და საწვრთნელად მიაბარეს არალიცენზირებულ მწვრთნელს, რომელმაც ვერ გათვალა სათხილამურო ტრასაზე არსებული რისკები. გარდა ამისა, თენგიზ ხარებავამ სააპელაციო სხდომაზე კიდევ ერთ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სალომე ტატიშვილს პირველადი დახმარების აღმოჩენისას მაშველებმა ნეკნები დაუზიანეს.

გიორგი ლიპარტელიანის ადვოკატის ამ ორ ბრალდებას სალომე ტატიშვილის დედა ნინო ჟვანია „უტიფარ ბოდვას“ უწოდებს და ამბობს:

ნინო ჟვანია
ნინო ჟვანია

„აქამდე მათ საუბარს ალოგიკურს ვუწოდებდი ხოლმე. დღეს კი მინდა ვთქვა, რომ ადვოკატის მთელი გამოსვლა იყო ბოდვა, რადგან არ შეიძლება, რომ სასამართლო დარბაზში ისმოდეს ასეთი აბსურდული განცხადებები, რომ ადვოკატი თავს უფლებას აძლევდეს, აკეთოს მსგავსი ცინიკური განცხადებები, რაც, მგონია, რომ მოსამართლეთა კოლეგიისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს შემთხვევა შერაცხონ როგორც უბედური შემთხვევა. არ აღიარებენ ლიპარტელიანის მონაწილეობას შეჯახებაში, ამახინჯებენ ყველა ფაქტს, ამახინჯებენ განაჩენსაც კი. დღეს მე მოვისმინე, რომ თურმე ბუგიანიშვილის განაჩენში არ წერია, რომ სალომეს გიორგი ლიპარტელიანი ზურგიდან შეეჯახა. ეს შავით თეთრზე წერია. ყველა მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ლიპარტელიანი ზურგის მხრიდან შეეჯახა სალომეს. დღეს დაცვის მხარეს ჰქონდა მცდელობა, რომ მომხდარი დაებრალებინა სალომესთვის. დაებრალებინა ჩვენთვის, მშობლებისთვის. შეურაცხმყოფელია, როდესაც ის ჩვენ გვაბრალებს, რომ არ უნდა გაგვეშვა შვილი სათხილამურო სკოლაში. ჩემთან ერთად ისრიალებდა სალომე თუ სპორტსკოლის პედაგოგთან ერთად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის დემაგოგია. რაც შეეხება პირველადი დახმარების ჩატარებისას მიღებულ დაზიანებებს, როდესაც ხდება პირველადი დახმარება, შესაძლოა, მართლაც მოხდეს მცირე დაზიანება, მაგრამ ასეთი ლოგიკით, ვისაც კი პირველად დახმარებას უწევენ, ყველა უნდა დაიღუპოს? პირველადი დახმარებისას ადამიანები არ კვდებიან. ეს იყო გაუგონარი სითავხედე, როდესაც ადვოკატმა თქვა, რომ სალომეს გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო მაშველების მიერ ჩატარებული პირველადი დახმარება. იმ ტრავმების ჩამონათვალი, რომელიც სალომეს მიადგა ამ შეჯახებისას, თითქმის ნახევარი გვერდია და ამ ჩამონათვალიდან ყოველი მეორე სიცოცხლისთვის შეუსაბამოა“.

პროკურორ გოჩა ქორაიას განცხადებით, ის, რომ მაშველებმა ჩაუმტვრიეს ნეკნები სალომე ტატიშვილს, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება:

​სააპელაციო სასამართლო
​სააპელაციო სასამართლო

„სალომე ტატიშვილს მიღებული დაზიანებების შედეგად აღენიშნებოდა გულის მექანიკური გაგლეჯა, რის შედეგადაც დადგა მისი სიკვდილი“.

საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულების სანდოობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს...
ადამიანის უფლებათა ცენტრი

აღსანიშნავია, რომ გიორგი ლიპარტელიანის ადვოკატებმა საქმეში ჩადეს გახმაურებული ამერიკული საქმე „ხალხი ჰოლის წინააღმდეგ“, რომელიც კოლორადოს შტატში მომხდარ ანალოგიურ შემთხვევას ეხება, როდესაც ერთი მოთხილამურე მეორეს შეეჯახა ზურგიდან, რის გამოც მოთხილამურე დაიღუპა. ამ საქმემ გაიარა რამდენიმე ინსტანცია. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ბრალდებული, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ის ხელახლა განსახილველად დააბრუნა ქვედა ინსტანციაში, სადაც ის თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა განიხილა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურორი გოჩა ქორაია ამბობს, რომ ლიპარტელიანის დაცვის მხარემ ამ საქმის მხოლოდ ის ნაწილი ჩადო საქმეში, სადაც ბრალდებული სასამართლომ გაამართლა. 16 აპრილს პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას კოლორადოს შტატის საქმის სრული ვერსია წარუდგინა. ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეში არსებული დამატებითი დეტალების გამოკვლევის მიზნით, 10 დღით - 25 აპრილამდე გადაიდო.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც მან გასული წლის ბოლოს გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა, „ბუნდოვანს, აბსტრაქტულსა და არადამაჯერებელს“ უწოდებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წერილს ავრცელებს და მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას, „საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულების სანდოობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს, რომელიც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არასათანადოდ იყო განხილული და შეფასებული“.

გიორგი ლიპარტელიანი და მისი დაცვის მხარე საბედისწერო შეჯახებას სასრიალო ტრასაზე არსებულ ხარვეზს უკავშირებს. პირველ ინსტანციაში დაკითხვისას გიორგი ლიპარტელიანმა თქვა, რომ სრიალის დაწყებისას გადაწყვეტილი ჰქონდა რვიანებით (ე.წ. ზიგზაგებით) დაშვება, მაგრამ დაშვებიდან მალევე იგრძნო ფეხქვეშ ბიძგი (სავარაუდოდ, სასრიალო გზის საფარის უსწორმასწორობის ან კენჭის გამო), დაკარგა წონასწორობა, წაიქცა და გონება დაკარგა. დაცვის მხარე ასევე გამორიცხავს სრიალის დროს გიორგი ლიპარტელიანის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნასაც. გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებს იმაზეც, რომ სათხილამურო სპორტში არ არსებობს განსაზღვრული სიჩქარის დაშვებული ლიმიტი და ნორმა, რომელიც მოთხილამურის სიჩქარეს არეგულირებს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ადვოკატმა თენგიზ ხარებავამ 16 აპრილის სხდომაზე აბსურდული უწოდა ბრალდების მხარის მოთხოვნას, დაისაჯოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. რაც შეეხება დამატებით განმარტებებს, სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც სააპელაციო სხდომა გადაწყვეტილებას მიიღებს.

XS
SM
MD
LG