Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესრულდება მაღაროელებისთვის მიცემული პირობა? - ჭიათურა მოლოდინის რეჟიმში


ჭიათურა ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქალაქში დაკეტილი მაღაზიები გაიღო. მაღაროელების პროტესტი შეწყდა. მათი თითქმის სამკვირიანი გაფიცვის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მშრომელებს შორის შეთანხმება მოხერხდა. ახლა ყველა მოელის კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების შესრულებას.

ჭიათურელი მაღაროელები ამბობენ, რომ აქამდეც არაერთი პირობა მიუღიათ, რომელიც არ შესრულებულა, ამიტომ ფხიზლად უნდა იყვნენ. კომპანია კი მაღაროების გასახსნელად ემზადება.

გვირაბგამყვანი მერაბ სარალიძე ერთ-ერთი იყო იმ მაღაროელებს შორის, ვინც გაფიცვას პირველსავე დღეს შეუერთდა და შემდეგ ჭიათურის ცენტრში გაშლილ კარავში თავის თანამოაზრეებთან ერთად შიმშილობდა. დღეს, როცა სამკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტი შეწყდა, მერაბი გვეუბნება, რომ მიიღეს ის, რასაც პროტესტის პირველსავე დღეებში ამაოდ ითხოვდნენ.

„თუმცა მაშინ არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა და მოთხოვნებიც იმიტომ გაიზარდა“.

მერაბი იმასაც ამბობს, რომ მაღაროელები არ უნდა მოდუნდნენ და არც მხოლოდ გაფორმებული შეთანხმების იმედად იყვნენ, რადგან დაპირება ბევრი ყოფილა, რეალურად ბოლომდე შესრულებული პირობა კი - ცოტა. ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა შემდეგი ნაბიჯი პროცესში მაღაროელების მუდმივი მონაწილეობაა.

"სულ უნდა შევახსენოთ და დავაკვირდეთ, სრულდება ჩვენი მოთხოვნები თუ არა“.

გაფიცული მაღაროელების კარავი თბილისში, პარლამენტის წინ
გაფიცული მაღაროელების კარავი თბილისში, პარლამენტის წინ

პირველი, რასაც ჭიათურელი მაღაროელები წესით მალე შეიტყობენ, მათი ხელფასების 12%-ით გაზრდაა.

სამსახურში გასვლის შემდეგ ნახავენ, გაუმჯობესდება თუ არა მათი კვება, ან დახვდებათ თუ არა უკეთესი სამუშაო პირობები.

მერაბ სარალიძე გვეუბნება, რომ მათთვის პრინციპული იყო მოთხოვნა, დაბრუნებოდნენ მუშაობის ძველ სქემას და შეთანხმება ამაზეც არსებობს. რაც შეეხება აღჭურვილობის და ტექნიკის განახლებას, მაღაროელი ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ვერ მოხდეს, მაგრამ რაც შესაცვლელია, უნდა შეიცვალოს:

„ძალიან დაზიანებული და ცუდი ტექნიკით ვმუშაობთ, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან. მაგალითად, მარგანეცი გამოგვაქვს სპეციალური ტრაქტორებით, რომელიც დიზელზე მუშაობს. დიზელს ისედაც საშინელი გამონაბოლქვი აქვს და წარმოიდგინეთ, დაზიანებული ძრავით რა იქნება. თითქმის ყოველ მეორე დღეს სჭირდება შეკეთება ამ ტექნიკას, რასაც ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ რაღაც დროს ხომ უნდა შეიცვალოს ძველი ნაწილები ახლით? იმედია, ამას აუდიტიც შეაფასებს... არ ვიცი, რამდენად ობიექტურად, მაგრამ იქნებ ჩვენმა მონაწილეობამაც ამ პროცესში შეცვალოს რამე“, - გვითხრა მერაბ სარალიძემ.

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, 2023, ივნისი
გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, 2023, ივნისი

„ჯორჯიან მანგანეზის“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, კომპანიასა და მაღაროელებს შორის შეთანხმების შესახებ განცხადება 24 ივნისს გამოქვეყნდა. მასში წერია, რომ სახელმწიფოს, მედიაციისა და პროფკავშირების ჩართვის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზი“ და მაღაროელები გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ და, რომ დაკმაყოფილდა მთავარი, ხელფასის მომატების მოთხოვნა.

კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში მაღაროელებისთვის გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.

მაღაროელების 14-პუნქტიან მოთხოვნებს შორის ასევე იყო:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

ახლა „ჯორჯიან მანგანეზი“ ვალდებულია, ჭიათურაში სამთომოპოვებითი საქმიანობა განაახლოს.

შეთანხმების თანახმად, მხარეების მონაწილეობით შეიქმნება კომისია, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე იმუშავებს.

დამოუკიდებელი აუდიტორი კომპანიის ფინანსურ აუდიტს ჩაატარებს.

შრომის ინსპექციის სამსახური კი გააკონტროლებს, შესრულდება თუ არა შეთანხმების პირობები.

„ჯორჯიან მანგანეზში“ გვითხრეს, რომ ახლა მიმდინარეობს მაღაროების გახსნისწინა მოსამზადებელი სამუშაოები.

წესით, მაღაროები 1 ივლისს უნდა გაიხსნას.

ორი დღით ადრე 24 ივნისის განცხადებამდე, „ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებდა, რომ კომპანია მზად იყო, კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელების მართვაში გადაეცა.

თუმცა ამ განცხადებას მაღაროელებმა უარით უპასუხეს და თქვეს, რომ „ბიზნესის მართვა“ და მაღაროს გადაცემა მათ მოთხოვნებს შორის არ ყოფილა, რომ ისინი მხოლოდ სამუშაო პირობების, მათ შორის, ანაზღაურების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ხოლო მათი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხოლოდ იმ საქმის კეთებას გააგრძელებდნენ, რაც იციან.

ჭიათურელი მაღაროელები 2023 წლის ივნისის დასაწყისში გაიფიცნენ.

პროტესტის დაწყებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ. ჭიათურაში დაწყებული გაფიცვა თბილისში, პარლამენტის წინ გაგრძელდა საპროტესტო აქციებით, რომელშიც თავად მაღაროელების ნაწილი და მათი მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც მიმართეს. ერთმა მათგანმა, გიორგი კუპატაძემ, რომელიც თბილისშიც ჩამოვიდა, პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა.

ჭიათურელი მაღაროელები ბოლოს 2019 წელსაც გაიფიცნენ. მაშინაც მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მომატება და ღირსეული შრომითი პირობების შექმნა იყო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG