Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერჩევითი შეზღუდვები ხურვალეთის საგუშაგოზე


პოლიციის საგუშაგოზე ხურვალეთელებს უპრობლემოდ ატარებენ, თუმცა მათ სატრანსპორტო საშუალებებს ჩხრეკენ.
პოლიციის საგუშაგოზე ხურვალეთელებს უპრობლემოდ ატარებენ, თუმცა მათ სატრანსპორტო საშუალებებს ჩხრეკენ.

15 მარტის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმართულებით გადაადგილება ისევ შეზღუდულია. სოფლის შესასვლელში, პოლიციის საგუშაგოზე ხურვალეთელებს უპრობლემოდ ატარებენ, თუმცა მათ სატრანსპორტო საშუალებებს ჩხრეკენ. აქამდე ამ საგუშაგოზე მანქანების ჩხრეკის შემთხვევები არ ყოფილა. სოფლისკენ მიმავალ სტუმრებს და უცხო ადამიანებს კი საერთოდ უზღუდავენ გადაადგილებას. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია აცხადებს, რომ პოლიციელები მანქანების ჩხრეკის დროს ზრდილობიანად იქცევიან, თუმცა კითხვაზე რატომ აკეთებენ ამას, პასუხობენ, რომ ნაბრძანები აქვთ.

დავით ბარაბაძემ მეგობრების დახმარებით ხონში თანხა და საწვავის ბარათები შეაგროვა. ის ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარში საჩუქრებით ჩასვლას აპირებდა, მაგრამ საგუშაგოდან სოფლის მიმართულებით აღარ გაატარეს, არც მიზეზი აუხსნეს, ნახევარ საათზე მეტხანს საბუთებს უმოწმებდნენ. ბარაბაძემ ვითარებაში გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაშიც დარეკა, მაგრამ ვერც იქიდან მიიღო პასუხი.

აქამდე ამ საგუშაგოზე მანქანების ჩხრეკის შემთხვევები არ ყოფილა.
აქამდე ამ საგუშაგოზე მანქანების ჩხრეკის შემთხვევები არ ყოფილა.

ლუდა სალია სტუმრებთან შესახვედრად ახლა საგუშაგოზე გადის ხოლმე და მათ თავშესაფარში ვერ მასპინძლობს. სწორედ სალიამ გაავრცელა 15 მარტს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ბაღები დაიკავეს. თუმცა სახელმწიფო უწყებები ამ ცნობას არ ადასტურებდნენ. სალია ამბობს, რომ სოფელში ამჟამად მშვიდობაა და ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გამოჩენილან. პოლიციის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვებით კი გაკვირვებულია.

ხურვალეთის მცხოვრები თამაზ მჭედლიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საგუშაგოზე გადაადგილების რეჟიმის გამკაცრება, სოფლის მცხოვრებთა ერთი ნაწილის მოთხოვნით მოხდა. მისი თქმით, აუცილებელია სოფელში უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნება და პოლიციაც პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად მოქმედებს. მჭედლიძე ამბობს, რომ ხურვალეთელები დაძაბულობით დაიღალნენ, ამიტომ მოითხოვეს, რომ ლუდა სალიასთან მიმსვლელი სტუმრები მაქსიმალურად გაკონტროლდნენ.

ვითარება ხურვალეთში 15 მარტს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია სოფელში საოკუპაციო ძალების შესვლის თაობაზე. მაშინვე სამართალდამცავებმა ჟურნალისტებისთვის და სამოქალქო აქტივისტებისთვის გზა გადაკეტეს და ოფიციალური განცხადებები მხოლოდ ორი საათის შემდეგ გაავრცელეს. საქართველოს ხელისუფლებამ სალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სოფელში მშვიდობაა, თუმცა პოლიციელების სიმრავლე, ჩაკეტილი გზა, მოგვიანებით გავრცელებული ფოტოები - ხურვალეთში განვითარებული მოვლენების შესახებ კითხვის ნიშნებს ტოვებს.

გაურკვეველია, რა რეჟიმი აქვს დაწესებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ხურვალეთის საგუშაგოზე. ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან კომენტარი ვერ მიიღო.

XS
SM
MD
LG