Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაზე პატარა გმირი


ერთმა თქვა, ჯგუფელმა ქორწილში დამპატიჟა და იქ მივდივარო. მეორე რეპეტიტორთან ეგულებოდათ, მესამე - ლექციაზე... მერე ყველა მორგში იპოვეს. ისე იყვნენ დაჩეხილები და დასიებულები, ამოცნობა გაჭირდა.

9 აპრილს ონავარი გმირები ჰყავს, ბავშვი გმირები, ცელქები და ცრუპენტელები, სიმართლეს რომ უმალავდნენ მშობლებს და ჩუმ-ჩუმად აქციებზე დადიოდნენ. სიკვდილზეც რაღაცნაირად მარტივად წავიდნენ, თითქოს სიცოცხლეს შატალოზე გაეპარნენო.

25 წლის, 16, ისევ 16... ეკა ბეჟანიშვილი, სწორედ ის, მამას რეპეტიტორთან რომ ეგონა, საერთოდ, 15-ის იყო.

მაგრამ 9 აპრილის ყველაზე პატარა მსხვერპლი ეკა არაა. ყველაზე პატარის სახელი საერთოდ არ ვიცით. ვიცით, რომ 25 წლის ელისო ჭიპაშვილი ექვსი თვის ორსული იყო და მასთან ერთად მისი ბავშვიც დაიღუპა.

ელისო ექთნად მუშაობდა. მის ბრიგადას მოშიმშილეებზე ზრუნვა ჩააბარეს და აქციაზეც ასე აღმოჩნდა, სამსახურიდან.

ყველაფერი სხვაგვარად რომ შეტრიალებულიყო, ახლა მისი შვილი ოცდაათი წლის იქნებოდა, სადღაც სამ თვეში კი ოცდათერთმეტის. „ეჰ, მეც ვბერდებიო“, - იტყოდა დაბადების დღეზე სიცილით. „რა დროს შენი სიბერეა, ჩვენ რაღა ვთქვათო“, - შეუბრუნებდა ვინმე, მართლა ასაკოვანი. ალბათ, იმასაც გაიხსენებდნენ, როგორ ბეწვზე გადარჩნენ ის და დედამისი 9 აპრილის ღამეს. დედაც იქვე იქნებოდა, ბებია ქეთევანიც, ელისოს სიკვდილიდან ორ დღეში რომ გარდაიცვალა.

არიან რეალური, კაშკაშა გმირები, რკინის ნებისყოფით, მრწამსით.

და არიან ასეთი გმირებიც - უნებლიე, თვითონაც რომ ვერ გაიგეს, რაში გაერივნენ.

ვინ იცის, იქნებ, ბედის ირონიით, ინტროვენტი იბადებოდა - შინაყუდა და საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი, ყოველგვარი პოლიტიკისა და აქტივიზმის მოძულე. იქნებ, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სიცოცხლით უნდა ეცხოვრა და კიდევ უფრო ჩვეულებრივი სიკვდილით მომკვდარიყო...

მაგრამ იმ ღამეს არავისთვის არაფერი უკითხავთ და, მით უფრო, მისთვის.

ერთმა თქვა, ჯგუფელმა ქორწილში დამპატიჟა და იქ მივდივარო. მეორე რეპეტიტორთან ეგულებოდათ, მესამე - ლექციაზე...

მერე ყველა მორგში იპოვეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG