Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეცვალეთ ფილმი, ამოუვიდა წვერები“ - ქუთაისში ისევ კინოთეატრს ითხოვენ


კინოთეატრმა „საქართველომ“ მუშაობა რამდენიმე თვის წინ შეაჩერა.
კინოთეატრმა „საქართველომ“ მუშაობა რამდენიმე თვის წინ შეაჩერა.

ქუთაისელები კინოთეატრს ითხოვენ. მას შემდეგ, რაც კინო „საქართველომ“ მუშაობა შეაჩერა, ქალაქი ისევ კინოს გარეშე დარჩა.

კინოთეატრის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. პეტიციის ტექსტში წერია:

„ცნობილი ფაქტია, რომ ქუთაისის კინო ასსაუკუნოვან ისტორიას ითვლის, აქ კინოთეატრები ფუნქციონირებდა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ფუნქციონირება განაგრძო რამოდენიმე კინოთეატრმა „კომუნამ“, „საქართველომ“, „სულიკომ“ და „გამარჯვებამ“. 2000-იანი წლების დასაწყისში ქუთაისში ყველა კინოთეატრი დაიხურა. ამის შემდეგ ქუთაისელი მაყურებელი თითქმის 20 წელი ელოდა კინოთეატრს და როგორც იქნა განახლებული კინო „საქართველო“ დაგვიბრუნდა. არ ვიცი ეს ერთგვარი წყევლაა თუ რა არის, თუ ცუდ მენეჯმენტსა და პიარს დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ქუთაისს კინო აღარ აქვს, ფილმების საყურებლად კი ყველა თბილისში წასვლას ვერ ახერხებს“.

კინოთეატრმა „საქართველომ“ მუშაობა რამდენიმე თვის წინ შეაჩერა. ყოფილი ადმინისტრაციის მითითებულ ნომრებზე არავინ პასუხობს, კინოს საიტი არ მუშაობს, ფეისბუკგვერდზე ბოლო ინფორმაცია 2022 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომლის ქვეშ მომხმარებლების ძველი კომენტარებია შემორჩენილი: „შეცვალეთ ფილმი, ამოუვიდა წვერები“, „მერამდენედ უნდა დაიხუროთ და გაიხსნათ“, „შავ ადამს“ როდის გამოუშვებთ?“ „ხვალ „არასწორი გმირი“ არ გავა?“

ქუთაისი საქართველოში სიდიდით მესამე ქალაქია. 2014 წლის აღწერით, მოსახლეობა 150 ათასს აღწევდა. მიუხედავად ამისა, ქალაქის კინოთეატრის ამუშავება მაინც გაჭირდა. იყო შემთხვევები, როდესაც სეანსებზე ხუთი კაციც არ გროვდებოდა.

პეტიციის ავტორი ანტონ სინატაშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ „საქართველო“ არა ხალხის გულგრილობამ, არამედ არასწორმა მენეჯმენტმა დაღუპა.

ანტონ სინატაშვილი: „არც აპიარებდნენ რამეს, არც თავიანთ გვერდზე დებდნენ. ჯერ მარტო მულტფილმებს უშვებდნენ, მერე როცა დაადგა საშველი და მარველის ფილმები გაუშვეს, ამდენ ხალხს, ეტყობა, არ ელოდნენ და ბილეთებს პასტით წერდნენ ქაღალდზე, აპარატი გაფუჭდაო. ციფრულად ისეც ვერსად შეიძენდი ბილეთს.

„დოქტორი სტრეინჯი“ და „თორი“ რომ გაუშვეს, ძალიან ბევრი ხალხი იყო, „ფორსაჟზეც“ ასევე. მანამდე არ ჰქონდათ კარგი ფილმები და არ გროვდებოდა ხალხი“.

ქუთაისელი ეკა ქობულაძე ამბობს, რომ სანამ მუშაობდა, კინოში თვეში ერთხელ მაინც დადიოდნენ. 9 წლის შვილი დღემდე ეკითხება, როდის გაიხსნება კინო და როდის წავლენ დიდ ეკრანზე ფილმის საყურებლად.

ქუთაისის კიდევ ერთი მკვიდრი ნოდარ ღაჭავა კი ფიქრობს, რომ კინო ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია და ის ყველა ქალაქში უნდა იყოს.

ნოდარ ღაჭავა: „რაც იყო, საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ ბევრი რამ რუსულად ჰქონდათ გახმოვანებული. ჩემთვის მიუღებელია, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში ფილმს სხვა ენაზე ვუყურო. ხშირად პროტესტის ნიშნად არ წავსულვარ, ქართულად რომ არ იყო“.

ისე გამოვიდა, რომ ქუთაისური კინოცხოვრება ასი წლის წინ დღევანდელზე გაცილებით საინტერესო იყო. კინომცოდნე თამთა თურმანიძე ამბობს, რომ ქართული კინოს ისტორია ფაქტობრივად ქუთაისიდან იწყება, ქუთაისელი იყო რეჟისორი ვასილ ამაშუკელი, რომელმაც პირველი ქართული ფილმი გადაიღო: „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ამ ფილმის პრემიერაც ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ გაიმართა. ეს იმ დროისთვის (1912 წელი) საკმაოდ კარგად აღჭურვილი კინოთეატრი იყო. თუ სხვაგან მუნჯი კინო პიანისტის თანხლებით გადიოდა, აქ ორი ორკესტრი უწევდა აკომპანირებას.

მეოცე საუკინის დასაწყისში ქუთაისს სამი კინოთეატრი ჰქონდა: „რადიუმი“, „თამარი“ და „მონ პლეზირი“. საბჭოთა პერიოდში ქალაქს კინოთეატრები კიდევ დაემატა. უკვე 90-იან წლებში კი...

თამთა თურმანიძე: „საკმაოდ დიდი ხანი აღმოჩნდა ქუთაისი კინოს გარეშე. ამის გამო ძალიან დიდი უკმაყოფილობა იყო. მერე აღდგა კინოთეატრი „სულიკო“, მაგრამ ვერ იმუშავა. მიჭირს ვთქვა, რატომ არ იმუშავა „საქართველომ“. გამოსავალი ამ შემთხვევაში ალბათ სწორად შერჩეული პროგრამაა. მე ძალიან მომწონს მუნიციპალური კინოს იდეა. მაგრამ ეს მხოლოდ ქუთაისში ვერ გაკეთდება, კინოს ქსელი სჭირდება. ქსელი უზრუნველყოფს გაქირავებას. მუნიციპალური კინოთეატრი კი იმის საშუალებას იძლევა, რომ კინოში არა მხოლოდ გასართობი, მაღალი მხატვრული ღირებულების ფილმებიც გავიდეს“.

„ძალიან გთხოვთ, იქნებ, კინო გახსნათ და ქუთაისელებს საშუალება მოგვცეთ მშობლიურ ქალაქში კინოს ვუყუროთ“, - წერია პეტიციაში, რომელსაც ჯერჯერობით ექვსასი ადამიანი აწერს ხელს. მიმართვის ადრესატი კინოთეატრების ქსელი „კავეაა“. როგორც „კავეაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ მრავალდარბაზიანი, ახალი კინოთეატრები სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქუთაისში, გაიხსნას.

„მედიისთვის ამ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად მზად ვიქნებით ზაფხულის სეზონისათვის“, - ამბობენ „კავეაში“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG