Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მართლმსაჯულების ჭაობი


ის, რომ საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემები პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენება, სიახლეს არ წარმოადგენს. ამის საილუსტრაციოდ უგულავას, ოქრუაშვილის, რურუას, გვარამიას და ხაზარაძის ბოლოდროინდელი საქმეებიც საკმარისია. თუმცა ამასთან ერთად, ამ სისტემებში ვხვდებით სხვა სერიოზულ ჩავარდნებსაც, რომელზეც აქცენტს შედარებით იშვიათად ვაკეთებთ ხოლმე. ამ „შედარებით რბილ“ ჩავარდნებს შორისაა: ნეპოტიზმი და კლანურობა, ტოტალური არაკომპეტენტურობა და სამსახურებრივი გულგრილობა. ეს დაავადებები თითქმის თანაბრად ვრცელდება სამართალდამცავ ორგანოებსა და მართლმსაჯულების ყველაზე რგოლზე.

„ქართულმა ოცნებამ“ არათუ პოლიტიკური გავლენებისგან არ გაათავისუფლა სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემები, არამედ ვერ მოახერხა ამ სფეროებში ელემენტარული პროფესიული სტანდარტების დანერგვა და უზრუნველყოფა. ამის გამო, ქვეყანაში მომხდარი ყოველი ახალი ტრაგედიის შემდგომი გამოძიება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების ლაკმუსის ქაღალდი ხდება და მათ რეპუტაციას გამანადგურებელ დარტყმას აყენებს.

ამ ფონზე, ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფრანც კაფკას ცნობილი რომანების სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სამართალს შინაარსი დაკარგული აქვს. როგორც კაფკას რომანებში, ისე რეალურ ცხოვრებაშიც, მსგავსი ვითარება ადამიანების ღირსებას და შესაძლოა, მთლიანად ყოფიერების საზრისს გამანადგურებელ დარტყმას აყენებს. სწორედ ამიტომაც, ქვეყანაში მომხდარი ყოველი ახალი ტრაგედია მინიმუმ ორჯერ გვანადგურებს ხოლმე. პირველ ჯერზე, თავად ტრაგედიის ფაქტით ვრჩებით განადგურებული, მეორედ - მართლმსაჯულების სისტემის ტოტალური უუნარობა გვიღებს ბოლოს.

დავით სარალიძის მკვლელობის საქმე საუკეთესო მაგალითია იმ უბედურებების, რაც ქართულ მართლმსაჯულებას სჭირს. ამ საქმეზე, ყველამ ცხადად დავინახეთ ნეპოტიზმის კვალი. პროკურატურის იმდროინდელი მაღალჩინოსანი - მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, დანაშაულის კვალის დაფარვას აქტიურად ცდილობდა. საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, 2018 წლის ივნისში სუბელიანი, როგორც იქნა, დააკავეს და მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სარალიძის საქმეზე გამოჩნდა მართლმსაჯულების გულგრილობა და არაკომპეტენტურობა. გამოძიება ორი წლის მანძილზე ვერ ადგენდა, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. პროკურატურა მხოლოდ საყოველთაო სახალხო გამოსვლებისა და სარალიძის მამის თავგანწირული პროტესტის შემდეგ რეალურად დაინტერესდა სარალიძის მკვლელის ძებნით. საქართველოს პარლამენტმა ამ საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნა. კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის, მიხეილ კალანდიას დაკავება იყო. კალანდია 2019 წლის ივნისში დააკავეს და მას სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

სარალიძის მკვლელობის გამოძიებაში ჩართული იყო მთელი ქვეყანა, დაწყებული პარლამენტარებით დამთავრებული ფეისბუქის რიგითი მომხმარებლებით. ამ საქმის დეტალები შევისწავლეთ კოლექტიურად და ყველამ ჩვენთვის გამოვიტანეთ განაჩენი. საზოგადოების მხრიდან ასეთი მასშტაბის აქტიურობა რომ არა, შესაძლოა სუბელიანიც კი არ დაეპატიმრებინათ. აშკარად გამოჩნდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მხოლოდ საზოგადოების უპრეცედენტო აქტივობის შემდეგ შეუძლია მოქმედება და ისიც ძალიან დაგვიანებით და უხარისხოდ.

დღესდღეობით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზეც დაახლოებით სარალიძის საქმის მსგავს პრობლემებს ვაწყდებით, რასაც სარალიძის საქმეზე. მაგალითად, შაქარაშვილის საქმეზეც ჩნდება კითხვა, აფარებენ თუ არა ვინმეს ხელს. ისევ აშკარად ვხედავთ როგორც პოლიციის, ისე 112-ის სამსახურის გულგრილობას და არაკომპეტენტურობას. როგორც თბილისის ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი შენიშნავს, საქართველოს პოლიციას აქვს მიდრეკილება დამალოს ისეთი დანაშაული, რომელიც შესაძლოა გაუხსნელი დარჩეს და სტატისტიკაზე ცუდად აისახოს. ვხედავთ, პროკურატურის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას - პროკურატურამ ნებსით თუ უნებლიეთ მხარეებს საქმის ფიგურანტი ახალგაზრდების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადასცა. კითხვები ჩნდება ექსპერტიზის სანდოობისა და კომპეტენციის შესახებაც. საბოლოო ჯამში, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გამოძიება ქაოსურია, არაკომპეტენტური და შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში, დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშაც იყოს მოქცეული.

ახლახანს გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის იდუმალებით მოცული საქმის გამოძიებაც უკვე მსგავსი ეჭვების ფონზე მიმდინარეობს. აქაც, დიდი შანსია, რომ შეიქმნას ისეთივე გაუგებრობების და დანაშაულებების ჯაჭვი, როგორსაც სარალიძისა და შაქარაშვილის საქმეებზე ვხედავთ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ვერც ერთ ასეთ გახმაურებულ შემთხვევაზე ადეკვატურად ვერ აფასებენ იმას, თუ რა არის სამართალდამცავებისა და მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების უნდობლობის მთავარი მიზეზი. ისინი ხან ოპოზიციური ტელევიზიების მიერ წარმოებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს ადანაშაულებენ უნდობლობის თესვაში, ხანაც თავიანთი ჩავარდნების გადაფარვას წინა ხელისუფლების კრიტიკით ცდილობენ... ამ დროს შავით თეთრზე ჩანს, თუ რა არის უნდობლობის მთავარი მიზეზი: არაკომპეტენტური, გულგრილი და კლანური სისტემა.

ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა არა ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას სისტემური ცვლილებებისგან. ზოგიერთმა მათგანმა ჩამოწერა კონკრეტული ნაბიჯებიც, რომელთა გადადგმაც აუცილებელია სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების საფუძვლიანი რეფორმირებისთვის. ეს არის თემები, რომელზეც შესაბამისი დარგის ექსპერტები საქართველოში უკვე დიდი ხანია, მუშაობენ. პროფესიულ წრეებში ეს პრობლემები დამუშავებულია და ცნობილია ის, თუ რისი გაკეთებაა საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად.

სამწუხაროდ, ხელისუფლება ყოველ ჯერზე ჯიუტად სირაქლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებს. მას არ უნდა შეიმჩნიოს პრობლემა, რომელიც მას პოლიტიკურ ჭაობში მიაქანებს. ამასობაში კი, ყოველი ახალი ტრაგედია საზოგადოების თვალში სისტემისადმი უნდობლობას აასმაგებს. ამის გამო მმართველ პარტიას ადრე თუ გვიან პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG