„ოფსაიდი“
(2006. რეჟ. ჯაფარ პანაჰი, ირანი)
გარდაიცვალა ირანელი ქალი, რომელმაც ათი დღის წინ თავი დაიწვა, მას შემდეგ, რაც სტადიონზე არ შეუშვეს საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად.
ამ ადამიანის, საჰარ ხოდაიარის თვითმკვლელობის ამბავი გავიგე თუ არა, მაშინვე ჯაფარ პანაჰის ფილმი ”ოფსაიდი” გამახსენდა. გამიკვირდა, დიდი ირანელი რეჟისორის ეს ნაკლებად ცნობილი სურათი ქართულ ინტერნეტში რომ აღმოვაჩინე ინგლისური სუბტიტრებით.
ისე არ ვიცი, რატომ არაა ”ოფსაიდი” მაინც და მაინც პოპულარული ჩვენში (პანაჰის სხვა ფილმებთან შედარებით) - ჯერ ერთი, ირანელი რეჟისორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება, ”ოფსაიდი” ბერლინის 2006 წლის კინოფესტივალის ”ვერცხლის დათვით” აღინიშნა (მე თუ მკითხავ საერთოდ. ”ოქროს დათვს” იმსახურებდა), მერე კი მსოფლიო მოიარა. ”ოფსაიდის” მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა პრემიერიდან 3 წლის შემდეგ, როცა ჯაფარ პანაჰი ”ანტისახელმწიფოებრივ აქციებში” მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. სხვათა შორის, ირანელმა რეჟისორმა მოახერხა და შემდეგი ფილმი (მრავალმნიშვნელოვანი სათაურით ”ეს ფილმი არაა”) ისე დაასრულა, რომ სახლიდან არ გამოსულა... ამის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ რეჟისორს ქვეყნის შიგნით გადაადგილების საშუალება მისაცა. პანაჰიმ ახალი ფილმებიც გადაიღო, თუმცა იმ ბუნებრივობას,სისადავეს, შეზავებულსმწარე იუმორით, ”ოფსაიდისთვის” რომაა დამახასიათებელი, მან სხვა ფილმებში ვეღარ მიაღწია. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ”ოფსაიდის” გმირები ბავშვები არიან.
მოგეხსენებათ, ირანულ კინოში სქესთა შორის ურთიერთობის ასახვა ცენზურის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ხდება. რეჟისორების უმრავლესობა გრძნობს უხერხულობას, რომელსაც არა მარტო ინტიმური ურთიერთობების აკრძალვა ქმნის. ირანულ კინოს პრობლემა ექმნება ქალის ჩვენებისას ოჯახში, საწოლ ოთახში, სამზარეულოში, აბაზანაში; ჰიჯაბის სავალდებულო ტარებამ, რომელიც ისლამურმა რევოლუციამ დააკანონა, მთლიანად შეუცვალა იერი ირანული ფილმების გამოსახულებას; თავსაბურავმა ქალის სახეზე ფაქტობრივად გადაფარა კინოხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მოდელი - ახლო ხედი სახეზე. კადრში გაჩნდა ახალი ჩარჩო - ჰიჯაბი, რომელსაც ირანელი ქალი, როგორც წესი, სახლში შესვლისთანავე იხსნის. მაგრამ კინოში მაყურებელი იძულებულია უყუროს თავსაბურიან ქალს საწოლ ოთახში, ლოგინში, აბაზანაში. თუკი თეატრი, თავისი პირობითი ენით,თავსაბურავს რაღაცნაირად გაათამაშებდა, კინო ვერ იტანს ასეთ ხელოვნურობას. მაყურებელი მაშინვე ამჩნევს, რომ ატყუებენ - ირანელი ქალები ასე არ ცხოვრობენ! ეს იცის პირველ რიგში თავად ირანელმა მაყურებელმა.
სიყალბის თავიდან ასაცილებლად ირანელმა რეჟისორებმა გამოსავალს მიაგნეს - ისინი საერთოდ მოერიდნენ ქალის ჩვენებას ინტერიერებში და ნატურაზე გადაღებას მიანიჭეს უპირატესობა. გარდა ამისა დიდი ყურადღება დაუთმეს საბავშვო კინოს განვითარებას.სწორედ ბავშვი გადაიქცა ირანული კინოსთვის თავისუფლების, ბუნებრივობის, უშუალობის გამოხატულებად და ”ჩამოფარებული”, დამალული რეალობის ერთგვარ ალტერნატივად. ბავშვები არა მარტო ფორმალურად აცოცხლებენ შეიძლება ითქვას ცენზურისგან დატყვევებულ ირანულ კინოხელოვნებას, არამედ ცვლიან ამ ფილმების შინაარსსაც - ბავშვს კანონების დარღვევა თითქმის ყველა ქვეყანაში ეპატიება. მათ შორის ირანში.
ირანში ქალებს აკრძალული აქვთ ფეხბურთის მატჩზე დასწრება. არადა ფეხბურთი რომ ძალიან უყვართ ამაში შარშან ყველა დარწმუნდა, როცა ხელისუფლებამ დროებით გააუქმა ეს კანონი და ქალებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე, სტადიონებზე შესვლის უფლება მისცა. დროებით მინიჭებულმა თავისუფლებამ კი ასე იცის - მერე ძნელი ხდება მასთან განშორება. საჰარ ხოდაიარი წელს, შეზღუდვის აღდგენის შემდეგ დააპატიმრეს - საყვარელ გუნდს გულშემატკივრობდა და სტადიონზე არ შეუშვეს. ახლა მისი და ამტკიცებს, თურმე, ბიოპოლარული აშლილობა ჰქონდაო. მაგრამ ჩვენ, ვისაც ავტორიტარულ რეჟიმებში გვიცხოვრია, ხომ კარგად ვიცით, რას აბრალებენ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის თავს წირავენ - სიგიჟეს, ფსიქიკურ აშლილობას.
მხოლოდ ბავშვებსარ აბრალებენ.
”ოფსაიდის” გმირები, ბიჭებად გადაცმული გოგონები, რომლებიც საჰარ ხოდაიარის მსგავსად ფეხბურთის ფანები არიან,მაინც ახერხებენ სტადიონზე შეღწევას. სხვათა შორის, ესეც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია - ირანი ბაჰრეინს ეთამაშება (შეღუდვა იმხანად მკაცრად მოქმედებდა). გოგონებს აპატიმრებენ, მაგრამ დაცვა სიმპათიას ვერ დამალავს ბავშვების მიმართ - ეს რა მაგარი გოგოები არიან,როგორ ჰყვარებიათ ფეხბურთი! ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ერთმა ირანელმა ჟურნალისტმა გვთხოვა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები, რომლებიც გოგონებს აპატიმრებენ, პროვინციელები არიან, თავად გოგონები კი თეირანელები. ჯარისკაცებს კანონების მაინც და მაინც არ ესმით, მაინც და მაინც ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება ხელისუფლებამ (ასევე ქვეყნის სულიერმა ლიდერმა) აუკრძალოს ქალებს ფეხბურთის მატჩზე დასწრება. ვერ ხვდებიან, არ იციან, მაგრამ კანონს მაინც იცავენ. სწორედ ამ ”უბრალო ხალხის” იმედადაა ხოლმე ძალადობრივი სისტემა, რეჟიმი. და არა მარტო ირანში. თითქმის ყველგან.
პანაჰის პოლიტიკურად მწვავე ფილმი ნელ-ნელა გადაიქცევა სოციალურ კომედიად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სწორხაზოვან პუბლიცისტიკად. ძალიან სასაცილოა, მაგალითად, ეპიზოდი, როცა გოგონები გულუბრყვილოდ კითხულობენ ”რატომ დართეს ნება მაშინ იაპონელ ტურისტ ქალებს, დასწრებოდნენ იაპონია-ირანის მატჩს თეირანის სტადიონზე?”... პოლიციის სერჟანტის პასუხი ღიმილს იწვევს, მაგრამ თანამედროვე ირანის რეალობას თუ გავიხსენებთ, სავსებით ლოგიკურია: ”იაპონელებს ხომ ჩვენი ენა არ ესმით?”
”ოფსაიდის” ხანგრძლივობა ზუსტად ემთხვევა რეალურ დროს - საათნახევარია. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არაფერია შეკრეჭილი და გამოტოვებული; დროც რეალურია და სივრცეც (წარმოდგენილი გრძელი ხედებით და ღრმა ფოკუსით). ამ ბავშვების ქცევაც ბუნებრივია და ბავშვების ქცევით აღფრთოვანებული უფროსებისაც. ფილმის ფინალს, ცხადია, არ გიამბობთ. უბრალოდ წინასწარ გეტყვით, რომ ფინალი გენიალურია - ხალხის ერთიანობის შესანიშნავი მხატვრული სახით. თუკი ამ გოგონებს ხვალაც ასევე ეყვარებათ თავისუფლება (ე.ი. არა მარტო ფეხბურთი), მათ შეიძლება უფრო მეტი მოითხოვონ. რომელიმე მათგანმა შეიძლება პროტესტის ნიშნად ფლეშმობი მოაწყოს სადმე, სტადიონზე და თავიც დაიწვას, მაგრამ ყველას ვერ მოკლავენ, ყველას, ვინც დღეს ”თამაშგარე მდგომარეობაშია”, ვერ უწოდებენ გიჟს და გადარეულს.
სხვათა შორის, არა მარტო ირანში.