Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლა ყველაზე სწორია თანადგომა - ფსიქოლოგები ხსნიან, როგორ ვმართოთ ემოციები 


ჯანა ჯავახიშვილი, პაპუნა ბარათაშვილი, თამარ თანდაშვილი
ჯანა ჯავახიშვილი, პაპუნა ბარათაშვილი, თამარ თანდაშვილი

„აგენტების კანონის“ ინიციირებისა და მიღების შემდეგ, რაც, დასავლელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს ევროპულ მომავალს ასამარებს, საზოგადოება დაძაბული, შეშფოთებული და გაბრაზებულია.

ვითარება სწრაფად იცვლება, შესაბამისად - ემოციებიც. როგორ უნდა გავუმკლავდეთ სტრესს, რომლის წყაროც პოლიტიკური მოვლენებია? რადიო თავისუფლება ამ თემაზე ფსიქოლოგებს ესაუბრა.

თამარ თანდაშვილი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მკვლევარი. მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ადამიანის კეთილდღეობის ფსიქოლოგიური საფუძველი; პიროვნების ავტონომიისათვის საფრთხის შემცველი სოციალურ-კულტურული პრაქტიკა ქართულ საზოგადოებაში.

- ქალბატონო თამარ, გარდა იმ რადიკალურად საპირისპირო ემოციებისა, რომელიც ხალხს ეუფლება, აღმოჩნდა, რომ ბევრი ნაცნობი, მეგობარი, ოჯახის წევრიც კი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთს „გადაეკიდა“. ეს რაზე მიუთითებს?

- დაპირისპირება ბევრნაირია, მათ შორის ოჯახებშიც, მაგრამ ადამიანები უკვე დაიღალნენ და იმათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ, აღარ ესაუბრებიან. ეს კარგია. ახლა ბევრი იმაზე დარდობს, თუკი ეს ხელისუფლება დარჩა, ეყოფა თუ არა რესურსი, სადმე გადაიხვეწოს. როცა ასე დგას საკითხი, ვერავის მოვთხოვთ იმდენ სიბრძნეს და სიმშვიდეს, რომ სხვა აზრს მოუსმინოს. ეს აღარ არის პოლიტიკური საკითხი, ეს მათი ბედის საკითხია, მათი ცხოვრების.

ახლა ძალიან ბევრი უიმედოდ არის, იმედგაცრუებული. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბრძოლა უფრო ხანგრძლივი, ბევრფაქტორიანი უნდა იყოს. მათთვის, რაც მოხდა, მოულოდნელი არ ყოფილა და აგრძელებენ ბრძოლას.

- რა არის უიმედობასთან გამკლავების გზები?

- ამ გრძნობას ადამიანები ემტერებიან, რადგან უიმედობისას მომავალი არ ჩანს, ან თუ ჩანს, ის საშინელია და შფოთავენ. ევოლუციური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, უიმედობას თავისი დანიშნულება აქვს. ამ დროს ადამიანი მოქმედებას წყვეტს და ისვენებს. თითქმის ყველას გვეშლება ერთი რამ, არ ვაცლით თავს უიმედოდ ყოფნას და მომავლის პროგნოზირებას ვიწყებთ. მაგრამ მომავალში რა მოხდება, არ ვიცით. ამის გათვლა ძალიან რთულია. იმის მაგივრად, რომ დავაკვირდეთ ამ ემოციას, საიდან მოვიდა, რას იწვევს ჩვენში, საკუთარ თავს ვეჩხუბებით, როგორ გაბედე უიმედოდ ყოფნაო.

შენ უნდა დაუშვა, რომ ეს ემოცია შენთან მოვიდა და რაღაც დროით დარჩება. ინტუიცია გკარნახობს, მოიშორო ეს გრძნობა, რამე სხვაზე გადაიტანო ყურადღება, მაგრამ ემოცია ასე არ გადის. მიეცი ნება, დარჩეს შენთან. ასე უფრო ადვილად დაგტოვებს და ასეთ სიმძიმესაც აღარ იგრძნობ.

- მეორე მხრივ, უიმედობა ხომ გიბიძგებს, განჭვრიტო საფრთხე და დასახო გეგმა?

- ეს ემოციის გარეშეც შეიძლება გააკეთო. კარგი პროგნოზი როგორ კეთდება? შეაგროვებ ყველა იმ მასალას რაც გაქვს, მოუსმენ ექსპერტებს, ისტორიულ გამოცდილებას გადახედავ და ამის მიხედვით გააკეთებ პროგნოზს.

- რას ურჩევდით აქტივისტებს, ვინც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა საკუთარ თავზე გამოცადა ან გამოცდის?

- ეს სირთულე ორმა ფაქტორმა შეძლება დაგაძლევინოს - პირველი არის ის, რომ მათ აქვთ მიზანი, და მეორე - გვერდით მყოფი ადამიანების თანადგომა. ასევე შეიძლება, მხარდამჭერი შეხვედრები გაკეთდეს და კეთდება კიდეც თვითონ ორგანიზაციების ან აქტივისტური მოძრაობების მხრიდან.

აქცია თბილისში, 01.05.2024
აქცია თბილისში, 01.05.2024

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობს ადიქციის, ფსიქოტრავმატოლოგიისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე.

- როგორი შეიძლება იყოს ემოციურად გაწონასწორებული ადამიანის რეაქცია პოლიტიკურ პროცესებზე?

- ადამიანებს სტანდარტებს ვერ დავუწესებთ. ნორმალური რეაქციაა, დარდობდეს მომავალზე, აღშფოთდეს, გაბრაზდეს. ასეთ დროს საზოგადოება სამ ნაწილად იყოფა: მსხვერპლი, აგრესორი და მაყურებელი. მაყურებელს, როგორც წესი, ჰგონია, რომ მას არაფერი შეეხება და როდესაც გონზე მოდის, უკვე გვიანია.

ახლა ამ სიტუაციაში ყველაზე სწორი ერთმანეთის გამხნევება და ერთმანეთის გვერდით დგომაა. საზოგადოების ჯანსაღი ინსტინქტების იმედი მაქვს. რამდენი ახალგაზრდაა, რომელიც თავგანწირვით, სიყვარულით იცავს ქვეყნის მომავალს. იქნებ, რაც დაგვიბარა თავისუფლებისთვის მებრძოლმა ყველა ადამიანმა, რომელიც ამ ბრძოლას შეეწირა, ახლა ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლონ და სისრულეში მოიყვანონ. ძალიან რთული პერიოდი გველის. იმედი მაქვს, რომ სიკეთე გაიმარჯვებს, არსება მისი გრძელია, ეს ხომ ვიცით.

- ამ 33 წლის განმავლობაში ქვეყანაში იყო ნიჰილიზმი, სიტყვა სამშობლოც კი გაუფასურდა. როგორ მოხდა, რომ ამ კონტექსტში უცებ აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს ეს ფასეულობები ისევ აქვთ?

- იმიტომ, რომ თავისუფლებაში გაიზარდნენ, კი, რთულ წლებში, გაჭირვებაში, მაგრამ გაჭირვება ადამიანს პიროვნულად ზრდის. გაზულუქებული ვინც არის, მილიარდერების შვილები, იმათ არც ესმით ამ ახალგაზრდების, თუ რა სტკივათ. გაიზარდნენ იმ ოჯახებში, ვინც 9 აპრილს იდგა რუსთაველზე. თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილება თაობიდან თაობას გადაეცა. ევროპაც შემოვიდა ჩვენთან, ჩვენც გავედით ევროპაში, ნახეს, როგორ ღირსეულად ცხოვრობენ იქ.

- დაინახეს, როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეთ?

- ჭკვიანი თაობაა და შეადარეს. რუსეთი რომ კარგი იყოს, რამდენიმე ათასი რუსი საქართველოში კი არ ჩამოვიდოდა თავის გადასარჩენად. ეს ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ პროპაგანდისტულმა არხებმა საზოგადოების ნაწილი ისე მოწამლეს ამ მასონებით, შეთქმულების თეორიებით, ომის პარტიებით... წლებია საჭირო, რომ ხალხი ამ რუსული სახადისგან გამოჯანმრთელდეს.

- რა აიძულებს ადამიანს დაიჯეროს შეთქმულების თეორია, რაღაც ისეთი, რაც არც თავად უნახავს, ვერც დაადასტურებს?

- ამაზე მთელი კვლევები არსებობს. სხვისი გავლენის ქვეშ ექცევა ან საკუთარი გავლენის გავრცელება სურს, უნდა განსაკუთრებული იყოს, ზოგჯერ მიზეზი განათლების ნაკლებობაა... ხომ გახსოვთ, როგორი შეთქმულების თეორია იყო ჩიპიან პირადობებზე?! რამდენი ადამიანი შეეწირა იმას, რომ კოვიდის ვაქცინა დროულად არ გაიკეთეს?! თუ ადამიანი შეთქმულების თეორიაზე იწყებს ლაპარაკს, მასთან კამათს აზრი არა აქვს, ჯობს რეალობა საქმით დავანახვოთ.

აქცია თბილისში 13.05.2024
აქცია თბილისში 13.05.2024

პაპუნა ბარათაშვილი, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი:

- ახლანდელ პროტესტს ის ახასიათებს, რომ ხალხი ქუჩაში თავად გამოდის, რა ამოძრავებთ მათ, როცა ყოველგვარი დირექტივის გარეშე ახერხებენ თვითორგანიზებას?

- საქართველოს მთავრობამ რომ გამოაცხადოს, თქვენ ახლა ლაპარაკი ან წერა-კითხვა გეკრძალებათო, დაახლოებით ასეთი რამ არის ხალხისთვის რუსეთში დაბრუნება. მთავრობა კი ამბობს, ეს რუსული კანონი არ არისო, მაგრამ ხალხი ასე არ აღიქვამს. ამიტომაც გამოდის ისე, რომ არანაირი ლიდერი არ სჭირდება.

- ქართველებს ხომ მუდმივად ჰქონდათ მხსნელის, ლიდერის, მეფის მოლოდინი - ეს ტენდენცია გადაფასდა?

- ქართული დამოკიდებულება ბატონისადმი, რა თქმა უნდა, ჩვენში იყო, მაგრამ ეს კიდევ სხვაა. საბჭოთა კავშირში ისინი, ვინც აზროვნებდნენ და ბატონი არ სჭირდებოდათ, გაანადგურეს. შექმნეს ახალი ინტელიგენცია, რომლისთვისაც რუსეთი და სტალინი სასიცოცხლოდ აუცილებელი გახლდათ. აქედან წამოვიდა ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთი არასოდეს დამარცხდება, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მამა-მარჩენალი, რომელიც მოვა და სიტუაციას შეცვლის. ახალი თაობა ცოტა სხვანაირ ოჯახებში გაიზარდა. მათი ღირებულებები სხვანაირია, ევროპული.

- ბევრ ოჯახს საქართველოში ერთი წევრი მაინც ჰყავს ემიგრაციაში, ამავე დროს, არსებობს ხალხი, რომელიც წლები ცხოვრობდა ევროპასა და ამერიკაში და არ მოსწონთ დასავლეთი. რა აყალიბებს ამ განსხვავებულ ხედვას?

- ამერიკაში შეიძლება რაღაც არ მომწონდეს, მაგრამ იქ თუ ვჩერდები, ესე იგი, იქ ჯობს. მეც არ მომწონს რაღაცეები ესპანეთში, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ესპანეთი არ ვარგა.

ეს წარმოდგენა „დასავლეთი ცუდია“ არის შეკერილი მითი, რომელსაც ადამიანი, ვფიქრობ, „იძულებული ხდება“, დაეთანხმოს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და მასთან ეკონომიკური ურთიერთობის გარეშე არაფერი გამოვა, ევროპას კი არ ვჭირდებით, ის ამ აზრებს „გადააბამს“ აზრს, რომ დასავლეთი ცუდია.

- ანუ თავს აჯერებს?

- რა თქმა უნდა, ეს არის რაციონალიზაცია იმისა, რომ „ჩემი არჩევანი სწორია“, მთავრობის მხრიდან კი ეს არის პიარი.

- რა ეშლება ხოლმე ავტორიტარულ რეჟიმს?

- ავტორიტარული წყობა ყველგან არ გამოდის, ის კულტურაზე უნდა იყოს დამყარებული. რატომ ვერ ერთიანდებოდა საქართველო დიდი ხნის განმავლობაში? იმიტომ, რომ როგორც კი ვინმეს საშუალება მიეცემოდა, მაშინვე გამოცალკევდებოდა და თავის მეფეს სვამდა. თუმცა, ყველა ერთმანეთს ეთანხმებოდა, რომ საქართველო საქართველოა. საქართველოში ავტორიტარიზმი ძალიან რთულად თუ გამოვა, უფრო მცირე ჯგუფებში, სადაც ლიდერთან პირდაპირი შეხება გაქვს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG