Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაიკითხოს გიორგი გახარია სასამართლოს წინაშე" - უშედეგო მოთხოვნა


24 სექტემბერს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა 20-21 ივნისის აქციის მონაწილე 4 პირის [ბეჟან ლორთქიფანიძის, მორის მაჩალიკაშვილის, გოგი ქურდოვანიძის, ილია მემანიშვილის] საქმე, უარი თქვა დაცვის მხარის მოთხოვნაზე შეწყვეტილიყო მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმე არსებით განხილვას გადასცა. მომდევნო სასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს ჩაინიშნა.

“დაიკითხოს გიორგი გახარია”

სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე გაისმა დაცვის მხარის მოთხოვნა, დასაკითხი პირების სიას დამატებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, როგორც მნიშვნელოვანი მოწმე, რომელმაც არაერთხელ თქვა სატელევიზიო გამოსვლებში, რომ თვითონ იღებდა 20-21 ივნისის ღამეს მომხდარ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას. ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატები ითხოვდნენ გიორგი გახარიასა და შინაგან საქმეთა მინისტრობისას მისი მოადგილეების, ნათია მეზვრიშვილის, ნინო ჯავახაძისა და კახაბერ საბანაძის, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის, მოწმეების სახით დაკითხვას სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვისას.

“თუ ამ დარბაზში ვინმე ფიქრობს, რომ გახარიას არ აქვს შემხებლობა 20 ივნისის ღამესთან, ის ან ბრიყვია, ან ფარისეველი”, - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო სხდომაზე.

“აქციამ კანონიერი სახე როდის დაკარგა, ამაზე როგორ ვიმსჯელოთ? დოკუმენტი მაინც გვიჩვენეთ, საქმეზე დართული, სადაც ეს წერია. ამის საჩვენებლად საჭიროა ამ ხალხის გამოკითხვა”, - ითხოვდა გიორგი გელხაური.

“ვინც მოხვდება სასამართლოში, მას ჰგონია, რომ სასამართლო ემორჩილება მას. ვინც მოხვდება პროკურატურაში, მას ჰგონია, რომ პროკურატურა ემორჩილება მას. სინამდვილეში, ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. სასამართლოც და პროკურატურაც უნდა იყოს ხალხის სამსახურში. საზოგადოებას და სახელმწიფოს შორის ქმნით უფსკრულს და ამ უფსკრულში ყოველთვის საჯარო მოხელეები იჩეხებიან ხოლმე. თუ არ იქნებით გაბედული, ბატონო მოსამართლევ, მაშინ არ გვჭირდები, ბატონო მოსამართლევ, მშვენიერი ქალაბტონი კი ბრძანდებით”, - ასე მიმართა ადვოკატმა თემურ მაჭარაშვილმა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს.

მოსამართლეს დაახლოებით 2-საათიანი სასამართლო სხდომის დროს ადვოკატებმა არაერთხელ მოუწოდეს, არ შეესრულებინა დაკვეთა, რომელიც მის მიმართ არსებობდა და ამ ისტორიულ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.

“თქვენი გადაწყვეტილება იმოქმედებს თქვენზე და ამ მართლმსაჯულების სახეზე, რომელიც ახლა მომართულია იმისკენ, რომ გახარიას ჩამორეცხოს სისხლი”.

“თქვენს უკან დგას თემიდა, რომელსაც თვალები აქვს ახვეული იმისთვის, რომ მიუკერძოებელი იყოს. თქვენ გაქვთ თვალები ახვეული იმისთვის, რომ სიმართლე ვერ დაინახოთ”.

“ამ საქმეზე მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება და ეს იქნება ნამდვილად ძალიან მტკივნეული და მკაცრი და როცა თქვენი პასუხისმგებლობა დადგება, ის ხალხი, ვის დავალებასაც ახლა ასრულებთ, მიგატოვებთ და დაგჭირდებათ, რომ ჩვენ დაგიცვათ, მაგრამ გაგვიჭირდება, იმიტომ რომ წითელი ხაზები გადაკვეთეთ”.

“პროფესიული კი არა, ადამიანური ღირსებაც კი არ გაგაჩნიათ. თქვენ შეგიძლიათ გამაძევოთ იმ ყველაფრის მერე, რასაც მე აქ ვამბობ, მაგრამ იცით, რომ მართალი ვარ”.

ეს არის ფრაგმენტები ადვოკატების გამოსვლებიდან, რომლებმაც სასამართლო პროცესს არაერთხელ უწოდეს ფარსი. მათ ასევე არაერთხელ აღნიშნეს, რომ სასამართლო ბრალდების მხარე ორმაგი სტანდარტით იქცევა, მაშინ როცა ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებული 4 ადამიანიდან ერთისთვის აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს თვლის საკმარისად, დანარჩენი სამი კი წინასწარ პატიმრობაში ჰყავს.

დაცვის მხარე ამბობდა იმასაც, რომ სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ვინმეს გასამართლებისთვის საჭიროა ამავე მუხლის პირველი ნაწილი მიესადაგებოდეს დამნაშავეების ქმედებას.

225-ე მუხლი კი, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას მოიცავს, ასე გამოიყურება:

1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.“

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით პირთა დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გავრილოვის ღამიდან“ ორიოდე კვირაში, ივლისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო.

  • ვინ არიან ბრალდებულები, რომელთა საქმეც 24 სექტემბერს განიხილებოდა?

  • რას ედავება მათ გამოძიება?

  • რას ამბობენ თავად ბრალდებულები, მათი ადვოკატები და ოჯახის წევრები?

#1 ბეჟან ლორთქიფანიძე, 44 წლის

ბრალდების მხარე ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას.

ბეჟან ლორთქიფანიძე, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, „ნაკრესის“, გამგეობის წევრი და კონსერვაციის პროგრამის დირექტორი, 25 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. 10 აგვისტოს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. დაცვის მხარე ამბობს, რომ იმ მიმართულებით, სადაც ლორთქიფანიძე იდგა, პოლიციელები რეზინის ტყვიას ისროდნენ, გვერდით კი სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პირები აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონისკენ მიათრევდნენ. ლორთქიფანიძემ ფარი იმის გამო ჩაიგდო ხელში, რომ თავი დაეცვა რეზინის ტყვიებისგან.

“რამდენჯერმე მოვიწამლე კიდეც და მერე, როცა სროლა ატყდა, ავიღე ფარი, რომ დამეცვა თავი და შევეცადე პროტესტის გამომხატველი ხალხი დამეცვა. ასე აღმოვჩნდი იმ ადგილას, რომელიც კამერებს აქვს დაფიქსირებული. დიდი ხნის განმავლობაში ვიდექით ასე ფარით. ამ დროს ისროდნენ რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს. მიუხედავად ამისა, ვიდექით წყნარად”, - ასე იხსენებს თვითონ ბეჟან ლორთქიფანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აქციის ღამეს.

#2 მორის მაჩალიკაშვილი, 26 წლის

ბრალდების მხარის თქმით, მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებით დაესხა თავს სამართალდამცველებს და აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში.

მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია. ის, უკვე წელიწადზე მეტია, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ბიძასთან ერთად არის. 20 ივნისის ღამესაც მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად იყო და, როგორც ის ამბობს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვინ იყო გავრილოვი ან რატომ ტარდებოდა ეს აქცია რუსთაველზე. ის ხალხის მასაში ბიძას იცავდა და ცდილობდა მის გამორიდებას ტერიტორიიდან.

მორის მაჩალიკაშვილი საავადმყოფოსთან დააკავეს, სადაც ის დაზიანებული ხელის სამკურნალოდ იყო მისული. მისმა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქმეში ძირითადად მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებია და ისინი მორის მაჩალიკაშვილის დამნაშავეობას ვერ ადასტურებს.

#3 გოგი ქურდოვანიძე, 43 წლის

ბრალდების მხარე მას ძალის გამოყენებით სამართალდამცველებზე თავდასხმასა და სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას ედავება.

გოგი ქურდოვანიძე თვითდასაქმებულია, დაკავებამდე მუშაობდა ტაქსის მძღოლად.

#4 ილია მემანიშვილი, 47 წლის

ბრალდების მხარე ამბობს, რომ ის ინტენსიურად ძალადობდა სამართალდამცველებზე.

მემანიშვილი ბაღდათიდან არის. მისი ადვოკატისა და ოჯახის წევრების თქმით, ამ დღეს მას შვილიშვილი შეეძინა. აქციაზეც მას შემდეგ მოხვდა, რაც ახლად დაბადებული შვილიშვილი ნახა.

20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

XS
SM
MD
LG