Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები მოშიმშილე აზერბაიჯანელი ბლოგერის გათავისუფლებას მოითხოვენ


მეჰმან ჰუსეინოვი
მეჰმან ჰუსეინოვი

აზერბაიჯანის მედიის უფლებების დამცველი ჯგუფი შეემატა იმ ორგანიზაციების სიას, რომლებიც მთავრობისგან ითხოვენ, გაათავისუფლოს მოშიმშილე ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი. მას ახლახან ახალი ბრალდება წაუყენეს პატიმრობის ვადის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

26 წლის ჰუსეინოვის გათავისუფლებას ითხოვენ ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, „ჰიუმენ რაიტს უოჩი“, ადამიანის უფლებების დამცველი სხვა ორგანიზაციები და „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭო.

ჰუსეინოვი 13 დღის განმავლობაში შიმშილობს მაშინ, როცა, მისი ადვოკატის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ახალი ბრალდება შეთითხნა კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ბლოგერისა და მედიის აქტივისტის წინააღმდეგ.

რატომ არის მნიშვნელოვანი აზერბაიჯანელი ბლოგერის შიმშილობა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

„ჟურნალისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი“, რომელსაც ჰუსეინოვი ედგა ერთ დროს სათავეში, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალდება მომდინარეობს აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმის „დანაშაულებრივი და კორუმპირებული ბუნებიდან.

რამდენადაც ვიცი, მეჰმანი იღებს როგორც სითხეს, ისე საკვებს. ის არ არის მშიერი.
მეჰმან სადიგოვი

მან დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, გააუქმოს ყველა დაგეგმილი „მაღალი დონის ვიზიტი, შეხვედრა და სტრატეგიული გარიგება“ აზერბაიჯანელ პარტნიორთან და მოსთხოვა, ზეწოლა განახორციელოს ბაქოზე, რათა ჰუსეინოვმა სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ [დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას], რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს მეჰმან ჰუსეინოვის სიცოცხლის გადასარჩენად“, წერს აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაცია 6 იანვარს ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

ციხის ხელმძღვანელობამ უარყო ცნობა ჰუსეინოვის შიმშილობის თაობაზე.

„რამდენადაც ვიცი, მეჰმანი იღებს როგორც სითხეს, ისე საკვებს. ის არ არის მშიერი,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას პენიტენციური უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მეჰმან სადიგოვმა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი „დაუყოვნებლივ“ ნახულობს პატიმრებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

ის ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს შიმშილობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელშიც ამჟამად იმყოფება.
შაჰლა ჰუმბათოვა

ჰუსეინოვი უკვე იხდის ორწლიან პატიმრობას მას შემდეგ, რაც მას ცილისწამების ბრალდების მუხლით გამოუტანეს განაჩენი იმის გამო, რომ, მისი თქმით, 2017 წლის იანვარში პოლიციამ მის მიმართ ძალადობა განახორციელა. მანამდე რამდენიმე კვირით ადრე მან გამოაქვეყნა მდიდრული შენობების ფოტოები, რომლებიც, ჰუსეინოვის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტარებს ეკუთვნოდათ. მან ასევე გააკრიტიკა მეჰრიბან ალიევას დანიშვნა პირველ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი მეუღლის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ.

ჰუსეინოვმა უარყო ბრალდებები და მის წინააღმდეგ აღძრულ თავდაპირველ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

დეკემბრის ბოლოს, პატიმრობიდან მის გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე, ჰუსეინოვს წაუყენეს ახალი ბრალდება: „ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალის გამოყენებით, რაც საფრთხეს უქმნიდა [წარმომადგენლის] სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

შაჰლა ჰუმბათოვა
შაჰლა ჰუმბათოვა

მისი ადვოკატის, შაჰლა ჰუმბათოვას თქმით, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ჰუსეინოვს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მან რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ ახალი ბრალდების წაყენების გამო ჰუსეინოვმა 26-დან 30 დეკემბრამდე უარი თქვა სითხისა და საკვების მიღებაზე. ამის შემდეგ კი დაიწყო მხოლოდ სითხის მიღება.

„ის ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს შიმშილობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელშიც ამჟამად იმყოფება,“ თქვა ჰუმბათოვამ.

ჩვენში განგაშს იწვევს ის ფაქტი, რომ მეჰმან ჰუსეინოვმა დაიწყო შიმშილობა, როგორც მის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალება, რითიც შეუძლია პროტესტი გამოხატოს თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ.
ევროსაბჭოს წარმომადგენლები

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ალიევის მთავრობას ბრალად სდებენ სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნას კრიტიკული აზრისა და მედიის თავისუფლების შესაზღუდად.

„ჰიუმენ რაიტს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია და „ჰუმენ რაიტს უოჩის ფონდის“ უფროსი მრჩეველი ანე ტუსვიკ ბონდეც გამოვიდნენ ჰუსეინოვის გათავისუფლებისა და ახალი ბრალდების მოხსნის მოწოდებით.

„სამწუხაროდ, არსებობს გამართლებული საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ახალი ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად არის მოტივირებული და აშკარად ისახავს მიზნად, მომავალშიც ჩააჩუმოს ადამიანის უფლებების გამოჩენილი დამცველი, რომელსაც პოლიტიკურ პატიმრად მივიჩნევთ,“ განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორაპორტიორებმა აზერბაიჯანის მონიტორინგის საკითხებში, სერ როჯერ გეილმა დიდი ბრიტანეთიდან და შტეფან შენახმა ავსტრიიდან.

„მეტიც, ჩვენში განგაშს იწვევს ის ფაქტი, რომ მეჰმან ჰუსეინოვმა დაიწყო შიმშილობა, როგორც მის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალება, რითიც შეუძლია პროტესტი გამოხატოს თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მისი საქმე აბსოლუტური პრიორიტეტის სახით განიხილოს,“ ვკითხულობთ მათ მიერ 5 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეჰმან გალანდაროვი
მეჰმან გალანდაროვი

ჰუსეინოვის საქმე მოგვაგონებს ბლოგერ მეჰმან გალანდაროვს, რომელიც 2017 წლის აპრილში გარდაიცვალა აზერბაიჯანის ციხეში მას შემდეგ, რაც ის ნარკოტიკების ტრეფიკინგის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც უფლებადამცველები შეთითხნილ ბრალდებად მიიჩნევენ.

გალანდაროვმა - მთავრობის კრიტიკოსმა, რომელიც არაერთხელ გამოსულა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით - ოფიციალური ვერსიით, თავი ჩამოიხრჩო. თუმცა აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მისი სიკვდილის გარემოებები ერთობ საეჭვოა.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის დეკემბრის ანგარიშში აზერბაიჯანი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ყველაზე უფრო მოურიდებლად იყენებენ დაპატიმრებას.

XS
SM
MD
LG