ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა. მას გზის გადაკეტვას 27 დეკემბერს ედავებოდნენ, ამიტომ 10 თებერვალს ჯერ კიდევ ძველი კანონით გაასამართლეს. ახლა ჯარიმა ათჯერ მეტია. მაგალითად, 26 იანვარს გზის გადაკეტვისთვის აქტივისტი ნენსი ვოლანდი 5000 ლარით დაჯარიმდა.
ნენსიმ სასამართლოზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მარშს მიჰყვა. ხალხის ნაკადის გამოჩენისას ტროტუარზე შეკრებილები სავალ ნაწილზე გადავიდნენ და გზა ბუნებრივად გადაიკეტა.
ვაჟა გაფრინდაშვილიც ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც გზის გადაკეტვას ედავებიან, „მაკდონალდში“ იჯდა. აქციაზე როცა მივიდა, ხალხი უკვე რუსთაველის გამზირზე იდგა.
სასამართლოსთვის ეს არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა. მსგავსი საქმეების განხილვისას მოსამართლეები ადგენენ, რომ თუ ტროტუარები მეტ-ნაკლებად თავისუფალია და აქციის მონაწილე გზის სავალ ნაწილზე დგას, ის უნდა დაჯარიმდეს. მნიშვნელობა არა აქვს, უშუალოდ მოქალაქემ გადაკეტა გზა თუ გადაკეტილზე მივიდა.
უკვე ორ თვეზე მეტია რუსთაველის გამზირი ყოველდღე იკეტება. ირგვლივ დაყენებული ათობით კამერით აქციის მონაწილეების ვინაობას ადგენენ და ან სასამართლოში იბარებენ, ან პირდაპირ სახლში უგზავნიან ჯარიმებს.
ნენსი ვოლანდი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. ვაჟა გაფრინდაშვილიც ამბობს, რომ „ამ საქმეს სტრასბურგამდე მიჰყვება“.
გზის გადაკეტვას ედავებიან პოლიტიკოს გიგი უგულავასაც. ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს - „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, ხელს არ შევუწყობ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „ფინანსურ ტერორს“ უწყობს მოსახლეობასო.
„ხელისუფლებაში რომ მოვიდა, თითო სოფელს 5 მილიონს ჰპირდებოდა და ახლა ხუთიათასიან ჯარიმებს უწერს საკუთარ მოსახლეობას. შეცვალეს კანონი. სასამართლო ისედაც ნომინალური იყო და ახლა საერთოდ, ბოდიში და, „პივის ჩეკივით“ გაძლევს ჯარიმას და მერე თუ გინდა გაასაჩივრე... მარტო რუსთაველი რომ ავიღოთ, 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე 600 კაცამდეა იდენტიფიცირებული და მათზე აპირებენ 5000 ლარი გამოწერონ, რაც დაახლოებით არის 3 მილიონი ლარი... სხვებს არ ვავალდებულებ, მაგრამ მე არ ვაპირებ არანაირი უკანონო, უსინდისო ჯარიმის გადახდას, არ ვაპირებ და წერტილი“, - თქვა პოლიტიკოსმა.
ჯარიმებს არც ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა იხდის. მას სხვადასხვა დარღვევის გამო იანვარში 14 ათასი ლარი ჰქონდა გადასახდელი.
„სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, ამ კანონს ვუცხადებ დაუმორჩილებლობას და ყოველდღე „ბალაკლავით“ ვარ, თუმცა პოლიცია დღეგამოშვებით მაჯარიმებს“, - ამბობს ის.
რა ხდება მაშინ, თუ მოქალაქე ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს? კანონის დეტალები რადიო თავისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა შორენა ლოლაძემ განუმარტა.
თუ მოქალაქეს აჯარიმებს სასამართლო, მან ჯარიმა დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღეში უნდა გადაიხადოს. გასაჩივრება შეუძლია სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ საჩივარი გადახდის ვადას არ აჩერებს.
თუ პირდაპირ პოლიციამ დააჯარიმა (ასე ხდება 6 თებერვლის შემდეგ მიღებული ცვლილებებით), მოქალაქეს გასაჩივრება შეუძლია ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ - სასამართლოში. ამ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია, ჯარიმა მხოლოდ მაშინ გადაიხადოს, როდესაც სასამართლოში საქმის განხილვა დასრულება. თუ დაჯარიმებული არ გაასაჩივრებს დაკისრებულ ჯარიმას, მაშინ მისი გადახდა 30 დღის განმავლობაში მოუწევს.
თუ სააპელაციო სასამართლომ დაჯარიმებული გაამართლა, თანხა დაუბრუნდება. თუ არ გაამართლა, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება მას უკვე აღარ აქვს.
დაჯარიმებულს შეუძლია მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვას წლები სჭირდება, თან გასაჩივრება თანხის გადახდის ვალდებულებას არ შეაჩერებს.
კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ უკვე გადახდილი ჯარიმები უკან დაიბრუნონ, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომ დაჯარიმებულები ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი გახდნენ.
თუ დაჯარიმებული ჯარიმას არ იხდის, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია მას ქონება დაუყადაღოს.
ყველაზე მარტივი არის საბანკო ანგარიშის დაყადაღება და თანხის ჩამოჭრა.
სახელმწიფო ჯარიმის თანხას შეიძლება მისწვდეს დაჯარიმებულის უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვითაც. ამოღებული თანხიდან ჯარიმის ეკვივალენტ თანხას სახელმწიფო დაიტოვებს, დანარჩენი კი, მესაკუთრეს დაუბრუნდება. მაგალითად, თუ ადამიანს 5-ათასლარიანი ჯარიმის გამო გაუყიდეს მანქანა, რომელიც 6 ათასი ლარი ღირს, 5 ათასი ლარი სახელმწიფოს დარჩება, ათასი - მესაკუთრეს.
არსებობს იმის ალბათობაც, რომ დაყადაღდეს ბინაც ან ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. აღსრულების რომელი ღონისძიებაა უფრო ეფექტური, აღმასრულებელი თავად წყვეტს საქმის გარემოებების, ჯარიმის ოდენობისა და დაჯარიმებულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ დაჯარიმებულს არც ანგარიში აქვს, არც რამე უძრავი ქონება, აღმასრულებელი შეიძლება მივიდეს იმ სახლში, რომელშიც ის არის ჩაწერილი და ჯარიმის ღირებულების ნივთები დააყადაღოს, მაგალითად, ტელევიზორი, მაცივარი, ავეჯი.
თუ ამ სახლში სხვაც ცხოვრობს და ამბობს, რომ ეს ნივთები მისია, სასამართლოს უნდა მიმართოს და დაამტკიცოს, რომ ნივთი ნამდვილად მას ეკუთვნის და არა - დაჯარიმებულს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მონაცემებით, 7 თებერვლისთვის ადმინისტრაციული სამართლის საქმის წარმოება 1600 ადამიანზე მეტს შეეხო. ამ დროისთვის დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 600 ათასს აჭარბებს.
ფორუმი